საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.07.2020
საქმის ნომერი
2კ-249აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002878730

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №249აპ-20 ქ. თბილისი

ა. გ., 249აპ-20 21 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ა-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:

▪ განაჩენი ბრალდების მითითებულ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო; როდესაც გ. ა-მ იპოვა დ. ხ-ს კუთვნილი საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხითა და ნივთებით, იგი დაიგულა თავისად და თვითნებურად განკარგა. ამდენად, მისი ქმედება საფულიდან ფულის აღების ნაწილში თვითნებობაა, ხოლო პლასტიკური ბარათიდან ფულადი თანხის დაუფლების ნაწილში კი - ქურდობა; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ანალოგიური სახის ქმედება მიჩნეულია საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად.

2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ა.ს ბრალი წარედგინა თვითნებობაში, ე.ი. თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

გ. ა.ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 20.. წლის .. იანვარს, საღამოს საათებში, გ. ა.მ ... ქუჩების კვეთის მიმდებარედ, იპოვა დ. ხ-ს კუთვნილი საფულე, მასში მოთავსებული თანხითა და ნივთებით, რომლებიც თავისად დაიგულა და თვითნებურად განკარგა, რითაც მეპატრონეს მიადგა 666 (ექვსას სამოცდაექვსი) ლარისა და 36 (ოცდათექვსმეტი) თეთრის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 20.. წლის .. იანვარს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ. ა. ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა დ. ხ-ს კუთვნილ „სოლო“ ბარათზე არსებულ თანხას, რითაც მას მიადგა 25 (ოცდახუთი) ლარის ქონებრივი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ა., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და იმავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

გაუქმდა გ. ა.ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გურამ კრავეიშვილმა. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ა.ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7.საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ა.ს მიერ საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაც, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ა-მ იპოვა დაზარალებულ დ. ხ-ს დაკარგული საფულე, რომელშიც ფულად თანხასთან ერთად, მოთავსებული იყო ნივთები (დავით ხარშილაძის სახელზე გაცემული პირადობის, მართვისა და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობები, საბანკო პლასტიკური ბარათები, რომელთა ნაწილზე მითითებული იყო დ. ხ-ს სახელი და გვარი), რომლებიც იძლეოდა მესაკუთრის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. გ. ა., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვალდებული იყო, როგორც ნივთის მპოვნელს, დაუყოვნებლივ განეცხადებინა ამის შესახებ ნივთის დამკარგავის, მესაკუთრის, უფლებამოსილი პირის, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, – პოლიციის ან სხვა ადგილობრივი ორგანოსათვის და გადაეცა ეს ნივთი, რაც მან არ გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მესაკუთრის ვინაობა. აღნიშნული კი ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გ. ა.მ ჩაიდინა ქურდობა, ვინაიდან იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა, სხვის - დ. ხ-ს მოძრავ ნივთს, რომელზეც მას არანაირი კანონიერი უფლება არ გააჩნდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დაუსაბუთებელია, თუ რატომ გამიჯნა ერთმანეთისგან და რატომ მიიჩნია ბრალდების მხარემ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებად საფულეში მოთავსებული ნივთებისა და „სოლო“ ბარათზე არსებული თანხის დაუფლება.

10. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განჩინებაში აღწერილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოცემული შემთხვევისგან არსებითად განსხვავებულია და, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განსახილველი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ გურამ კრავეიშვილის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი