შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002030069
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№642აპ.-19 16 იანვარი, 2020 წელი
კ-ე ბ, 642აპ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით ბ. კ-ე, - დაბადებული --- წლის ....- დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ბ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივნისიდან.
2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. კ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, არაერთგზის.
აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 11 ივნისის განაჩენით ბ. კ--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ პუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით. 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ზემოაღნიშნული სასჯელი ბ. კ-ეს შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად დარჩა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
მიუხედავად ამისა, ბ. კ-ემ კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ: ბ. კ-ემ თავისი ნაცნობის - ზ. მ--ნ შეიტყო, რომ მის სიდედრს - ს. ო-ე-ფ-ს სურდა თავისი კუთვნილი ,,კია ოპტიმას“ მარკის (სახ. ნომერი ------) ავტომანქანის გაყიდვა 8500 აშშ დოლარად. ბ. კ-ემ განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ ავტომანქანას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან ზ. მ-ს ბეს სახით გადაუხადა 500 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ დარჩენილ 8 000 აშშ დოლარს გადაუხდიდა 2017 წლის მარტში.
2017 წლის 24 იანვარს ს. ო-ე-ფ–ის ავტომანქანა, ბ. კ-ის მითითებით, დარეგისტრირდა ვ. ქ--ს სახელზე, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - R--------. იმავე დღეს, ბ. კ-ის მითითებით, სს „ს-ი“ აღებული სესხის - 11 700 ლარის სესხის უზრუნველსაყოფად ავტომანქანა დაიტვირთა გირავნობით. 2017 წლის მარტის შუა რიცხვებში ბ. კ-ე დაუკავშირდა ბ. ვ--ა და ბ. კ--ს და მათი მეშვეობით მ. ჩ-ნ 1 000 ლარად შეიძინა ექსპლუატაციისათვის უვარგისი ,,კია ოპტიმას“ მარკის (სახ. ნომერი O--------) ავტომანქანის ძარა. ასევე, ბ. კ-ის დავალებით, ბ. ვ-მ და ბ. კ--მ, მისგან 500-500 აშშ დოლარის მიღების სანაცვლოდ, ექსპლუატაციისათვის უვარგისი ზემოხსენებული ავტომანქანის ძარიდან, რ. ა-ს დახმარებით, ამოჭრეს საიდენტიფიკაციო ვინკოდები და ჩაამონტაჟეს ბ. კ-ის მიერ მათთვის გადაცემულ ავტომანქანა ,,კია ოპტიმაში”, სახ. N --------, რითაც შეცვალეს და გააყალბეს აღნიშნული მანქანის საიდენტიფიკაციო მონაცემები. გაყალბებული მონაცემების მქონე ავტომანქანა ბ. კ-ემ 4 500 აშშ დოლარად მიჰყიდა თავის ნაცნობ კ. ს-ს და მიღებული თანხაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. კასატორი - ბ. კ--ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ქ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ალტერნატივის სახით - ბ. კ--ის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ ბ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ ბ. კ--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია კანონიერი, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების - ს. ო-ე-ფ-ის, ზ. მ-ს, ბ. კ-ს, ბ. ვ, ბ. ქ-ს, მ. ჩ--ს, ს. კ-ს, კ. ს-ს ჩვენებებით, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მომართვებით, ფარული ვიდეო-აუდიო და ფოტოგადაღების მასალებით, შპს ,,კ--ს“ 2017 წლის 12 ივნისის წერილითა და ტრასოლოგიურ-ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის N---/ტრ დასკვნით.
3. ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ბ. კ-ის ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობა. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა იმ გარემოებას, რომ ბ. კ-ის დაკავების პერიოდში ავტომანქანის საფასურის გადახდის ვადა არ იყო ამოწურული, ვინაიდან მტკიცებულებებით გამოკვეთილია ის გარემოებები, რომ ავტომანქანის შეძენის დღიდან ჯგუფში მონაწილე პირებმა განახორციელეს აქტიური მოქმედებები განზრახვის - თაღლითურად დაუფლებოდნენ სხვის ქონებას - სისრულეში მოსაყვანად.
4. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. კ-ე იმ დანაშაულისათვის იქნა მსჯავრდებული, რომლის გამოც, სხვა პირების - ბ. კ--ს და ბ. ვ. - წინააღმდეგ, ასევე, გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ბ. კ-ის მიმართ საქმე გამოყოფილი იყო ცალკე წარმოებისთვის.
5. მეორე არგუმენტი, რაზეც აპელირებს დაცვის მხარე, შეეხება მოწმეთა ჩვენებებს. დაცვის მხარის პოზიციით, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, არ არის სანდო.
6. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბ. კ-ის საქმეზე ბრალდების მხარეს მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი აქვს მოწმეების – ს. ო--ე-ფ-ის, ზ. მ-ს, ბ. კ-ს, ბ. ვ-, ბ. ქ-ს, მ. ჩ-ს, ს. კ-ს, კ. ს-ს ჩვენებები, რომლებიც კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოკვლეული სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვისას.
7. არ არსებობს ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები, მათი შინაარსიდან გამომდინარე, აღწერენ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნული მტკიცებულებები, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ, სრულიად ნათლად წარმოაჩენენ ხსენებულ დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობასა და ამ დანაშაულის მიმდინარეობას მისი დასაწყისიდან დასასრულამდე, კერძოდ, მოწმეებმა დეტალურად და მკაფიოდ აღწერეს განვითარებული მოვლენები და ბ. კ-ის როლი დანაშაულის ჩადენაში. მეტიც, საქმის მასალებში არსად არ ვლინდება ის გარემოება, რომ მოწმეებმა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მისცეს მსჯავრდებულის წინააღმდეგ ჩვენება, ხოლო დაცვის მხარე ვერ უთითებს მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება.
8. საკასაციო პალატის აზრით, განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პრეტენზიებსა და არგუმენტებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და დასაბუთებული დასკვნები გამოიტანა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
9. რაც შეეხება დაცვის მხარის ალტერნატიულ მოთხოვნას ბ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის 12-ლი ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას, გარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ავადმყოფობის სიმძიმისა, სასამართლო ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მკურნალობის შესაძლებლობას, დაავადების მიმდინარეობას, აგრეთვე მსჯავრდებულის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობას, მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებსა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
10. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მოწმეების - ა. გ-ს, მ. ა-ს, ნ. მ-ა და ფ. ბ-ს ჩვენებების შეფასების შედეგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გადავადებაზე უარის თქმის შესახებ, თუმცა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის დანიშნული სასჯელის ერთი წლით შემცირება და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.
11. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი ბ. კ-ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი, ხოლო სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება შემსუბუქების კუთხით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ - მ. ქ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებული ბ. კ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბ. კ-ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ბ. კ-ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 28 ივნისიდან;
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ბ. ალავიძე