შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი დამძიმებისაკენ

სისხლის სამართლის 28.07.2020
საქმის ნომერი
2კ-213აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002724279

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№213აპ-20 ქ. თბილისი

ა. მ., 213აპ-20 28 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიასა და მსჯავრდებულ მ. ა-ს ადვოკატ დ. ხ-ს საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ და მსჯავრდებულ მ. ა-ს ადვოკატმა დ. ხ-მ.

2. ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო და უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ა-ს მიერ ნ. კ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა. როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს, რომ ნ. კ-ს დაზიანებები სწორედ მ. ა-მ მიაყენა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ვინაიდან მის ქმედებაში მკვლელობის განზრახვა გამორიცხა. ბრალდების მხარის მოსაზრებით, დანაშაულის მოტივი და მიყენებული დაზიანებების სიმძიმე, რაოდენობა და ლოკალიზაცია ცხადყოფს მსჯავრდებულის ქმედებაში პირდაპირი განზრახვის არსებობას; დაზარალებულისათვის მიყენებული 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობიდან 2 სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება გულმკერდის მარჯვენა ნახევარშია, რაც, მათი ლოკალიზაციისა და ხარისხის გათვალისწინებით, პირდაპირ მიუთითებს მკვლელობის განზრახვაზე; სააპელაციო სასამართლომ მკვლელობის განზრახვა გამორიცხა, რადგან დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს და მსჯავრდებულს არ გაუგრძელებია მისთვის დაზიანებების მიყენება, მაგრამ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დაზარალებულს უკვე მიყენებული ჰქონდა 12 ჭრილობა, მათ შორის 2 -სიცოცხლისათვის სახიფათო; სასამართლომ ასევე ივარაუდა, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს დაზიანებებს აყენებდა მოზომილად, რაც, მიყენებული ჭრილობების რაოდენობისა და სიმძიმის გათვალისწინებით, არის გამორიცხული.

3. დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი არის უკანონო და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის მტკიცებულებები, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ა-მ დაზიანებები მიაყენა ნ. კ-ს, მოპოვებულია კანონის დარღვევით; პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდება დააფუძნეს მ. ა-ს მამის - თ. ა-სა და მეუღლის - ნ. ე-ს მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასა და მოწმე ა. ფ-ს ჩვენებას, თუმცა არც ერთი ზემოაღნიშნული პირი არ ყოფილა ფაქტის თვითმხილველი და მათგან მიღებული ინფორმაცია არის - ირიბი; თ. ა-მ და ნ. ე-მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით - არ მისცეს მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენებები და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისას გამოეყენებინა ამ პირთა მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მასალები, რომელთა ავთენტურობა ასევე იყო საეჭვო.

4. მ. ა-ს, - დაბადებულს 19-- წლის 20 დეკემბერს, - ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 17:40 საათზე, ... კორპუსის ეზოში, მ. ა.სა და ნ. კ-ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მ. ა-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, თორმეტჯერ დაარტყა დანა ნ. კ-ს, რომელიც სასწრაფო დახმარებამ დაუყოვნებლივ გადაიყვანა საავადმყოფოში და ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

5. მ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა-ს ადვოკატმა დ. ხ-მ, გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებისა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენის მოთხოვნით.

8. ბრალდების მხარე სააპელაციო შესაგებლით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისი განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. ა-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

მ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ა-ს ადვოკატ დ. ხ-ს საჩივრარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 12 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით დადგენილია და მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს ნ. კ-ს სხეულზე აღენიშნებოდა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი (სისხლმდენი) ჭრილობა: ორი ჭრილობა - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6-7 ნეკნების დონეზე, მათგან ერთი შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში - ნეკნთაშუა არტერიის, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით. სამი ჭრილობა - მუცლის მიდამოში, მეზოგასტრიუმში, მარცხნივ, მამილარულ ხაზზე ჭიპის დონეზე (ჭრილობიდან ევენტერირებული წვრილი ნაწლავის მარყუჟით, ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ნაწლავის მარყუჟი ევენტერირებული იყო მუცლის წინა მარჯვენა კედელზე არსებული ჭრილობიდან), მუცლის ზედა კვადრატში, მარჯვნივ, მიმართულ ხაზზე და მეზოგასტრიუმის დონეზე წინა აქსილარულ ხაზზე - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აზიანებდა მლივ ნაწლავს, ასევე, ჭრილობა - მარცხენა წინამხრის დისტალურ მესამედში, გამჭოლი ჭრილობა - მარჯვენა მტევნის პალმარულ ზედაპირზე (II თითის და ხელის გულის მიდამოში), ორი ჭრილობა -მარჯვენა წვივზე ლატერალურად - ზემო და ქვემო მესამედებში, ჭრილობა - მარჯვენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე ქვემო მესამედში და ჭრილობა - მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში. უკანა დაზიანებები (ჭრილობები) განვითრებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 31 აგვისტოს. მარჯვენა პლევრისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, ხოლო დანარჩენი (პლევრისა და მუცლის ღრუში არაშემავალი და კიდურებზე არსებული) ჭრილობები, იზოლირებულად აღებულნი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმად, სასამართლოში წარმოდგენილია შეთანხმებული, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს ... ეზოში, მ. ა-სა და ნ. კ-ს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, მ. ა-მ მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით 12 ჭრილობა მიაყენა ნ. კ-ს, მათ შორის: 2 ჭრილობა - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, 3 ჭრილობა - მუცლის მიდამოში, ასევე ჭრილობა - მარცხენა წინამხრის არეში, გამჭოლი ჭრილობა - მარჯვენა მტევნანზე, 2 ჭრილობა - მარჯვენა წვივზე, თითო ჭრილობა - მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის არეში, რომლის კვალიფიკაციაზე საკასაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, რომ თითქოსდა, მ. ა-ს ბრალეულობა ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რომელთა საფუძველზე შეუძლებელია სასამართლომ უტყუარად დაადგინოს ფაქტები და მითუფრო - საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

4. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ შესაძლებელია, პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის პირდაპირი ჩვენებაც, ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება N626აპ-17 საქმეზე, პუნქტი 34). ამდენად, მოცემულ საქმეში შემთხვევის ადგილზე გამოკვეთილია დაპირისპირების სხვადასხვა ეპიზოდი, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან და ფაქტობრივად ერთი მეორის გაგრძელებაა; დადასტურებულია, რომ მ. ა-სა და ნ. კ-ს შორის ჩხუბს ჰქონდა კონკრეტული წინაპირობა - მსჯავრდებულის მამასა და დაზარალებულს შორის დაპირისპირება; გარკვეულია, რომ მსჯავრდებულის სისხლიანი ტანსაცმელი ამოღებულია სხვა პირის ბინიდან; მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდა თავისი ნათესავის სახლში და ამ, საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების, ირგვლივ მოწმეები დიდწილად აღწერენ იმ ფაქტებსა და გარემოებებს, რაც თავად მოისმინეს ან დაინახეს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების საგნის დასადგენად (რომელშიც მოიაზრება: მომხდარი ფაქტის ნამდვილობა, დრო და ადგილი, ინციდენტში მონაწილე პირები, მათი მოქმედებანი და დამდგარი შედეგი, ქმედების ობიექტური (მიზეზობრივი) და სუბიექტური (მოტივი, განზრახვა) კავშირი ამ შედეგთან) მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ მოწმის ჩვენებისა თუ ჩვენების ნაწილის შეფასება, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს, რათა მთლიანობაში აღადგინოს დანაშაულის სურათი და დაადგინოს ობიექტური გარემოებები, კერძოდ:

5. საკასაციო პალატა დანაშაულის მოტივის დადგენისას ითვალისწინებს, რომ ნ. კ., რომელიც იყო მთვრალი, შემთხვევის დღეს ჯერ დაუპირისპირდა მ. ა-ს მამას - თ. ა-ს, ხოლო შემდეგ - თავად მსჯავრდებულს. მაღაზიის გამყიდველის - ხ. ხ-ს ჩვენებით დასტურდება, რომ თ. ა-მ გამოიძახა პატრული, რადგან მაღაზიაში ,,..‘ პროდუქციის მიღებისას ნამცხვრები ძირს დაეყარათ, თუმცა მაინც მიიღეს სარეალიზაციოდ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გამოჩენამ გააღიზიანა ნ. კ. და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შეტყობინება თ. ა-ს ეკუთვნოდა, მათ შორის საუბარი დაიძაბა, რაც გაგრძელდა პატრულის წასვლის შემდეგაც. კონფლიქტში ჩაერია თ. ა-ს შვილი - მ. . რომელთანაც გააგრძელა კამათი ნ. კ-მ. ხ. ხ-მ დაინახა, როგორ ჰკრა ხელი ნ. კ-მ მ. ა-ს, თუმცა როგორ გაგრძელდა მოვლენები, მოწმის ჩვენებით ვეღარ დგინდება, ვინაიდან მან მაღაზიაში განაგრძო საქმიანობა. მოწმე ნ. ს-ს ჩვენებით ირკვევა, რომ ფანჯრიდან შენიშნა ორი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ, ხოლო როდესაც ეზოში ჩავიდა, ნახა მ. ა. და ასევე მამამისი - თ. ა., რომელსაც მაისური წითლად ჰქონდა დასვრილი და ხელებს იბანდა. ნახა ნ. კ-ც, რომელიც გააღიზიანა მისმა ცნობისმოყვარეობამ და შეურაცხყოფა მიაყენა. სახლში დაბრუნებულმა კვლავ გაიგო ეზოდან ჩხუბის ხმა და ნ. კ-ს სიტყვები: ,,მ-მ რა ქნაო‘‘. საკასაციო პალატა მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ ნ. კ-ს არ დაუსახელებია მ-ს გვარი, რაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სავსებით გასაგებია, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაჭრამდე ჩხუბი და შელაპარაკება სწორედ . ა-სა და ნ. კ-ს შორის მოხდა და სხვა ,,მ-ს“ რაიმე ფორმით მონაწილეობა კონფლიქტში არ დასტურდება. ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეები, ვინც უშუალოდ იცნობდა მ. ა-ს, ჩვენებისას მოიხსენიებდა მას როგორც - ,,მ-ს“. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც კონფლიქტის სხვადასხვა მონაკვეთის თვითმხილველები არიან, ერთობლივად იძლევიან იმის დადგენის შესაძლებლობას, რომ შემთხვევის დღეს ნ. კ-ს მხოლოდ მ. ა-სა და მამამისთან მოუხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. მ. ა-ს დანაშაულის შემდგომი ქცევის შესაფასებლად, საკასაციო პალატისათვის ასევე მეტად მნიშვნელოვანია მოწმეების - გ. ბ-სა და ა. ფ-ს ჩვენებები. მოწმე გ. ბ-ს განმარტებით, იგი ქუჩაში შეხვდა მ. ა-ს, რომელმაც მასთან სახლში გამოიცვალა სისხლიანი ტანსაცმელი, ჩაიცვა მისი და დატოვა თავისი. მოწმის ჩვენება სრულად თანხვდენილია და დასტურდება 2018 წლის 1 სექტემბრის მისი ბინის ჩხრეკის ოქმით, რომლითაც დადგენილია, რომ გ. ბ-ს სააბაზანოდან ამოღებულ იქნა მსჯავრდებულის სისხლიანი ტანსაცმელი. საყურადღებოა საგამოძიებო მოქმედების ოქმზე გ. ბ-ს შენიშვნა, რომლის მიხედვით, ამოღებული შარვალი და მაისური ეკუთვნის მ. ა-ს, რომელიც მან 2018 წლის 31 აგვისტოს გამოიცვალა მის სახლში და დატოვა. თავად მ. ა-მ დაადასტურა გ. ბ-ს სახლში ტანსაცმლის გამოცვლის ფაქტი, თუმცა, მისი განმარტებით, ასე იმიტომ მოიქცა, რომ სახლში მიბრუნებულს ნ. კ-სთან შეხვედრა აღარ სურდა, რაც, დაზარალებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელსაც 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ა-ს ქმედებები ცალსახად მიმართული იყო მის ტანსაცმელზე არსებული დანაშაულის აშკარა კვალის მოსპობისაკენ. მ. ა-ს ნათესავის - მოწმე ა. -ს ჩვენებით ირკვევა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის შემდეგ მ. ა. სწორედ მასთან მივიდა სახლში და არ დაუმალავს, რომ ჩხუბი მოუვიდა ადამიანთან, რომელსაც თვითონ ჰქონდა დანა და შეხლა-შემოხლის დროს დაიჭრა. ა. ფ-მ დაადასტურა გამოძიებისას, გამოკითხვის დროს, მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომ მ. ა-ა უთხრა, რომ მოუხდა კონფლიქტი, რა დროსაც ჭრილობები მიაყენა ნ. კ-ს მუცლის არეში. ა. ფ-ს განმარტება დაადასტურა მისმა ვაჟმა - ბ. ფ-მაც, რომელმაც მამისგან შეიტყო, რომ მ. ა-მ გაანდო მას, როგორ დაჭრა უბანში მომხდარი შელაპარაკებისას ადამიანი. საკასაციო პალატამ ზემოაღნიშნულ ჩვენებებთან ერთობლივად შეაფასა ფარული სატელეფონო მიყურადებისა და მოსმენის შედეგად მოპოვებული მასალები, რომლებითაც უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულის მეუღლე ნ. ე. სატელეფონო საუბრებისას არ მალავს, რომ მათ ოჯახს ცუდი რამ შეემთხვა, ამასთან, აღნიშნავს, რომ ნ. კ-მ, რომელიც ,,ავარდნილის ერთია“, ხუთჯერ არის ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობის მცდელობისათვის, დანა ,,აუფრიალა“ მის მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, არ დაუთმო ნ. კ-ს. საყურადღებოა ნ. ე-ს სატელეფონო საუბარი, სადაც ის მამამთილს ადანაშაულებს მომხდარში, რადგან სწორედ მას მოუვიდა ჩხუბი ნ. კ-თან, ხოლო მისმა მეუღლემ ჩააკითხა. მსჯავრდებულის მამის - თ. ა-ს სატელეფონო საუბრებით ირკვევა, რომ იგი ცდილობს დაადგინოს, ვისი შვილიშვილია დაზარალებული და რის თქმას აპირებს იგი სასამართლოში, მოგვიანებით კი იგებს, რომ დაზარალებულის ბიძის გადმოცემით, ნ. კ. ,,კანონიერ ქურდობას“ აპირებს და გამორიცხულია მის ვაჟს სასამართლოში ,,ხელი დაადოს“.

6. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებთან მიმართებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მამამ - თ. ა-მ და მეუღლემ - ნ. ე-მ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით - არ მისცეს მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენებები სასამართლოს და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა. ამდენად, შეუძლებელია ზემოაღნიშნული მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემისაგან თავის შეკავების უფლება ვერაფრით გავრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ მასალებზე, ვინაიდან თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება ავალდებულებს სახელმწიფოს, არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ან მისი ახლო ნათესავები თავად შექმნიან მის საწინააღმდეგო მტკიცებულებას, მაგრამ ეს პრივილეგია არ ზღუდავს გამოძიებას, მოიპოვოს სამხილები ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან თავისუფალ გარემოში. ზემოაღნიშნული პრინციპი გამომდინარეობს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, დაუშვებელია სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება, მაშინ, როდესაც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულის მამამ - თ. ა-მ და მეუღლემ - ნ. ე-მ არ მისცეს ჩვენებები სასამართლოს, მაგრამ სატელეფონო საუბრების შინაარსი და ნამდვილობა დაადასტურეს მათთან მოსაუბრე პირებმა: ბ. ძ-მ - თ. ა-სთან და ნ. ნ-მ - ნ. ეს-თან, ამასთან, მითითებული მტკიცებულებების ავთენტიკურობასა და დასაშვებობაზე იმსჯელა სასამართლომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე, არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამხილები დასაშვებად ცნო.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლოს გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ მტკიცებულება ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი და ამ მტკიცებულებების ბუნებიდან გამომდინარე, არც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის დადგენის მოლოდინი, ვიდრე ეს თავად მტკიცებულებების შინაარსიდან გამომდინარეობს. საკასაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გამიჯნა, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენდა პირდაპირსა და რომელი - ირიბს და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად ქმნის დანაშაულის სურათის აღდგენის შესაძლებლობას, რაც ცალსახად მუთითებს მ. ა-ს ბრალეულობაზე, ხოლო საწინააღმდეგოს მტკიცება ეწინააღმდეგება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

8. ამდენად, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ მ. ა-მ ნ. კ-სთან ჩხუბის დროს 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, მათ შორის: ორი ჭრილობა - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში, სამი ჭრილობა - მუცლის მიდამოში, ასევე ჭრილობა - მარცხენა წინამხრის დისტალურ მესამედში, გამჭოლი ჭრილობა - მარჯვენა მტევნის პალმარულ ზედაპირზე, ორი ჭრილობა - მარჯვენა წვივზე, ჭრილობა - მარჯვენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, ქვემო მესამედში და ჭრილობა - მარცხენა ბარძაყის შუა მესამედში.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ. ა-ს ქმედებაში უტყუარად ვერ დადგინდა, რომ დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენებისას მ. ა.მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით და მსჯავრდებულის ქმედება შეაფასა, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც საკასაციო პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება.

10. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N527აპ-17 საქმეზე ).

11. საკასაციო პალატა გაკვირვებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით იმის თაობაზე, რომ დაზიანებების მიყენების შემდეგ დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს, პირიქით - აზროვნებდა და გადაადგილდებოდა (სისხლის კვლები დატოვა სხვადასხვა ადგილას). ამის შესახებ ცნობილი იყო მ. ა-სათვის, მაგრამ არ გაუგრძელებია მისთვის დაზიანებების მიყენება. პირიქით, ყველა მტკიცებულება ადასტურებს იმას, რომ მსჯავრდებული ყველანაირად ცდილობდა დაზარალებულისგან მორიდებას და კონფლიქტის განახლებას.

12. სააპელაციო პალატა ან გულუბრყვილოდ ცდება ან შეგნებულად ცდილობს თვალი დახუჭოს იმ გარემოებაზე, რომ მ. ა-მ ნ. კ-ს მიაყენა 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, მათ შორის: სიცოცხლისათვის სახიფათო 2 დაზიანება გულმკერდის არეში და ასევე სხვა მრავალი ჭრილობა მუცლის, წინამხრის, მტევნის, წვივისა და ბარძაყის მიდამოში, რაც ცალსახად გამორიცხავს იმ დაშვებას, რომ მსჯავრდებულს, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, არ გაუგრძელებია დაზარლებულზე თავდასხმა. ამგვარი მსჯელობა რელევანტურია იმ შემთხვევაში, თუკი ერთეული ჭრილობის მიეყენების შემდეგ პირი წყვეტს დანაშაულებრივ ქმედებას და მისი შემდგომი ქცევა, როგორიც შეიძლება იყოს დაზარალებულისათვს დახმარების აღმოჩენა, სასწრაფოს გამოძახება და სხვა, აშკარად მიანიშნებს მის განზრახვაზე, რომელიც არ უკავშირდება მსხვერპლისათვის სიცოცხლის მოსპობას. რადიკალურად განსხვავებულია მოცემული შემთხვევა, როდესაც დაზარალებულს მიყენებული აქვს 12 ჭრილობა, ფაქტობრივად სხეულის ყველა მონაკვეთში, წვივიდან გულმკერდამდე, მათ შორის სიცოცხლისათვის განსაკუთრებით სახიფათო მიდამოებში - გულმკერდსა და მუცელში.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული მსჯელობა, გარდა იმისა, რომ მოკლებულია გონივრულ საფუძველს, ასევე ურთიერთგამომრიცხველია, ვინაიდან სასამართლო, ერთი მხრივ, ამტკიცებს, რომ მ. ა-ს არ უცდია, განეგრძო დაზარალებულისათვის დაზიანებების მიყენება, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნავს, რომ იგი ცდილობდა კონფლიქტის განახლებას, რაც მეტად ბუნდოვანი და გაუგებარია.

14. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული 12 დაზიანებიდან, მხოლოდ ორია სიცოცხლისათვის სახიფათო და მათგან არცერთი არ აზიანებს ისეთ ორგანოებს (გულს, ტვინს, არტერიას), რაც სწრაფად იწვევს სასიკვდილო შედეგს და არც ასეთი დაზიანების საფრთხის შექმნის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არსებობს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მტკიცება, რომ მხოლოდ ისეთი ორგანოების დაზიანება, როგორიც არის - გული, ტვინი, არტერია - იწვევს სწრაფ სიკვდილს, სცდება სასამართლოს კომპეტენციას და შესაბამისი საექსპერტო ცოდნის მქონე პირთა განსჯის საგანს წარმოადგენს. საკასაციო პალატისათვის მითუფრო გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, როდესაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვალიფიციური დასკვნა, რომლითაც შესაბამისი საექსპერტო კვლევის შედეგად დადგენილია, რომ დაზარალებულისათვის მიყენებული მარჯვენა პლევრისა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები იყო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის.

15. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვით, ჭრილობების დიდი ნაწილი დაზარალებულს მიყენებული აქვს კიდურებში, მუცლისა და გულმკერდის არეში და ამ მოცემულობით გონივრულად მიაჩნია ვარაუდი, რომ მ. ა. ნ. კ-ს დაზიანებებს აყენებდა გარკვეულწილად მოზომილად, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეახსენებს, რომ დაზარალებულს ჭრილობები მიყენებული აქვს როგორც ზემო, ისე ქვემო კიდურებზე, გულმკერდისა და მუცლის არეში, სულ - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, სწორკიდეებიანი ჭრილობა. აქედან გულმკერდის არეში - 2 ჭრილობა, წინა აქსილარულ ხაზზე, მე-6-7 ნეკნების დონეზე,ზომებით - 3X4 სმ და 3X5 სმ, მათგან ერთი შემავალი მარჯვენა პლევრის და მუცლის ღრუში - ნეკნთაშუა არტერიის, დიაფრაგმის და ღვიძლის დაზიანებით; მუცლის არეში - 3 ჭრილობა ზომებით: 2X1 სმ, 5X2 სმ და 2X1 სმ, მეზოგასტრიუმში, მარცხნივ, მამილარულ ხაზზე, ჭიპის დონეზე (ჭრილობიდან ევენტერირებული წვრილი ნაწლავის მარყუჟით, ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, ნაწლავის მარყუჟი ევენტერირებული იყო მუცლის წინა მარჯვენა კედელზე არსებული ჭრილობიდან), მუცლის ზედა კვადრატში, მარჯვნივ მიმართულ ხაზზე და მეზოგასტრიუმის დონეზე, წინა აქსილარულ ხაზზე - მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა აზიანებდა მლივ ნაწლავს; მარცხენა წინამხრის დისტილარულ მესამედში ჭრილობა ზომით - 8X2 სმ; მარცხენა მტევნის პალმარულ ზედაპირზე გამჭოლი ჭრილობა ზომით - 4X1 სმ; მარჯვენა წვივის ზემო და ქვემო მესამედებში - 2 ჭრილობა ზომებით - 5X1 სმ და 4X1 სმ; მარჯვენა ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე - ჭრილობა ზომით 3X2 სმ; მარცხენა ბარძაყის უკანა ზედაპირზე - ჭრილობა ზომით 8X2 სმ; ჩატარებული ოპერაციისას პლევრის ღრუში აღმოჩნდა 400 მლ-მდე სისხლი და 3000 მლ-მდე სისხლის კოლტები, დიაფრაგმის ჭრილობა ნეკნთა რკალიდან ზემოთ, ღვიძლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, სისხლმდენი ღრმა ჭრილობა ზომით 8X2 სმ; საკასაციო პალატისათვის წარმოუდგენელია, ამ რაოდენობის, ლოკალიზაციისა და სიმძიმის ჭრილობები, მათ შორის შემავალი გულმკერდის არეში, ღვიძლისა და პლევრის დაზიანებით, მტევნის გამჭოლი ჭრილობა შეფასდეს, როგორც მსჯავრდებულის მხრიდან მოზომილი მოქმედება, რათა არ დამდგარიყო დაზარალებულის სიკვდილი.

16. ამდენად, საკასაციო პალატამ მსჯავრდებულის განზრახვის დადგენისას ყურადღება გააამახვილა შურისძიების მოტივზე, რომელიც აღეძრა მ. ა-ს ნ. კ-ს მხრიდან ჯერ მამამისის, ხოლო შემდეგ პირადად მისი შეურაცხყოფის შედეგად და დაზარალებულის დაზიანებების რაოდენობაზე, ლოკალიზაციაზე, ხასიათსა და ხარისხზე, განსაკუთრებით კი, ნ. კ-სათვის მიყენებულ სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის ჭრილობებზე გულმკერდისა და ასევე, ჭრილობებზე მუცლის არეში, რაც უპირობოდ გამორიცხავს მის ქმედებაში მხოლოდ ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვას და ცალსახად მიუთითებს დაზარალებულის მკვლელობის აშკარა სურვილზე, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ბოლომდე ვერ მიიყვანა.

17. რაც შეეხება მ. ა-ს ქმედების სამართლებრივ შეფასებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ:

საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის მიხედვით:

ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის მიხედვით:

ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი…

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით კრიმინალიზებულია დამამძიმებელი გარემოებების გარეშე განზრახ მკვლელობა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

18. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გნივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - განზრახ მკვლელობის მცდელობის - ჩადენა, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

20. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

21. საკასაციო სასამართლო სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს, კერძოდ: სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჩადენილია საჯარო ადგილას, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში; მიყენებული ჭრილობების რაოდენობას; მსჯავრდებულის პიროვნებას - სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა და მიაჩნია, რომ მ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. ამასთან, ჩადენილი დანაშაულის სახისა და ხერხიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს, მ. ა-სათვის დამატებითი სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის დანიშვნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ა-ს ადვოკატ დ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;

4. მ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. მ. ა-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი აეთვალოს 2018 წლის 1 სექტემბრიდან;

6. მ. ა-ს დამატებითი სასჯელის სახით 3 წლით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რომლის ვადა აეთვალოს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ.ვასაძე

მოსამართლეები: ლ.ფაფიაშვილი

მ.გაბინაშვილი