დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020142219700094541
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №41აგ-19 7 აპრილი, 2020 წელი
მ. კ., 41აგ-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - კ. მ-ს, მ. კ.ს, თ. თ.-ა და მათი ადვოკატის - მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - კ. მ-მ, მ. კ-მ, თ. თ-მ და მათმა ადვოკატმა მ, ჭ-მ, რომლებმაც ითხოვეს მისი გაუქმება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
2. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ განაჩენს საფუძვლად დაედო ყალბი/არარსებული მტკიცებულებები; გადასასინჯი განაჩენი გამოტანილია 2004 - 2012 წლებში მოქმედი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირთა მოთხოვნითა და დავალებით; წარმოდგენილია ახალი ფაქტი, რომელიც გამოვლინდა გადასასინჯი განაჩენის გამოტანის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს იმდროინდელი წევრის - მერაბ ტურავას საგაზეთო ინტერვიუთი ირკვევა, რომ მას ზემდგომი თანამდებობის პირები ავალებდნენ, განეხილა კ. მ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს, და სხვათა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შეტანილი საკასაციო საჩივარი და ძალაში დაეტოვებინა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გამამტყუნებელი განაჩენი.
3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით:
კ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. კ. მ-ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო -2004 წლის 4 მარტიდან 2004 წლის 27 დეკემბრამდე და მოსახდელად დარჩენილი სასჯელი, ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
თ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც ამავე კოდექსის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
იმავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ: ო. ხ-ს, მ. ყ-ს, მ. ქ-ს, ბ. ა-სა და ლ. ქ-ს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 17 მაისის განაჩენით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 2019 წლის 27 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულებმა - კ. მ-მ, მ. კ-მ, თ. თ-მ და მათმა ადვოკატმა მ. ჭ-მ, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების - კ. მ-ს, მ. კ-ს, თ. თ-სა და მათი ადვოკატის - მ. ჭ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, კერძოდ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
4. საყურადღებოა, რომ საჩივრის ავტორები არ ახდენენ იმ ნორმათა იდენტიფიცირებას, რომლებიც მიესადაგებოდა მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებებს და შესაძლოა, საფუძვლად დაედოს განაჩენის გადასინჯვას. საჩივარში გაცხადებულია მოთხოვნა, თუმცა არ არის სამართლებრივი არგუმენტაცია. გაურკვეველია, კასატორების პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის რომელი დებულება დაირღვა გასაჩივრებული განაჩენის დადგენისას. ამდენად, საკასაციო პალატა, საჩივარში გაცხადებული პრობლემების შინაარსიდან გამომდინარე, გასცემს პასუხს კასატორთა საკვანძო არგუმენტებს.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი კუმულატიურად ორი წინაპირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს: უნდა არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც უტყუარად არის დადგენილი მტკიცებულების სიყალბე და ამასთან, გადასასინჯ განაჩენს სწორედ ეს მტკიცებულება უნდა ედოს საფუძვლად. მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასასინჯი განაჩენი დაფუძნებულია გაყალბებულ ან/და არარსებულ მტკიცებულებეზე, არის მხოლოდ ეჭვი და ვარაუდი, რომელიც არ არის დადასტურებული კანონით დადგენილი წესითა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განაჩენის გადასინჯვის წინაპირობაა, ერთი მხრივ - ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, მეორე მხრივ - ეს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად უნდა ამტკიცებდეს მსჯავრდებულის უდანაშაულობას, რაც, მართლმსაჯულების შესაძლო გამრუდების თავიდან აცილებას ემსახურება. პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება იმის უტყუარად დადგენა, ჩადენილია თუ არა კონკრეტული დანაშაული. მოცემულ შემთხვევაში, გაზეთის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილ მოსამართლე მერაბ ტურავასთან, სასამართლო ვერ განიხილავს ვერც ფაქტად და ვერც მტკიცებულებად და მითუფრო, ვერ დაუდებს საფუძვლად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვას.
7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება კანონიერია, არ არსებობს მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - კ. მ-ს, მ. კ-ს, თ. თ-ს და მათი ადვოკატის მ. ჭ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.ვასაძე
მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი
მ.გაბინაშვილი