საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002988190
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
#24აპ-20 ქ. თბილისი
ქ. ზ., 24აპ-20 2 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ადვოკატმა ლ. ს-მ.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ. ქ-ს მსჯავრდებისათვის; არსებითად დაირღვა კანონი არასრულწლოვან მ. ქ-ს გამოკითხვისას, რომელზეც თანხმობა განაცხადა და ესწრებოდა არა კანონიერი, არამედ გამომძიებლის მიერ დანიშნული საპროცესო წარმომადგენელი; არასრულწლოვანზე ახდენდნენ ფსიქიკურ ზეწოლას ბრალდების მხარისათვის სასურველი ჩვენების მისაღებად; მ. ქ-ს ჩვენებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 18 აპრილის ინციდენტის დროს იგი სხვა ოთახში იმყოფებოდა და არ არის შემთხვევის თვითმხილველი; სამედიცინო კვლევით ნ. პ-ს სხეულის დაზიანება ვერ დადგინდა, დაზარალებულისათვის ჩატარებულ სამედიცინო კვლევასა და ექსპერტიზას შორის წინააღმდეგობაა; მ. ქ-ს განმარტებით, მშობლების კონფლიქტის შედეგად მას ტკივილი არ განუცდია და არც ზიანი მისდგომია, შესაბამისად, მ. ქ-ს დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ ზ. ქ-სათვის ბრალის ხელოვნურად დამძიმების მიზნით მიენიჭა; გამოძიება დაწყებულია დაზარალებულ ნ. პ-ს განცხადების გარეშე და ამ საქმეში დაზარალებულის კანონიერი ინტერესი გამოკვეთილი არ არის; კასატორის მოსაზრებით, ზ. ქ-ს მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 20.. წლის .. აპრილს, საღამოს საათებში, .. მდებარე ბინის სამზარეულოში, ნ. პ-ს მისმა მეუღლემ - ზ. ქ-მ მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ. ქ-ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა, ეუბნებოდა, რომ იგი სახლში არაფერს წარმოადგენდა, იყო უუფლებო, ვინაიდან იყო ქალი. მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ. ქ-მ ჯერ მარჯვენა ხელით სილა გააწნა სახეში ნ. პ-ს, ხოლო შემდეგ ხელი დაარტყა მარცხენა მხრის არეში ხელთან, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ნ. პ-ს მისი მეუღლე ზ. ქ. წლების განმავლობაში ხშირად, ხოლო ბოლო ორი თვე - სისტემატურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბებოდა, ლანძღავდა, უკრძალავდა აზრის გამოხატვას, ეუბნებოდა, რომ არაფერს წარმოადგენდა და უნდა ყოფილიყო მისი მორჩილი, ვინაიდან იყო ქალი, რაც ნ. პ-სათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას. გარდა ამისა, 20.. წლის .. აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ... მდებარე ბინის მისაღებ ოთახში, ნ. პ-ს მისმა მეუღლემ - ზ. ქ-მ მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ. ქ-ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, აუკრძალა ხმის ამოღება და პასუხის გაცემა, ვინაიდან არ ჰქონდა ამის უფლება, რადგან იყო ქალი. მეუღლის სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, კერძოდ, ზ. ქ-მ მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ. პ-ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდეგ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზ. ქ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით ზ. ქ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 16 აპრილის ეპიზოდი) და გამართლდა;
ზ. ქ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) და საასჯელად განესაზღვრა 1 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და მასვე დამატებით სასჯელად 3 წლით ჩამოერთვა იარაღთან დაკავშირებული უფლებები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ქ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 აპრილს, ღამის საათებში, დაახლოებით 00:00-დან 01:00 საათამდე, ... მდებარე ბინის მისაღებ ოთახში, ნ. პ-ს მისმა მეუღლემ - ზ. ქ-მ მათი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ. ქ-ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აგინა, მიმართა უცენზურო სიტყვებით, რაც გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, კერძოდ, ზ. ქ-მ მისგან გარიდების სურვილით მიმავალ ნ. პ-ს ჰკრა ხელი და წააქცია, შემდეგ კი ფეხი მოუქნია და წიხლი ჩაარტყა მარცხენა გვერდში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ადეიშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლას, ზ. ქ-ს დამნაშავედ ცნობას მისთვის ბრალად წარდგენილ ყველა ქმედებაში და შეფარდებული სასჯელის დამძიმებას; მსჯავრდებულმა ზ. ქ-მ და მისმა ადვოკატმა ლ. ს-მ, რომლებიც ითხოვდნენ ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია ზ. ქ-ს მიერ 2019 წლის 18 აპრილს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან მიმართებით, რომ მსჯავრდებული უდანაშაულოა, ვინაიდან საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოებებია დადგენილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, უტყუარი, ურთიერთშეჯერებეული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ. ქ-სა და ნ. პ-ს ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 2019 წლის 18 აპრილს გაცემული №... შემაკავებელი ორდერითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელთა სანდოობაში დაეჭვების გონივრული საფუძველი სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
8. საკასაციო პალატას სურს დამატებით განმარტება გააკეთოს დაზარალებულ ნ. პ-ს გამოქვეყნებულ ჩვენებაზე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ ,,მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა თავისთავად ვერ იქნება სასამართლო განხილვის უსამართლობის განმაპირობებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბრალდების მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა შეფასდეს ბალანსი სასამართლო განხილვის საერთო სამართლიანობის შეფასებისას. მოცემულმა ფაქტორმა ბალანსის დადგენისას შეიძლება გადაწონოს და დადგენილ იქნას 6.1 მუხლისა და 6.3.(დ) მუხლის დარღვევა“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება N9154/10 საქმეზე Schatschaschwili v. Germany, [GC], §113). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემუშავებული პრინციპების მიხედვით, აუცილებელია სამ ეტაპად იქნეს შესწავლილი სამართალწარმოების შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ და მე-3 (დ) პუნქტებთან, როდესაც სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების სახით გამოყენებულ იქნა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო პროცესს და არ დაუკითხავთ. სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობს თუ არა მოწმის დაუსწრებლობის საპატიო მიზეზი და შედეგად შესაძლებელია თუ არა დაუსწრებელი მოწმის გადაუმოწმებელი ჩვენებების გამოყენება;
(ii) არის თუ არა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი, ან გადამწყვეტი საფუძველი;
(iii) არსებობს თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ქმედითი პროცესუალური გარანტიები, რათა დაცვისთვის გადაუმოწმებელი მტკიცებულებების დაშვებით მიყენებული ზიანი დაბალანსდეს და უზრუნველყოფილი იყოს მთლიანი სასამართლო განხილვის სამართლიანობა (იხ. ზემოთ ციტირებული Schatschaschwili v. Germany, [GC], §105-107).
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ. პ-ს ჩვენება, რომელიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, გამოქვეყნდა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ვინაიდან დადასტურებულია, რომ ნ. პ. არ იმყოფებოდა საქართველოში, მისი ჩვენების გამოქვეყნების დროს ამოწურული იყო სასამართლოში მისი წარმოდგენის გონივრული შესაძლებლობა და, ამასთან, ნ. პ-ს ჩვენება არ ყოფილა ზ. ქ-ს მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი იყო ზ. ქ-ს ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა არაერთი სამხილი, მათ შორის - დაზარალებულ მ. ქ-ს ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და 2019 წლის 18 აპრილს გაცემული №... შემაკავებელი ორდერი, რომლებიც გამოკვლეული იქნა სასამართლოში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი ან კეთილსინდისიერად ცდება, ან შეგნებულად ცდილობს მტკიცებულებების არასწორ ინტერპრეტაციას, რომ თითქოსდა, მ. ქ-ს ჩვენება არის ირიბი, ხოლო ნ. პ-ს დაზიანება ვერ დაუდგინდა. მ. ქ-მ დეტალურად აღწერა, როგორ შევიდა 2018 წლის 18 აპრილს მისაღებ ოთახში და გახდა მამის მხრიდან დედაზე ფიზიკური ძალადობის თვითმხილველი, ხოლო შემთხვევიდან რამდენიმე საათში ჩატარებული სამედიცინო კვლევისას გამოხატული დაზიანებების არარსებობა და შემდგომ მათი წარმოშობა დამაჯერებლად ახსნა სამედიცინო გამოკვლევის ჩამტარებელმა ექიმმა - ი. ს-მ, რომელმაც განმარტა ზედაპირული ტრავმის მნიშვნელობა, რაც ნიშნავს სხეულის რბილი ქსოვილის დაჟეჟილობას, რომელიც შესაძლოა, რაღაც პერიოდი გარეგნულად არ შეინიშნებოდეს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ჰემატომის სახით გახდეს შესამჩნევი. 2019 წლის 18 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ. ლ-მ) ნ. პ-ს გარეგანი დათვალიერებით დაუდგინდა სისხლნაჟღენთი წელის მიდამოში, რომელიც განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 18 აპრილს.
12. საქართველოს კანონის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, საპროცესო წარმომადგენელი არის მოსამართლის, პროკურორის, გამომძიებლის მიერ დანიშნული მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანამშრომელი ან სხვა სანდო პირი, რომელიც ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას არასრულწლოვნის სახელითა და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. საპროცესო წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც კანონიერი წარმომადგენელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის სახით დასაკითხ არასრულწლოვან მ. ქ-ს ინტერესთა კონფლიქტის გამო დაენიშნა საპროცესო წარმომადგენელი და მისი სასამართლოში დაკითხვისას მოიწვიეს ფსიქოლოგი. სასამართლო განხილვისას მ. ქ-.ს დაკითხვაში ადვოკატთან ერთად მონაწილეობდნენ საპროცესო წარმომადგენელი - ა. დ. და ფსიქოლოგი - მ. კ. ასევე საპროცესო წარმომადგენლის თანხმობითა და მონაწილეობით გამოიკითხა მ. ქ. გამოძიების ეტაპზე. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვან მ. ქ-ს გამოკითხვისას და სასამართლოში ჩვენების მიცემისას არასრულწლოვნის დაკითხვის კანონით დადგენილი წესი არ დარღვეულა. საკასაციო პალატა აქვე დასძენს, რომ არასრულწლოვანი მ. ქ. სასამართლოში დაიკითხა მხარეთა მონაწილეობით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რა დროსაც როგორც თავისუფალი თხრობის, ასევე პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის რეჟიმით თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები და არაფერი უთქვამს მის მიმართ შესაძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.
13. კასატორის მტკიცებით, არასრულწლოვან მ. ქ-ს ხელოვნურად მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, ვინაიდან სასამართლოში გაკეთებული განმარტებით ძალადობის შედეგად მას ზიანი არ მისდგომია, რასაც საკასაციო პალატა კატეგორიულად არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ბავშვს, რომელიც ერთი მშობლის მხრიდან მეორის მიმართ ძალადობის შემსწრეა, ადგება მნიშვნელოვანი მორალური ზიანი, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა თავად არასრულწლოვანი ამ ზიანის ხასიათსა და შესაძლო შედეგებს. 13 წლის მოზარდის თანდასწრებით დედაზე ძალადობამ შესაძლოა, სავალალო ზემოქმედება იქონიოს არასრულწლოვნის ფსიქიკასა და შემდგომ განვითარებაზე, ვინაიდან ოჯახში ძალადობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვზე, უნგრევს მას სტაბილურობისა და უსაფრთხოების განცდას, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ასაკში ბავშვი არის თვითგამორკვევის პროცესში, მისი ფსიქიკა ჩამოყალიბების სტადიაზეა და გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობით.
14. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება არ დაწყებულა დაზარალებულის განცხადების საფუძველზე და, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე მისი კანონიერი ინტერესი გამოკვეთილი არ არის და იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებას საქმეზე ,,ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით. მოცემულ საქმეზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით დაცული უფლებების დარღვევის ერთ-ერთ საფუძვლად მიჩნეულ იქნა ხელისუფლების მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობა და ხელისუფლების ორგანოების არაჯეროვანი მოქმედება მომჩივნისა და მისი დედის მიმართ ძალადობის აღსაკვეთად, სისხლისსამართლებრივი ან სხვა შესაბამისი პრევენციული ზომების განუხორციელებლობა, მიუხედავად მსხვერპლთა მიერ საჩივრების უკან გამოხმობისა, აგრეთვე ის გარემოება, რომ ხელისუფლების ორგანოებმა სათანადოდ არ გააანალიზეს საჩივრების გამოტანის მიღმა არსებული მოტივები. სასამართლომ განმარტა, რომ ხელისუფლების ორგანოების ვალდებულება, მოქმედების განსაზღვრისას შეინარჩუნონ ბალანსი კონვენციის მე-2, მე-3 თუ მე-8 მუხლებს შორის, ზოგადად, აღირებულია. ამ მხრივ, წევრ სახელმწიფოთა პრაქტიკის ანალიზის შედეგად, სასამართლომ აღიშნა, რომ არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს დევნის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას. ესენია:
- დანაშაულის სერიოზულობის ხარისხი;
- მსხვერპლის დაზიანება ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ხასიათსაა;
- გამოიყენა თუ არა ბრალდებულმა იარაღი;
- თავდასხმის შემდეგ ემუქრებოდაა თუ არა ბრალდებული დაზარალებულს;
- დაგეგმა თუ არა ბრალდებულმა თავდასხმა;
- ოჯახში მცხოვრებ ბავშვებზე გავლენა (მათ შორის ფსიქოლოგიური); დამნაშავის მიერ ხელახალი დანაშაულის ჩადენის ალბათობა;
- მსხვერპლის ან ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელიც იყო ან შეიძლება იყოს ჩართული კონფლიქტში, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისადმი განგრძობადი საფრთხის არსებობა;
- დაზარალებულის ახლანდელი ურთიერთობა ბრალდებულთან;
- დევნის განხორციელების შემთხვევში ურთიერთობაზე სავარაუდო გავლენა;
- ურთიერთობის ისტორია, განსაკუთრებით, არსებობდა თუ არა ძალადობის შემთხვევები წარსულში;
- და ბრალდებულის კრიმინალური წარსული, განსაკუთრებით კი წინა ძალდობრივი დანაშაულის არსებობა.
მოცემული პრაქტიკიდან შესაძლებელია შემუშავდეს დასკვნა, რომ რაც უფრო სერიოზულია დანაშაული ან დიდია მომავალში მათი ჩადენის საფრთხე, მითუფრო გონივრულია, რომ პროკურატურამ იმ შემთხვევაშიც კი განაგრძოს საქმის წარმოება საჯარო ინტერესების დასაცავად, როცა მსხვერპლი უკან გამოიხმობს წარმოდგენილ საჩივრებს ((იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება No.33401/02 საქმეზე Opuz v. Turkey [GC], §138-139).
15. ამდენად, ოჯახური ძალადობის მოცემული საქმეზე, როდესაც დაზარალებული ნ. პ. აშკარად დაშინებულია და ჩვენების მიცემისას არ დაუმალავს, რომ არა მეზობელი, თავად ვერასდროს გაბედავდა სამართალდამცავებისათვის მიემართა, სწორედ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, რამ განაპირობა გამოძიების დაწყება, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შურიგდა თუ არა მოძალადეს. ოჯახური ძალადობის საქმეში დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება პირდაპირ არის დაკავშირებული სწრაფი და ეფექტური გამოძიებით ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან, მოძალადის იდენტიფიცირებასა და მისთვის ადეკვატური სასჯელის მიზღვასთან.
16. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ქ-ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდა, რომლის შემსუბუქება მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
17. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ ზ. ქ-ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და მისი მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 18 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში არის კანონიერი, ხოლო მისთვის შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი.
18. ამასთან, ვინაიდან პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა არასრულწლოვან დაზარალებულსა და მის კანონიერ წარმომადგენელს არ განუმარტეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, საკასაციო პალატა მითითებული ნორმის საფუძველზე მათ აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებსა და განუმარტავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
19. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
20. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ქ-ს ადვოკატ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი