საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100117002078399
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №641აპ-19 ქ. თბილისი
პ-ი ს, 641აპ-19 15 იანვარი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ს. პ-სა და ი. თ-ს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1.2017 წლის 13 ივლისს, დღისით, ე. ა-ა და უ. ჯ-ე გაბრაზებულმა ს. პ-ა და ი. თ-ა, მათზე შურისძიების მოტივით, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ თ. ი-ს კუთვნილ ფულს (5 000 აშშ დოლარს) და იცოდნენ, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, თ-ი, კ. ა-ს ქუჩის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელ ხ. ქ-ს განუცხადეს, რომ თავიანთმა ნაცნობებმა ა-ი ეროვნების ორმა მამაკაცმა, დანის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წაართვა მათ (ი. თ-ა და ს. პ-ს) ფული, ჯამურად - 20 000 აშშ დოლარი.
1.2.ე. ა-ა და უ. ჯ-ე გაბრაზებულმა ს. პ-ა და ი. თ-ა, მათზე შურისძიების მოტივით, ვინაიდან ისინი მოტყუებით დაეუფლნენ ი. თ-ს კუთვნილ ფულს (5 000 აშშ დოლარს) და იცოდნენ, რომ მათ მოუწევდათ ზიანის ანაზღაურება, 2017 წლის 14 ივლისსა და 17 ივლისს, თ-ს რაიონის სოფელ კ-ი, თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველოს ა-ს პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობასა და ქ. თ-ი, თეთრიწყაროს შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მოწმის სტატუსით დაკითხვისას აჩვენეს, რომ თავიანთმა ნაცნობებმა ა-ი ეროვნების ორმა მამაკაცმა, კერძოდ, ე. ა-ა და უ. ჯ-ა, დანის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წაართვეს მათ (ი. თ-ა და ს. პ-ს) ფული, ჯამურად - 20 000 აშშ დოლარი.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით:
2.1. ს. პ-ი (მონაწილეობის გარეშე), - დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ს. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2.2. ი. თ-ი (მონაწილეობის გარეშე), - დაბადებული ... წლის ... იანვარს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
2.3.მსჯავრდებულებს - ი. თ-ა და ს. პ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოთ განაჩენის აღსრულების მიზნით მათი დაპატიმრების მომენტიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ი. თ-ა და ს. პ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მკაცრი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. კასატორი უთითებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ ე. ა-ა და უ. ჯ-ს არ ჩაუდენიათ ყაჩაღობა და მსჯავრდებულებმა ჯერ ცრუდ დაასმინეს დაზარალებულები, ხოლო შემდეგ კი ცრუ ჩვენება მისცეს გამოძიებას ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სასამართლომ ი. თ-ი და ს. პ-ი უდანაშაულოდ ცნო ცრუ დასმენის ნაწილში. აღნიშნული ბრალდება გამყარებული იყო: დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და პოლიციელ ხ. ქ-ს ჩვენებით, რომელსაც მსჯავრდებულებმა განუცხადეს, რომ ისინი დააყაჩაღეს აზერბაიჯანელი ეროვნების პირებმა (რომლებსაც იცნობდნენ), ე.ი მათ მიუთითეს კონკრეტულ, იდენტიფიცირებულ პირებზე, რაც არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ არ მიუთითეს დაზარალებულების სახელები და გვარები, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მათ მიმართ გამამართელებლი განაჩენის დადგენას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით (დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, პოლიციელი მოწმის - ხ. ქ-ს ჩვენებით) საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები არ იკვეთება, კერძოდ:
8. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ხ. ქ-ს ჩვენებით დგინდება, ს. პ-ა და ი. თ-ს 2017 წლის 13 ივლისს კონკრეტული პირის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე არ მიუთითებიათ. მათ ზოგადი ფორმით განაცხადეს, რომ თავიანთმა ა-მა ორმა ნაცნობმა დანის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით 20000 აშშ დოლარი წაართვა.
9. ს. პ-ა და ი. თ-ა მხოლოდ მომდევნო დღეებში (14 და 17 ივლისს), საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის დროს, დაასახელეს იმ პირთა სახელები და გვარები, რომლებმაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათი კუთვნილი თანხა გაიტაცეს (აღსანიშნავია, რომ მოცემული ქმედება ბრალდების ცალკე ეპიზოდს წარმოადგენს, რაშიც ს. პ-ი და ი. თ-ი დამნაშავედ არიან ცნობილები საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და ამ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება სადავოდ გამხდარი არ არის).
10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სიტყვა - „ნაცნობი“ (რომლითაც ზემოაღნიშნულმა პირებმა მოიხსენიეს ე.წ. „თავდამსხმელი“) ფართო მნიშვნელობისაა და გარკვეული, დამატებითი მონაცემების გარეშე როგორც წესი, შეუძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება. ამდენად, ამ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ დღეს (ე.ი 2017 წლის 13 ივლისს) კონკრეტული პირის ცრუდ დასმენა გამოკვეთილი არ არის (მსგავს საკითხზე უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე იმსჯელა N212აპ-17 გადაწყვეტილებაში).
11. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ განმცხადებელს კონკრეტული პირის დასახელების ვალდებულება არ გააჩნია, როდესაც მისთვის, ობიექტური მიზეზების გამო, შეუძლებელი იყო დამნაშავის იდენტიფიცირება (მაგალითად, ზურგიდან თავდასხმის დროს, ან სიბნელეში). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ განცხადებები დანაშაულის ჩამდენი პირის თაობაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ შეფასებას საჭიროებს.
12. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ როგორც ბრალდების შესახებ დადგენილებით ირკვევა, დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა მხოლოდ იმაში, რომ ს. პ-ა და ი. თ-ა კონკრეტულ ადგილას კონკრეტულ პოლიციელს მიაწოდეს ინფორმაცია დანაშაულის ჩადენის შესახებ, რაც ამ შემთხვევაში არასაკმარისია პირის ცრუ დასმენით მსჯავრდებისათვის, ვინაიდან 2017 წლის 13 ივლისს ზემოაღნიშნული პირები, როგორც დანაშაულის შესახებ განმცხადებლები, საქართველოს სსსკ-ის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელწერილის ჩამორთმევით გაფრთხილებულები არ ყოფილან ცრუ დასმენისათვის პასუხისმგებლობის თაობაზე.
13. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა უთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 373-ე მუხლით მსჯავრდება კუმულატიურად ორი წინაპირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს: დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენისას გამოვლენილი უნდა იყოს კონკრეტული პირისთვის დანაშაულის დაბრალების ფაქტი და დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დროს პირი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფრთხილებული უნდა იყოს ცრუ დასმენისათვის მოსალონდელი პასუხისმგებლობის შესახებ.
14. შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს გარემოება, რაც შესაძლოა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.
15. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი