საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№513აპ-18 ქ. თბილისი
კ-ე ი, 513აპ-18 9 მარტი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილისა და მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. კ-ეს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალად დაედო ხულიგნობა, ე.ი. ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის - იანვარს, დაახლოებით - საათზე, ი. კ-ე ავტომანქანით მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან კორპუსის მიმდებარედ, სადაც კუთვნილი ავტოფარეხის წინ შენიშნა მეზობლად მცხოვრები ი. თ-ის მამის – ა. თ-ის მიკროავტობუსი, რომლითაც ჩაკეტილი იყო ფარეხში შესასვლელი გზა. ამის გამო ი. კ-ე ხმოვანი, უწყვეტი სიგნალით შეეცადა, მოეხმო მიკროავტობუსის მძღოლი. ი. თ-ე მალევე მივიდა ავტომანქანასთან და სცადა მანქანის სხვა ადგილას გაჩერება, თუმცა ი. კ-ემ, რომელიც გაღიზიანებული იყო მომხდარით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას, შემდეგ კი დაიწყო ხმამაღლა გინება, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მყუდროება. ხმაურზე შეკრებილი მოსახლეობა – მეზობლები მოუწოდებდნენ ი. კ-ეს სიმშვიდისაკენ, თუმცა იგი არ წყნარდებოდა, მათ მიმართ გამოხატავდა აშკარა უპატივცემულობას და აგრძელებდა უმისამართო გინებას. ამავდროულად მან ავტომანქანიდან ამოიღო „ჩეზე-ს“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა იგი საბრძოლო მდგომარეობაში და მისი გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ი. თ-ეს, შემდეგ კი იარაღის ტარის ჩარტყმით თავში მიაყენა დაზიანება. ი. კ-ის ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთს, რაც აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა და იგი დააკავეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ი. კ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლზე და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 4 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა – 4 000 ლარი.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. სასამართლომ დაადგინა, რომ ი. კ-ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2016 წლის - იანვარს, დაახლოებით - საათზე, ი. კ-ე ავტომანქანით მივიდა თავის საცხოვრებელ სახლთან. კუთვნილი ავტოფარეხის წინ შენიშნა მიკროავტობუსი, რომელსაც ჩაკეტილი ჰქონდა ავტოფარეხში შესასვლელი გზა. ამის გამო ი. კ-ე ხმოვანი, უწყვეტი სიგნალით შეეცადა, მოეხმო მიკროავტობუსის მძღოლი. ეზოში ავტომანქანის გადასაყენებლად ჩავიდა ი. თ-ე. ი. კ-ესა და ი. თ-ეს შორის, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრის მიერ ავტოფარეხში შესასვლელი გზის ჩახერგვის გამო, მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ხმამაღალ ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში. კონფლიქტში ი. კ-ემ ხელთ არსებული, მასზე რეგისტრირებული CZ 75D მოდელის ცეცხლსასროლი იარაღის ტარის ჩარტყმით ი. თ-ეს თავში მიაყენა დაზიანება.
· სამედიცინო ექსპერტიზის №--- დასკვნით, დაზიანება – შუბლის მიდამოში, მარცხნივ არსებული დაჟეჟილი ჭრილობისა და თავის ტვინის შერყევის სახით – მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა ხათუნა კუსრაშვილმა და მსჯავრდებულმა ი. კ-ემ.
7. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და ი. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
8. მსჯავრდებული ი. კ-ე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას იმ მოტივით, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში – ი. თ-საგან იცავდა საკუთარ ჯანმრთელობასა და მატერიალურ სიკეთეს.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს.
12. მოცემულ საქმეში, მართალია, დანაშაული ჩადენილია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ შემთხვევის ადგილზე ი. კ-ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მხოლოდ ი. თ-ეს. მას კორპუსის მცხოვრებლებისათვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია (რაც დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მეზობლების ჩვენებებით), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა საზოგადოებასთან დაპირისპირების სურვილი, საზოგადოებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება და მისი მოქმედება მიმართული იყო მხოლოდ ი. თ-საკენ.
13. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულის ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ხულიგნობის შემადგენლობის არსებობაზე მსჯელობისათვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. №109აპ-10, №207აპ-08).
14. საკასაციო პალატის აზრით, ასევე უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მოთხოვნა მისი გამართლების თაობაზე. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ე. ი. ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას). სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები გამორიცხავს ი. კ-ის მიერ წარმოდგენილი ვერსიის – აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის – საფუძვლიანობას.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხათუნა კუსრაშვილისა და მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე