საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.07.2020
საქმის ნომერი
2კ-230აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160100118002512004

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №230აპ-20 ქ. თბილისი

კ–ი ს., 230აპ-20 27 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ს. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ს. კ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი), (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

მსჯავრდებულ ს. კ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. მ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ს. კ–ის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი).

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენით ს. კ–ი, - დაბადებული ...... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს. კ–ის სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

სასამართლომ დაადგინა, რომ ს. კ–მ გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0.0356 გრამს, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. ......., ........ ქუჩაზე, 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ. მ–ზე.

ს. კ–მ გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“, საერთო წონით 0.0181 გრამს, რომელიც 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ........., ......... ქუჩაზე, 100 ლარად გაასაღა მოქალაქე ..... მ......ზე.

3. პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ და ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ს. კ–ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისისა და 2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებებში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ს. კ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ს. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) და მიესაჯა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 ივნისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა.

6. საკასაციო სასამართლოდაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ს. კ–ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი.

7. საქმის მასალების მიხედვით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ დ. გ–ის პატაკი, რომლის მიხედვითაც, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ს. კ–ი იყო ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი. გარდა აღნიშნული ინფორმაციისა, დ. გ–მა გამოძიებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია რ. მ–ის თაობაზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა გარკვეული ინფორმაცია ს. კ–სთან დაკავშირებით. გამოძიების პროცესში მოხდა რ. მ–ის გამოკითხვა, სადაც მოწმემ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. შესაბამისად, რ. მ–მა მონაწილეობა მიიღო მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში.

8. ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმი N...-ის თანახმად, რ. მ–ის და ს. კ–ის შეხვედრის და საუბრის ჩაწერა განხორციელდა 2018 წლის 17 ივნისს, 16:20:38 საათიდან 16:21:51 საათამდე პერიოდში, ქ........., ..... ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე დღეს, 16:40 საათზე, ქ......., ..... ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიკითხა რ. მ–ი, რის შემდეგაც მოხდა მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ჩანაწერის დასრულებიდან გამოკითხვამდე გასული დრო - 19 წუთი არ წარმოადგენს იმ ვადას, რაც მტკიცებულების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოქმების თანახმად, შეხვედრა განხორციელდა თ–ის ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო გამოკითხვა - ამავე ქუჩის N.-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს არ წარმოუდგენიათ ქ....... ქუჩების მიმართულების, ნუმერაციის მიხედვით შენობების განლაგების შესახებ ინფორმაცია, და არც მითითებული ადგილების დათვალიერების ოქმები, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ეჭვს ქვეშ დაეყენებინა დროის ხანგრძლივობის (19წთ) საჭიროება ....... ქ. N....-ის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოკითხვის ადგილამდე მისასვლელად.

9. მოწმის სახით დაკითხულ რ. მ–ის ჩვენების სარწმუნოობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება თანამშრომლობის შედეგად მოწმე რ. მ–ის მიერ რაიმე სახის შეღავათის მიღება, მისი დაინტერესება ან/და მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის განხორციელება. მართალია, მოწმემ გარკვეულწილად განსხვავებული ჩვენება მისცა სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ მან დაადასტურა თავისი ჩვენების ძირითადი და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ნაწილი, რაც ეხება ნარკოტიკული საშუალების ს. კ–ისგან შეძენას.

10. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში კასატორი მიუთითებს რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ე. კ–ის ჩვენება, ასევე რ. მ–ის და ს. კ–ის მობილურ ტელეფონებზე შემავალი და გამავალი ზარების შესახებ დეტალური ინფორმაცია. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „იმისათვის, რომ სისხლის სამართალში საპროცესო მოწესრიგებამ დააკმაყოფილოს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტი, აუცილებელია, მტკიცებულებათა არსებითი გამოკვლევა და შეფასება მოხდეს მათი როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი, მატერიალური კრიტიკის საფუძველზე, რაც საქართველოში სამართალწარმოებისთვის დადგენილი სასამართლო პროცესის შეჯიბრებითი მოდელის გათვალისწინებით შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ ოპონენტი მხარის მიერ საპირისპირო ფაქტების და სხვა სახის კონტრარგუმენტაციის წარდგენით....... მიუხედავად იმისა, რომ სსსკ მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს აკისრებს გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულის ბრალეულობის დასაბუთების ვალდებულებას .... ხშირ შემთხვევაში აღნიშნული მიზნის მიღწევა შეუძლებელია ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების მხოლოდ კრიტიკული შეფასების გზით (რაც დასტურდება სარჩელში მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებითაც) და უკავშირდება დაცვის მხარის მიერ კონკრეტული ინფორმაციის მოპოვებას, რომელიც ქმნის გონივრულ ეჭვს ბრალდების დასაბუთებულობაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N1/1/650,699 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნადია ხურციძე და დიმიტრი ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-28, 42). დაცვის მხარეს შეეძლო როგორც აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა სსსკ-ის 136-ე მუხლის საფუძველზე, ე. კ–ის გამოკითხვა და მისი სასამართლოში დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაყენება, ასევე საქმეში არსებული ვიდეო მასალის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დამოუკიდებლად ჩატარება, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა ბრალდებულის ჩვენების უტყუარობაზე.

11. დაცვის მხარის კასატორი ასევე მიუთითებს, რომ გაუგებარია ვისი ფულით განახორციელა რ. მ–მა ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი რ. მ–სთვის გადაცემული ფულადი თანხის მოპოვების შესახებ საპროცესო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა გადაცემული თანხის ოდენობას და სახეს (მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს). სასამართლო აღნიშნავს რომ აღნიშნული ინფორმაცია უკავშირდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - საკონტროლო შესყიდვის განხორციელებას, რაც არ წარმოადგენს სსსკ-ის 1431 მუხლით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სავალდებულო წინაპირობას. იმავდროულად, ვინაიდან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მკაცრად გასაიდუმლოებულია, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსაიდუმლოების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პროკურორის უფლებაა ამ ინფორმაციის მტკიცებულების სახით გამოყენების მიზნებისთვის. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის საქმეში არარსებობა არ მიუთითებს ს. კ–ის უდანაშაულობაზე, ვინაიდან ბრალდების მხარე მსჯავრდებულისთვის წარდგენილი ბრალის დასაბუთებისთვის არ უთითებს მისგან საკონტროლო შესყიდვის შედეგად იმ ფულადი ერთეულების ამოღებაზე, რომელთა გადაცემაც მოხდა რ. მ–სთვის მსჯავრდებულისგან ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენად.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ს. კ–ის მიერ რ. მ–ზე 2018 წლის 17 ივნისს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი დადასტურებულია როგორც მოწმე რ. მ–ის ჩვენებით, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით. ფონოსკოპიური ექსპერტიზის N.... დასკვნით დადგენილია რომ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე, რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამას 2018 წლის 14 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N..... დასკვნის მიხედვით.

13. კასატორი - ბრალდების მხარე ითხოვს ს. კ–ის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღებაში (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული, დამაჯერებელი და აშკარა ხასიათის, რის გამოც არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი პირის დამნაშავედ ცნობისათვის, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ვერ დასტურდება ს. კ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ჩადენა. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №570აპ-16და №527აპ-16გადაწყვეტილებები). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ს. კ–ის გამართლების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად და ობიექტურად შეაფასა.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001).

15. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიასა და მსჯავრდებულ ს. კ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. მ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე