საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2020
საქმის ნომერი
2კ-579აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #200100119002885490

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №579აპ-19 ქ. თბილისი

გ–ი მ., 579აპ-19 13 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნატო ბურთიკაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. გ–თვის ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენით მ. გ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 12 თებერვლიდან იმავე წლის 14 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო.

გაუქმდა მ. გ–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს, შსს თელავის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის N.... საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ დასმენის შესახებ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის გაფრთხილების შემდეგ, მ. გ–მა განახორციელა ბ. ბ–ის ცრუ დასმენა და განაცხადა, რომ 201. წლის .. აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქალაქ ....ში, .... ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „....“ ბ. ბ–მა, მის მფლობელობაში არსებულ „BMW-ს“ მარკის, სახ №..... ავტომანქანაში სცადა მ. გ–ის გაუპატიურება ძალადობით. მ. გ–ის ჩვენებისა და საქმის მასალების ერთობლიობით, ბ: ბ–ს წარედგინა ბრალი განზრახი მძიმე დანაშაულისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ბ. ბ–ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას, 2018 წლის 3 დეკემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული მ. გ–ი, რა დროსაც მან უარყო ბ. ბ–ის მიერ მისი გაუპატიურების მცდელობის ფაქტი და განაცხადა, რომ გამოძიების დროს მის მიერ მიცემული ჩვენება იყო ტყუილი. აღნიშნულის საფუძველზე, 2019 წლის 19 თებერვალს, ბ. ბ–ი გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,137-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმების კუთხით და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

6. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. გ–ის ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო სასამართლოს მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ. გ–ს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ბურთიკაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე