საკასაციო საჩივარი

სისხლის სამართლის
საქმის ნომერი
2კ-812აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002928076

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№812აპ-19 ქ. თბილისი

დ. ო., 812აპ-19 20 მარტი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. დ-ს ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო. დ-ს ადვოკატმა, ვ. მ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

2. კასატორის მოსაზრებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გამომძიებლები, რომლებმაც ო. დ-ს საქმეზე მტკიცებულებები მოიპოვეს/პროცესუალურად დაამაგრეს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რაც ამ მტკიცებულებების დაუშვებლობის საფუძველია; გამოძიებისას დაირღვა დაცვის უფლება, ვინაიდან ო. დ-ს დაკავებისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობით გამოძიებას უნდა ევარაუდა, რომ ჩადენილი იყო ისეთი ქმედება, რომლისთვისაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სავალდებულო დაცვას ექვემდებარება; მსჯავრდება დაფუძნებულია ძირითადად პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენით ო. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა ამავე კანონით გათვალისწინებული უფლებები.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ო. დ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდ იოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატაშემდეგში:

20.. წლის .. თებერვალს, 15:55 საათზე, ... მიმდებარე ტერიტორიაზე, ო. დ. პირადად, ქურთუკის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, მორფინს (ფუძე), კოდეინს (ფუძე), თებაინს, ასევე 2019 წლის 27 თებერვალს მას საცხოვრებელ სახლში, ..., უკანონოდ შენახული ჰქონდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მორფინი (ფუძე), კოდეინი (ფუძე), თებაინი. ჯამურად ო. დ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, საერთო ოდენობით 11,1531 გრამი ჰეროინი, 1,5909 გრამი მორფინი, 2,8408 გრამი კოდეინი, 1,4203 გრამი თებაინი.

4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ო. დ-მ და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ო. დ-ს საქმეზე მტკიცებულებები მოიპოვეს არაუფლებამოსილმა პირებმა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. გამოძიების მიზანი კი არის სწორედ დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების შეგროვება. დადგენილია, რომ ო. დ-ს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, რომლის გამომძიებლები მონაწილეობდნენ მტკიცებულებების მოპოვებასა და მათ საპროცესო დამაგრებაში და არ არსებობს სამხილების დაუშვებლობის ობიექტური საფუძველი; რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას ო. დ-ს სავალდებულო დაცვის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, პროცესის მწარმოებელი ორგანოს მიერ შეუძლებელი იყო იმის განჭვრეტა, რომ მსჯავრდებულის პირადი და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები იყო ნარკოტიკული საშუალებები და მითუფრო - მათი ოდენობების ზუსტად დადგენა, რამაც განაპირობა მოგვიანებით დანაშაულის კვალიფიკაციის დამძიმება. ამასთან, საყურადღებოა, რომ ო. დ. შეთანხმებით ადვოკატის მომსახურებით სარგებლობდა როგორც ბრალის წარდგენისას, ასევე სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების შერჩევის დროს. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც ამხელენ ო. დ-ს დანაშაულის ჩადენაში, ურთიერთსაწინააღმდეგოა და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის უპირობოდ მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები ცალსახად ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით მოწმეები იძლევიან თანმიმდევრულ და ამომწურავ ჩვენებებს. ამასთან, რაიმე სახის გარემოება, რაც მოწმეების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. ამდენად, უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნება მოწმეთა მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.

9. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ. ჯ-ს, დ. ი-ს, რ. კ-სა და ბ. კ-ს გამოკითხვის ოქმებით, ო. დ-ს პირადი და ბინის ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ო. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. დ-ს ადვოკატ ვ. მ-ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი