საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.01.2020
საქმის ნომერი
2კ-666აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002226647

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №666აპ-19 ქ. თბილისი

ო-ა ა 666აპ-19 15 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენით ა. ო-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 11 ნოემბრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ო-მ ჩაიდინა:

· ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და გამოძალვისათის;

· ძარცვა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და გამოძალვისათვის.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 აგვისტოს და იმავე სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და იმავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის ნასამართლევი ა. ო-ა 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თ-ი, ა. ყ-ს N...-ში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მ. კ-ს კუთვნილ, ,,სონის“ ფირმის, „იქსპერია Z2-ის“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 140 ლარის ზიანი.

ა. ო-ა 2017 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, თ-ი, ა. მ-ს ქუჩის N...-ში მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკა შპს „ნ-ი“, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, თავდაპირველად თავს დაესხა კლინიკის თანამშრომლებს: ბ. კ-ა და ლ. პ-ს, ხოლო შემდეგ - მ. ბ-ს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ჩ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და ა. ო-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ N191აპ.-17, N363აპ.-17 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

7. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ო-ს უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე, რადგან ასეთ მოთხოვნას არ გააჩნია დასაბუთებული საფუძველი.

8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულ მ. კ-ა და მოწმეების - გ. თ-ა და ჭ. დ-ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნითა და ადვოკატის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ა. ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო მოწმეების - ბ. კ-ს, მ. ბ-ს, თ. კ-ა და ლ. პ-ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნით - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

9. აღნიშნული დანაშაულების მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა. ო-ს მიერ ძარცვისა და ყაჩაღობის ჩადენა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისა და გამოძალვისთვის, დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 აგვისტოსა და 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენებით.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას დაცვის მხარე (მათ შორის: ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებსა და, შესაბამისად, მათ სანდოობაზე, დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებების შეფასებასა და ამოცნობის ოქმების უტყუარობაზე) და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებზე, რაც გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ჩ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული არსებითად განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

გ. შავლიაშვილი