საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2020
საქმის ნომერი
2კ-1015აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100119003102244

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1015აპ-19 ქ. თბილისი

ვ–ი რ., 1015აპ-19 1 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. პ–ია საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ვ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრას; განაჩენის გაუქმებას ქონების ჩამორთმევის ნაწილში და საქმეზე ამოღებული სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონებისა და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების (22077 ლარად ღირებული) კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებას.

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენით რ. ვ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, რ. ვ–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგნები - სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება შეადგენს 22077 ლარს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 7 მაისს რ. ვ–მა (R–T V–V) საბაჟო გამშვები პუნქტის „..........“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ავტომანქანა ,,გაზ 31105”-ით (სახ. ნომ: ........), რომელსაც თვითონვე მართავდა, სცადა გადაეტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები, კერძოდ, 22 077 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ვ–სათვის სასჯელის სახით ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრას, ასევე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 22 077 ლარად ღირებული სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონებისა და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების მათი კანონიერი მესაკუთრისათვის - გ. ბ–სათვის დაბრუნებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 7 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6. საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ვ–სათვის სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული ჯარიმის ოდენობის შემცირების თაობაზე არ ეთანხმება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ რ. ვ–სათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, მისი ცხოვრების პირობები, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ რ. ვ–ის ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი) და მსჯავრდებულ რ. ვ–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, “დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ანდა ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად”.

8. სასამართლო არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და აღნიშნავს რომ განაჩენში მითითებული მობილური ტელეფონები და მათთვის განკუთვნილი აქსესუარები მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულის საგანს და არა დანაშაულის ჩასადენად გამიზნულ ნივთებს. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ განაჩენში მითითებული დანაშაულის საგნის ჩამორთმევა ემსახურება ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით დაცვის მხარეს სრულიად კანონიერად ეთქვა უარი საქმეზე ამოღებული სხვადასხვა სახეობის მობილური ტელეფონებისა და მათთვის განკუთვნილი აქსესუარების, რომელთა ღირებულება შეადგენს 22077 ლარს, კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნებაზე.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. პ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე