დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115746884
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №824აპ-19 ქ. თბილისი
მ. თ., 824აპ-19 14 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ზინიკო ქობალიას
ადვოკატების - ა. გ-ს, მ. ბ-ს, შ. ხ-ის
მსჯავრდებულების - ნ. ე-ის, თ. მ-ის, ა. გ-ის, რ. ს-ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ზინიკო ქობალიას, მსჯავრდებულ თ. მ-ის, მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ისა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ე-ეს, - - და ა. ხ-ს, - ბრალად ედებოდათ თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; რ. ს-ეს, - - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; თ. მ-ს, - - - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ესე იგი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო ა. გ-ეს, - - სამსახურებრივი გულგრილობა ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
სამშენებლო საქმიანობის წარმოების მიზნით, ნ. ე-ემ 2006 წლის 12 ივლისს დააფუძნა შპს „N--“ (ს/ნ --) (შპს „ბ.“), რომლის დირექტორებს წარმოადგენდნენ ნ. ე. და ა. ხ.
რ. ს. 2013 წლის 14 მაისიდან 2014 წლის 15 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ო. თ. მ. 2014 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 14 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ო. ა. გ. 2014 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 15 აგვისტომდე პერიოდში მუშაობდა საქართველოს ო-ე. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რ. ს., თ. მ. და ა. გ. წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს და ვალდებულნი იყვნენ, მათზე დაკისრებული მოვალეობები შეესრულებინათ კეთილსინდისიერად, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
2013 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლ-სა და შპს „N--“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება გ. კორპუსების სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 2 640 000 ლარი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად - 2014 წლის 3 ივნისი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შპს „N---იმ“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 2 ოქტომბერს წარადგინა შპს „ა-ს“ საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, 2013 წლის 22 ოქტომბერს შპს „N---იმ“ სამინისტროში წარადგინა ამავე წლის 18 ოქტომბრით დათარიღებული სს „ლ-ს“ 1 000 000 ლარის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია, ხოლო 2013 წლის 22 ოქტომბერს - შპს „ა-ს“ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია 300 000 ლარის თაობაზე. 2013 წლის 27 ნოემბერს, საზოგადოებამ დამატებით წარადგინა სს „ლ-ს“ 1340 000 ლარის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია. აღნიშნული გარანტიების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 3 აგვისტო. ზემოაღნიშნული საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიების წარდგენის საფუძველზე, სამინისტრომ შპს „N---ს“ ავანსის სახით ჩაურიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული თანხა - 2 640 000 ლარი, რომელიც სს „ლ-ში“ განთავსდა სპეციალურ ანგარიშზე. შპს „N---იმ“ ბანკში წარდგენილი მიღება-ჩაბარებისა და სამუშაოს შესრულების აქტების (ე.წ. ფორმა №----ს) წარდგენის შემდგომ, საზოგადოებას კუთვნილ ანგარიშზე ერიცხებოდა მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოს ღირებულება. 2013 წლის 18 ნოემბერს, ამავე წლის 28 ნოემბერსა და 2014 წლის 3 აპრილს, შპს „N--“-ის მიერ, როგორც სამინისტროში, ასევე სს „ლ-ი“ წარადგენა სამი მიღება-ჩაბარების აქტი ვ-ში განლაგებულ ორ საცხოვრებელ კორპუსში 1 017 060.58 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულების თაობაზე. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები სამინისტროს მხრიდან დაადასტურა ტ. რ. ს-ემ, ხოლო შპს „N--“-ის მხრიდან - საწარმოს დირექტორმა ნ. ე-ემ. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე ბანკის მიერ საზოგადოებას ჩაერიცხა აქტებში დაფიქსირებული სამუშაოს ღირებულება.
საზოგადოების დირექტორებმა - ნ. ე-ემ და ა. ხ-მ განიზრახეს ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების დამზადებითა და შემდგომ სს „ლ-ში“ წარდგენის გზით, მოტყუებით დაუფლებოდნენ სამინისტროს მიერ ჩარიცხულ ფულად თანხებს, რომლის მიღების უფლებაც, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, შეეძლოთ მხოლოდ სათანადო ღირებულების სამუშაოს შესრულებისა და სამინისტროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების ასლის ბანკში წარდგენის შემდეგ. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ა. ხ-მ სს „ლ-ში“ წარადგინა ნ. ე-ის მიერ დამოწმებული, 9 ცალი ყალბი მიღება-ჩაბარების აქტი და ასევე, ყალბი ფორმა №--, რომელთა მიხედვითაც, თითქოსდა ორგანიზაციას სრულად ჰქონდა შესრულებული 2 640 000 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა საზოგადოების ანგარიშზე, მაშინ, როცა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს, 2014 წლის 3 ივნისამდე პერიოდისთვის, შპს „N---იმ“ სამინისტროში წარადგინა სამი მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული ფორმა№----- მხოლოდ 1 017060.58 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. 2014 წლის 1 აგვისტოს შპს „N--“-ის დირექტორმა ა. ხ-მ სამინისტროში წარადგენა №-- მიღება-ჩაბარების აქტი 1 269 573 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების თაობაზე, რომელსაც საზოგადოების სახელით ხელმოწერით კვლავ ადასტურებდა ნ. ე.. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდისათვის საზოგადოებას არ ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ ჰქონდა მას წარდგენილი ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნა და სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ არ მომხდარა მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული სამუშაოს შემოწმება ადგილზე გასვლის გზით, ტ. რ. ს-ემ შპს „N--“-ისთვის უპირატესობის მინიჭებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მოაწერა ხელი ა. ხ-ის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტს, რითაც ამ უკანასკნელს შეუქმნა სს „ლ-თან“ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო ტ. უფროსმა თ. მ-მ, რომლისთვისაც ცნობილი იყო, რომ შპს „N---ის“ არ ჰქონდა სრულად შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, ზემოხსენებული №--- მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შეადგინა მოხსენებითი ბარათი და წარადგინა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში, რომლითაც ადასტურებდა შპს „N--“-ის მიერ შესრულებული სამუშაოს სამინისტროს მიერ მიღებასა და ბანკის მიერ საზოგადოებისათვის თანხის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს.
2013 წლის 2 ოქტომბერს შპს „N---ის“ სამინისტროში წარდგენილი აქვს სადაზღვეო კომპანია „ა-ს“ მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, რომლის მიხედვითაც, შპს „N--“-ის მხრიდან ხელშეკრულების პირობის დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროს უფლება ჰქონდა „ა-სათვის“ მოეთხოვა აღნიშნული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხა. შესრულებული სამუშაოს ღირებულების განსაზღვრის მიზნით, საქმეზე დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ სამშენებლო სამუშაოებზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება წარმოდგენილ შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მოცულობებს და რაოდენობებს. ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 1 557 886.36 ლარით, ნაცვლად საზოგადოების მიერ ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებული 2 639 497.84 ლარისა. ამდენად, შპს „N--“-ის დირექტორები - ნ. ე. და ა. ხ. ყალბი მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა №-ს გამოყენებით მოტყუებით დაეუფლნენ 1 081 611.48 ლარს.
მიუხედავად იმისა, რომ შპს „N--“-მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ნაკისრი ვალდებულებები მხარეს შესრულებული არ ჰქონდა, ს-მა ა. გ-ემ გამოიჩინა სამსახურებრივი გულგრილობა და მასზე დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში - 2014 წლის 3 აგვისტომდე პერიოდში, სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა „ა-ს“ მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით, რითაც სამინისტრომ ვერ მიიღო ზემოხსენებული თანხა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით:
ნ. ე-ესა და ა. ხ-ს ამოერიცხათ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
ნ. ე. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან - 2017 წლის 13 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებამდე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 11 ივლისიდან იმავე წლის 13 სექტემბრამდე.
ა. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან.
რ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლით.
გაუქმდა რ. ს-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 10000 ლარი.
თ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლით.
გაუქმდა თ. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 8000 ლარი.
ა. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 15000 ლარი.
გაუქმდა ა. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა - 5000 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი - ზინიკო ქობალია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულების - რ. ს-ის, თ. მ-ისა და ა. გ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
მსჯავრდებული თ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას.
მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ. ხ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ნ. ე-ის უდანაშაულოდ ცნობას.
მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ა. გ-ის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების ა. გ-ს, ნ. ე-ის, თ. მ-ისა და რ. ს-ის მიმართ, აგრეთვე, შეამოწმა დაცვის მხარის წარმომადგენლებისა და ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ბრალდების მხარე ა. გ-ეს ედავება მასში, რომ მან, როგორც ს-მა, მასზე დაკისრებული ვალდებულების მიუხედავად, საბანკო გარანტიის (N---) მოქმედების ვადაში (2014 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით) სამინისტროს სასარგებლოდ არ მოითხოვა „ა-ს“ მიერ შპს „N--“-ისათვის გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია 211 200 ლარის ოდენობით.
3. ა. გ. და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ითხოვენ ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
4. სასამართლო არ ეთანხმება მსჯავრდებულ ა. გ-ის დამცველის საკასაციო საჩივარში დაყენებულ მოთხოვნას მისი უდანაშაულოდ ცნობისა და გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.
5. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორ ა. გ-სა და ა. გ-ის მტკიცება, რომ ა. გ-ის უფლებამოსილებაში არ შედიოდა ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის უკან გამოთხოვა, მსჯავრდებულმა არაფერი იცოდა შპს „N---ს“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და მოქმედებდა თავისი უფლებამოსილების შესაბამისად.
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ ა. გ. იკავებდა საქართველოს ო. და წარმოადგენდა მოხელეს.
7. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის N-- დადგენილებით, დამტკიცებული სამინისტროს დებულების თანახმად, სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის (და შესაბამისად მისი უფროსის) სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა მათ შორის სამინისტროს ფუნქციონირების ფინანსური უზრუნველყოფა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისთვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა და მათ ჯეროვნად შესრულებაზე კონტროლი.
8. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საფინანსო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში/ სტრუქტურაში შედის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო, შესყიდვების სამმართველო და საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველო. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებითა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება საფინანსო დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოთხოვნის ვალდებულება (მაგალითად, ლ. ბ-ის, ზ. ლ-ას და გ. ბ-ს ჩვენებებით, სამინისტროს შიდა აუდიტის 2014 წლის 14 აგვისტოს დასკვნით). მათ შორის ისიც რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების მოთხოვნაზე კონტროლი ეკისრება შესყიდვების სამმართველოს (მაგალითად, ნ. კ-ს ჩვენებით, აღნიშნულის შესახებ პირდაპირი მითითებაც ჰქონდა ა. გ-ისგან, სამინისტროს შიდა აუდიტის 14/08/2014წ. დასკვნა). სწორედ შესყიდვების სამმართველოს უნდა მოეთხოვა გარანტორისგან („ა.“) გარანტიით გათვალისწინებული თანხის მიღება.
9. საქმეში წარმოდგენილი ა. გ-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციითაც დასტურდება, რომ მის ფუნქციებში შედიოდა მათ შორის „სამინისტროში ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების კოორდინაცია და მართვა“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 205); საბანკო გარანტიების საფუძველზე შეუსრულებლობის ან ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში თანხის მოთხოვნა და აღნიშნული საკითხის კონტროლი ( იხ. ტ.2 ს.ფ. 370)
10. ამასთან, ა. გ-ეს, დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით, ასევე ეკისრებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლითა და ამავე კანონის 76-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები: სამსახურებრივი უფლებამოსილების საჯარო სამსახურის პრინციპებისა და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე განხორციელება, სამსახურებრივი უფლებამოსილების რესურსების ეკონომიურად გამოყენება და ხარჯვა, საჯარო დაწესებულების ქონების რაციონალურად გამოყენება.
11. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა არ განახორციელა, ვინაიდან საფინანსო დეპარტამენტს არ ჰქონდა გარანტიის გამოთხოვისთვის შესაბამისი საფუძველი. კერძოდ, ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ოფიციალური წერილი, მათ შორის, სატენდერო კომისიის ოქმი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ, რომელიც, კასატორის განმარტებით, უნდა დაერთოს წერილს გარანტიის გამოთხოვის შესახებ.
12. კასატორის მტკიცებით, ა. გ-ის კომპეტენციასა და მოვალეობებში არ შედიოდა იმის გადამოწმება - შპს „N---ს“ რეალურად ჰქონდა თუ არა შესრულებული აღნიშნულ სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებში ნაჩვენები იყო, რომ კონტრაგენტის მიერ სამინისტროს წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული იყო. მაგრამ ნამდვილად ასე იყო თუ არა სინამდვილეში, ეს უნდა შეემოწმებინა და დაედგინა ხსენებული სამინისტროს ტ., რაც ამ უკანასკნელის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს.
13. სასამართლო ეთანხმება კასატორს, რომ საფინანსო დეპარტამენტის ფუნქცია და ვალდებულება არ იყო მშენებლობის საკითხებზე და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის და კონტროლის განხორციელება (ხელშეკრულების შესრულების პირობებზე ზედამხედველობის ვალდებულება ეკისრებოდა ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტს); სამინისტროსა და შპს “N---ის” შორის ურთიერთვალდებულებები განსაზღვრული იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, რომელიც განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის მექანიზმს და აკონკრეტებს მის შესრულებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტს.
14. იმავდროულად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაობის დაუსრულებლობა გულისხმობდა ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რაც ცალსახად ქმნიდა ,,ა-ნ“ დადებული საგარანტიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვის საფუძველს. სასამართლო ითვალისწინებს ადვოკატის მითითებას დათვალიერების 26/11/2014წ ოქმზე, რომელიც ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ შესრულების აქტის გადაწერას აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს უფროსზე რეზოლუციით „საჭიროებს დაზუსტებას და არ მოახდინოთ ანგარიშსწორება“, რის საფუძველზეც სამმართველომ გამოითხოვა საავანსო გარანტია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ა. გ-ის განმარტებას, რომლის თანახმად, 1 აგვისტოს საფინანსო დეპარტამენტის მიერ მომზადდა წერილი და მინისტრის ხელმოწერით გაიგზავნა საბანკო გარანტიის საფუძველზე ავანსად ჩარიცხულ თანხებსა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს შორის სხვაობის უკან დაბრუნების (შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილის თანხის სამინისტროს ბიუჯეტში დაბრუნების) შესახებ.
15. ა. გ-ის განმარტებით, შპს ,,N--“-ის მე-4 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა N--ის საფინანსო დეპარტამენტში ოფიციალურად შემოსვლის მომენტისთვის საფინანსო დეპარტამენტისთვის უკვე ცნობილი იყო (არსებობდა ინფორმაცია) და სს „ლ-დან“ მიღებული იყო ბანკში შპს „ N--- ს” მიერ წარდგენილი 11 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა N--ები,მაშინ როცა სახელშეკრულებო პერიოდში შპს-ს მიერ სამინისტროში წარმოდგენილი იყო მხოლოდ 3 მიღება-ჩაბარების აქტი და ფორმა №-----. ამიტომ აღნიშნულ მოთხოვნაზე სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა რეაგირება, შეჩერებული იქნა მათი განხილვა და არ გატარდა ბუღალტერიაში. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მსჯავრდებულისთვის 1 აგვისტოს ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობების სავარაუდო დარღვევის შესახებ, რაც დასტურდება, მათ შორის საბანკო გარანტიის გამოთხოვითაც „ლ-დან“. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ასევე იმისდამიუხედავად, რომ იწურებოდა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა, ა. გ-----ემ არ გადაამოწმა ინფორმაცია სამუშაოების დასრულების შესახებ და არ განუხორციელებია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოთხოვა.
16. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმეების - ნ. კ-ს, დ. ვ-სა და ზ. კ-ს ჩვენებებს. მოწმე ნ. კ-ს ჩვენებით (ს.), იგი დეპარტამენტის უფროს ა. გ-ეს მუდმივად აწვდიდა ინფორმაციას მათ შორის ხელშეკრულების ვადების, საბანკო გარანტიების ვადების და ხელშეკრულების შესრულების თაობაზე. ამასთან, მან უშუალოდ შპს „N---ის“ შემთხვევაშიც შეატყობინა ა. გ-ეს, რომ კომპანია არ ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს და შესაბამისად, სახეზე იყო საბანკო გარანტიების გამოთხოვის საფუძველი
17. მოწმეების – საქართველოს ო. ნ. კ-ს, სააქციო საზოგადოება „ლ-ს“ კორპორატიული საბანკო საქმიანობის დეპარტამენტის თავმჯდომარის - ზ. კ-ის, ზემოაღნიშნული სამინისტროს შიდა აუდიტის, სამსახურის სპეციალისტის - ზ. ლ-ს, სს „ლ-ს“ წარმომადგენლის - დ. ვ-სა და გ. ბ-ს ჩვენებებით დასტურდება: ა. გ-ისათვის ცნობილი იყო სამშენებლო კომპანია - შპს „N---ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაძლო შეუსრულებლობის თაობაზე, აგრეთვე, მოწმე ნ. კ-ს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე, არსებობდა რეალური საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მასთან წარდგენილი დოკუმენტები შპს „N---ს“ მიერ ვალდებულებების შესრულების თაობაზე შესაძლებელია ყალბი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, ა. გ-ემ არ გამოითხოვა აღნიშნული სამშენებლო კომპანიის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2013 წლის 2 ოქტომბერს 211 200 ლარზე წარდგენილი შპს „ა-ს“ საბანკო გარანტი. ამ ქმედებით მან უხეშად დაარღვია ხსენებული სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულებასა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმებში მითითებული ის სამსახურებრივი და თანამდებობრივი ვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობით არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს (დიდი ოდენობით ფინანსური ზარალი).
18. ამდენად, ა. გ-ის ბრალეულობა დასტურდება მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული დოკუმენტური ხასიათის მტკიცებულებებითაც. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი ა. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დასადგენად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება რომ მსჯავრდებულმა ა. გ-ემ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა.
19. სასამართლო არ იზიარებს არც ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ დადგენილი სასჯელის გამკაცრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ისათვის შეფარდებული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათსა და ამ ქმედებით გამოწვეულ შედეგებს, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას.
20. მსჯავრდებული თ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კერძოდ, კასატორის მტკიცებით 2014 წლის 1 აგვისტოს მან ნამდვილად დაადასტურა თავისი ხელმოწერით მიღება-ჩაბარების აქტი №--- რომელშიც, როგორც შემდგომში გაირკვა, შპს „N---ს“ მიერ შესრულებულად იყო ნაჩვენები 1 269 573 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც სინამდვილეში არ ყოფილა შესრულებული. მაგრამ ამ უკანასკნელი გარემოების შესახებ მან არაფერი იცოდა, რადგან ენდო მისი ხელქვეითი მოხელის, სამინისტროს ტ. მ. - რ. ს-ის მიერ ხელმოწერილ და მისთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათს, ასევე მის განმარტებას, რომ სამშენებლო სამუშაოები ნამდვილად შესრულებული იყო. კასატორი უთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლ-ს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამმართველოს ხელმძღვანელობა და სამმართველოს უფროსი: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის უფროსის წინაშე სამმართველოსთვის დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი თ. მ. აკეთებს ასეთ დასკვნას: მას, როგორც სამმართველოს უფროსს, არ ევალებოდა უშუალოდ თვითონ გასულიყო სამშენებლო ობიექტზე, პირადად მოეხდინა ინსპექტირება და შეემოწმებინა რეალურად არსებული მდგომარეობა. მოცემულ შემთხვევაში, ეს ფუნქცია დაკისრებული ჰქონდა ტ. მ. რ. ს-ეს, რომელიც მისთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნავდა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულების მხრივ ყველაფერი წესრიგში იყო, რის გამოც მას, როგორც სამმართველოს უფროსს, ამ მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით, უნდა დაედასტურებინა შპს „N---ს“ დირექტორების მიერ მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და შემდგომი მსვლელობა მიეცა მისთვის. ეს იყო ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და ამით მას დანაშაული არ ჩაუდენია.
21. თ. მ-ისთვის ცნობილი იყო, რომ შპს ,,N---ის“ მიერ არ იყო სრულად შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მსჯავრდებულმა მოხსენებითი ბარათი წარადგინა საფინანსო დეპარტამენტში, რომლითაც ადასტურებდა შპს „N---ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს მიღებას სამინისტროს მიერ და ბანკის მიერ თანხის ჩარიცხვის სამართლებრივ საფუძველს კომპანიისთვის.
22. სასამართლო ვერ გაიზიარებს თ. მ-ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა საამისო საფუძველს. თ. მ. არ უარყოფს, რომ მან ფაქტობრივად ყალბი დოკუმენტი დაამოწმა და ამ დოკუმენტს მისცა შემდგომი მსვლელობა, რამაც შესაძლებლობა მისცა მსჯავრდებულებს მიეტაცებინათ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები. იგივე გარემოებები დასტურდება მსჯავრდებული რ. ს-ის ჩვენებითა და სხვა მოწმეების ჩვენებებით, ამოღებული დოკუმენტური მტკიცებულებებით.
23. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა N--ები ეტაპობრივად შემოდიოდა სამინისტროს კანცელარიაში, რომელიც ელექტრონულად ეწერებოდა გ. ნ-ს და ის შესასრულებლად აწერდა ტქნიკური ზედამხედველობის სამმართველოს. სამმართველო ამოწმებდა შპს „ N---ის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული სამუშაოების შესრულების ნამდვილობას ობიექტზე გასვლით, რის შემდეგაც გ. ნ-ს მიერ უფლებამოსილი პირი (რ. ს.) ხელს აწერდა შპს „ N---ის“ მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებსა და ფორმა N- და ამით დასტურდებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისობა დოკუმენტებში დაფიქსირებულ სამუშაოებთან. საბოლოოდ შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა N--ები ეგზავნებოდა საფინანსო დეპარტამენტს.
24. მთავრობის N---ე დადგენილების და სამინისტროს N--- ბრძანების თანახმად, ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტს ევალებოდა სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისი შესყიდვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში დასრულების მიზნით კალენდარული გრაფიკების პერიოდული კონტროლი და შესაბამისი წინადადებების წარდგენა შემდგომი რეაგირების მიზნით .
25. კასატორი მიუთითებს რომ მას, როგორც ხელმძღვანელს, არ ევალებოდა პირადად მოეხდინა სამშენებლო ობიექტის ინსპექტირება. თუმცა კასატორის მიერვე მითითებული ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ცალსახად ადგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას მისი ქვემდებარე სამმართველოს სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე, რაც გულისხმობს მათ შესასრულებლად ხელქვეითი მოხელეების საქმიანობაზე ჯეროვანი კონტროლის განხორციელებას, მათი მხრიდან მათ შორის შესაძლო სამსახურებრივი, თუ დანაშაულებრივი გადაცდომების თავიდან აცილების მიზნით. ზემდგომ ხელმძღვანელ პირს უფლება არ აქვს ბრმად ენდოს ხელქვეითი მოხელის მიერ მისთვის წარდგენილ ნებისმიერ სამსახურებრივ დოკუმუნტს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება ძალიან დიდ სახელმწიფო თანხებს - მილიონობით ლარის ოდენობით. ზემდგომი ხელმძღვანელის, უფროსის თანამდებობრივი მდგომარეობა მას ავალდებულებს სისტემატური კონტროლი განახორციელოს ქვემდგომი მოხელეების საქმიანობის კანონიერებაზე. ამას უპირობოდ გულისხმობს როგორც ზემოაღნიშნული დებულების მე-4 მუხლი, ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიც.
26. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ის გარემოება, რომ ყალბი აქტი დასამოწმებლად მას წარუდგინა ს-მა, რ. ს-ემ, რომელიც თავისი მოხსენებითი ბარათით არწმუნებდა აქტში მითითებული ფაქტის ნამდვილობაში, თ. მ-ს არ ათავისუფლებდა ვალდებულებისგან - საფუძვლიანად შეესწავლა და შეემოწმებინა მიღება–ჩაბარების აქტში ასახული ინფორმაციის სინამდვილისადმი შესაბამისობა. თ. მ. ვალდებული იყო ხსენებულ დოკუმენტში ასახული ინფორმაციის შესწავლის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება მასზე ხელმოწერის შესახებ და ისე მიეცა შემდგომი მსვლელობა ამ დოკუმენტისთვის.
27. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უტყუარი მტკიცებულებით დადასტურებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არაზუსტი სამართლებრივი შეფასება, როდესაც მსჯავრდებულ თ. მ-ის ქმედება დააკვალიფიცირა როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეში არ არსებობს იმის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულება, რომ თ. მ. სამსახურებრივ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მოქმედებდა განზრახ და მისი მიზანი იყო არამართლზომიერი უპირატესობა მიენიჭებინა შპს „N---ისათვის“. მართალია, მსჯავრდებული რ. ს. თავის აღიარებით ჩვენებაში მიუთითებს, რომ 2014 წლის 1 აგვისტოს ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის დამოწმებისას პირადად მისთვის ცნობილი იყო შპს „N---ს“ დირექტორების მიერ სს „ლ-ში“ სხვა, შესაძლო ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების წარდგენის შესახებ, მაგრამ ის არაფერს ამბობს - აღნიშნულის შესახებ იცოდა თუ არა თ. მ-მაც. სააპელაციო სასამართლო განაჩენში აღნიშნავს: თ. მ-მ მაინც დაამტკიცა მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტი, მიუხედავად იმისა, რომ ტ-თვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული ყალბი აქტების არსებობის შესახებ. თუმცა სააპელაციო სასამართლო ვერ ამბობს, რომ იგივე გარემოების შესახებ ცნობილი იყო პირადად თ. მ-ისთვის და ამ უკანასკნელმა ყალბი დოკუმენტი წინასწარი შეცნობით დაამოწმა თავისი ხელმოწერით, რათა ამ გზით არამართლზომიერი უპირატესობა მიენიჭებინა შპს „N---ისათვის“. აღნიშული არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. მ-ს, რომელიც უსაფუძვლოდ ენდო მისი ხელქვეითი მოხელის მიერ მისთვის წარდგენილ დოკუმენტებს და იმედოვნებდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ჩადენილი აქვს არა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, არამედ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განვითარებული შემდეგი მსჯელობა ხელქვეითი მოხელისადმი გამოჩენილი ნდობა თ. მ-ს არ ათავისუფლებდა მოვალეობისგან - საფუძვლიანად შეესწავლა რ. ს-ის მიერ მისთვის წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტის სინამდვილისადმი შესაბამისობა და ისე მიეღო გადაწყვეტილება, არაპირდაპირ სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ თ. მ-ს ქმედება ჩადენილი აქვს გაუფრთხილებლობით და არა განზრახ. ამიტომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება თ. მ-ის მიმართ, მის სასიკეთოდ, კერძოდ, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ თ. მ-ისთვის შეფარდებულ სასჯელს, აღნიშნული სასჯელის სახე - ჯარიმა გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ხოლო სასჯელის ზომა - ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით შეესაბამება, როგორც ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ისე მსჯავრდებულის პიროვნებას, სრულად აკმაყოფილებს სასჯელის განსაზღვრისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად. სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჯარიმასთან ერთად ითვალისწინებდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას. საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით აღნიშნული სასჯელის გამოყენება გათვალისწინებული არ არის. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამოყენება, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის საშიშროების, ხასიათის, ხარისხის და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს პირს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.
29. სასამართლო ითვალისწინებს რომ „სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით....სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონვა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი, ამასთან, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38, II-33).
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ასაკს და მიიჩნევს რომ სასჯელის მიზნების უზრუნველყოფისთვის არ არსებობს სსკ-ის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლები.
31. სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ის ითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას. სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა ნ. ე-ის დამნაშავედ ცნობა და შეამოწმა ისინი, როგორც მათი მოპოვების კანონიერების, ასევე მსჯავრდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით. სასამართლოს მხედველობაში აქვს საქმეში არსებული დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, სამშენებლო კომპანია შპს „N--“-ს სახელით მისი დირექტორების - ნ. ე-ისა და ა. ხ-ის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლ-ში და „ლ-ში“ წარდგენილი, აღნიშნულ სამინისტროსა და შპს-ს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების „N--“-ს მიერ სრულად შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები და მათზე თანდართული ფორმა №-----, რომლებიც შპს „N---ს“ მხრიდან ხელმოწერილი და დამოწმებულია მისი დირექტორის, ნ. ე-ის მიერ, რაც უდავო ფაქტს წარმოადგენს. მაგრამ აღნიშნული დოკუმენტები სრულიად არ შეესაბამებოდნენ რეალობას, ვინაიდან, სინამდვილეში ხსენებული შპს-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესრულებული, თუმცა ხსენებულ დოკუმენტებში ნაჩვენები იყო, რომ სამშენებლო სამუშაოები სრულად იყო შესრულებული. საბოლოო ჯამში, ამ დოკუმენტებში შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოებისა და რეალურად შესრულებული სამუშაობების ღირებულებებს შორის სხვაობა თანხობრივად შეადგენდა 1 081 611 ლარსა და 48 თეთრს, რომელიც უკანონოდ გადაერიცხა შპს „N--“-ს. აღნიშნული გარემოებები დასტურდება არამარტო მითითებული დოკუმენტებით, არამედ ასევე მათთან დაკავშირებით ჩატარებული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნითაც (25.11.2014 წ., №-----). გარდა ამ მტკიცებულებებისა, მსჯავრდებულ ნ. ე-ის მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენა დასტურდება აგრეთვე საქმეზე მოწმედ დაკითხული, „ლ-ს“ წარმომადგენლების - დ. ვ-ს, ი. ჩ-სა და ზ. კ-ის ჩვენებებით. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული დოკუმენტები და მოწმეების ჩვენებები წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ ნ. ე-ეს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენას, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით.
32. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველი კასატორი თავის საჩივარში შემოიფარგლება საპროცესო დარღვევების არსებობის თაობაზე ზოგადი მსჯელობით და არ უთითებს აღნიშნულის დამადასტურებელ კონკრეტულ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეემოწმებინა კასატორის მიერ მითითებული საკითხების შესაბამისაობა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან ანდა მსჯავრდებულის შესაძლო უდანაშაულობის თაობაზე იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ბრალის დამადასტურებელი, კანონიერი გზით მოპოვებული სარწმუნო პირდაპირი და არაპირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა.
33. სასამართლომ ყურადღებით განიხილა ასევე ნ. ე-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და თვლის, რომ აღნიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს, იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, რომლებშიც იქნა ჩადენილი ეს ქმედება, ამ უკანასკნელით გამოწვეულ შედეგებსა და მსჯავრდებულის პიროვნებას, აკმაყოფილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, წარმოადგენს აუცილებელ და საკმარის ზომას სასჯელის კანონით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისთვის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენი ნ. ე-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
34. ამავე დროს, სასამართლოს საჭიროდ მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს შემდეგ გარემოებაზე: ნ. ე-ეს, მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილ თაღლითობასთან ერთად, ბრალდება წარდგენილი ჰქონდა აგრეთვე აღნიშნული თაღლითობის ჩასადენად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადებისა და გამოყენების თაობაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია და მსჯავრდებულ ნ. ე-ეს მის მიმართ წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალი, როგორც ზედმეტად წარდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ნ. ე-ემ დაამზადა ის ყალბი დოკუმენტები (იგულისხმება ზემოხსენებული ყალბი მიღება–ჩაბარების აქტები და მათზე თანდართული ასევე ყალბი ფორმა N--ები), რომლებიც შემდგომში მან გამოიყენა ანუ წარადგინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლ-სა და „ლ-ში“. რაც შეეხება ამ დოკუმენტების გამოყენებას, ეს უკანასკნელი, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენდა ნ. ე-ის მიერ ჩადენილი თაღლითობის ქმედების შემადგენელ ელემეტს, რის გამოც მას ცალკე კვალიფიკაცია არ სჭირდება.
35. სასამართლო, შემდგომში სწორი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, განმარტავს: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში პირის ბრალეულად ცნობისთვის სრულიად საკმარისია იმის უტყუარად დადგენა, რომ მან შეასრულა დოკუმენტის გაყალბების თუნდაც ერთი, მაგრამ აუცილებელი ელემენტი საიმისოდ, რომ ამ დოკუმენტს სამოქმედოდ საჭირო ძალა შეეძინა და გამხდარიყო სხვა დანაშაულებრივი მიზნებისთვის გამოსაყენებლად ვარგისი. მოცემულ საქმეზე მტკიცებულებების სახით ამოღებული ყალბი მიღება–ჩაბარების აქტები და მათზე თანდართული ფორმა N-–ები დამოწმებულია შპს „N--–ს“ დირექტორის, ნ. ე-ის მიერ - მისი ხელმოწერითა და აღნიშნული დაწესებულების ბეჭდით, რომლის გარეშეც ამ დოკუმენტებს არავითარი ძალა არ ექნებოდათ და სრულიად გამოუყენებადი იქნებოდნენ შესაბამის სახელმწიფო უწყებასა თუ კერძო დაწესებულებაში ოფიციალური დოკუმენტის სახით წარდგენისათვის. ხსენებული დოკუმენტების მითითებული რეკვიზიტები რომ ნამდვილად ნ. ე-ის მიერაა შესრულებული, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სადავოდ არ ითვლება და ამის თაობაზე თვით მსჯავრდებული და მისი დაცვის მხარეც არ დავობს. როგორც ირკვევა, მსჯავრდებულმა ნ. ე-მ განახორციელა სინამდვილისადმი სრულიად შეუსაბამო შინაარსის მქონე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების საბოლოო და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ელემენტი, როდესაც ისინი მან, როგორც შპს „N--“–ს დირექტორმა, თავისი პირადი ხელმოწერითა და მისი ქვემდებარე დაწესებულების ოფიციალური ბეჭდით დაამოწმა. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, ნ. ე-ის ბრალეულობისთვის არსებითი მნიშვნელობა ვერ მიენიჭება შემდეგ გარემოებას - მის მიერ ხელმოწერამდე და ბეჭდით დამოწმებამდე ზემოხსენებული ყალბი დოკუმენტები ფიზიკურად ვინ შეადგინა ან გააფორმა, თვითონ მან, თუ ვინმე სხვა პირმა. ის გარემოება კი, რომ ეს დოკუმენტები მსჯავრდებულის მიერ გამოყენების მიზნით იქნა დამზადებული, ასევე უდავოდაა დადასტურებული იმ უტყუარი ფაქტით, რომ მათი დამზადების შემდეგ, ისინი მან წარადგინა ზემოხსენებულ სამინისტროსა და „ლ-ში“, წინასწარ გამიზნული თაღლითობის ჩასადენად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნ. ე-ისთვის წარდგენილი ბრალი მის მიერ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადების თაობაზე, სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იყო ამორიცხული მისი მთლიანი ბრალდებიდან. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლო საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე გასაჩივრებულ განაჩენს საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბრალდების ნაწილში მსჯავრდებულ ნ. ე-ის მიმართ საუარესოდ ვერ შეაბრუნებს საამისოდ აუცილებელი საპროცესო საფუძვლის - ბრალდების მხარის მოთხოვნის არარსებობის გამო, ამიტომ , აღნიშნულ განაჩენს ნ. ე-ის მსჯავრდების ნაწილში, ტოვებს უცვლელად.
36. სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 309–ე მუხლით გათვალისწინებული სარევიზიო წესით გადაამოწმა გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება რ. ს-ის მსჯავრდების ნაწილშიც, რომელსაც მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი არ შეუტანია. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შემოწმებით დგინდება, რომ მსჯავრდებულ რ. ს-ეს ნამდვილად აქვს ჩადენილი მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 332–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი არ არსებობს და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
37. სასამართლომ შეისწავლა ასევე ბრალდების მხარის წარმომადგენლის, პროკურორ ზინიკო ქობალიას საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორი ითხოვს მსჯავრდებულებისთვის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელების გამკაცრებას. გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა კასატორი, აფუძნებენ იმ ქმედებების ძირითად შემადგენლობებს ანუ კვალიფიკაციას, რაც მსჯავრდებულებს შეერაცხათ. პროკურორს საკასაციო საჩივარში არ მიუთითებია რაიმე ისეთ მნიშვნელოვან და არსებითი ხასიათის ახალ გარემოებებზე, რომლებიც შეიძლება საფუძველი გამხდარიყო მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელების გამკაცრებისთვის.
38. სასამართლო თვლის, რომ მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას; სასჯელის დანიშნვისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, თითოეული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, დამდგარი შედეგი, თითოეულის პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა; დანიშნული სასჯელი პასუხობს სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სამართლიანობის მოთხოვნებს.
39. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ ზ. ქობალიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.
40. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ზინიკო ქობალიას, მსჯავრდებულ თ. მ-ის, მსჯავრდებულ ნ. ე-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ხ-ისა და მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. გ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
თ. მ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
თ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
3. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე