საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№957აპ-19 ქ. თბილისი
ა-ი ნ-ნ, 957აპ-19 4 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ბ-ისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ნ. ა-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ბ-ის ეპიზოდი) – 6 წლით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თ-ის ეპიზოდი) – 7 წლით, ხოლო 193-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი ან წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება და სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2013 წლის 16 აგვისტოდან იმავე წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად. მსჯავრდებულ ნ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 20 დეკემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ა-მა ჩაიდინა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ; თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით; ცრუ მეწარმეობა, ე.ი. საწარმოს შექმნა სამეწარმეო საქმიანობის განზრახვის გარეშე, აკრძალული საქმიანობის დაფარვის მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
4. ნ. ა-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ა-მა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, განიზრახა თ-ში მცხოვრებ პირთა ფულადი თანხების დაუფლება. ამ მიზნით მათ შეიმუშავეს ე.წ. „ფინანსური პირამიდის“ განხორციელების დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა განუსაზღვრელ პირთა დიდი ოდენობით ფულადი თანხების დაუფლებას, რისთვისაც გაინაწილეს როლები, კერძოდ: ნ. ა-ს დაევალა ორგანიზაციის დაფუძნება, პრეზენტაციების ჩატარება და მოქალაქეთა დარწმუნება მათი საქმიანობის კანონიერებაში. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს დაევალათ ორგანიზაციის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოტყუებით დაუფლებული ფულადი თანხების შენახვა და მოქალაქეთა მოზიდვა, მათი ფულადი თანხების დაუფლების მიზნით. აკრძალული საქმიანობის – ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების დაფარვისა და მათი საქმიანობისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, 2012 წლის 29 ნოემბერს ნ. ა-მა დააფუძნა შპს „ ო. ი. G. D. “, რომელსაც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდნენ თავად ნ. ა-ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე ეხმარებოდნენ შპს „ო. ი. G. D.-ში“ ფაქტობრივად დასაქმებული სხვა პირები.
· პირთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვისა და მათი ფულადი თანხების დაუფლების მიზნით, ნ. ა-ი შპს „ო. ი. G. D.-ის“ ოფისებში სისტემატურად მართავდა პრეზენტაციებს, რა დროსაც დამსწრე პირებს აწვდიდა განზრახ ცრუ ინფორმაციას შპს „ო. ი. G. D.-ის“ საქმიანობის ძირითადი პრინციპების, შემოსავლის წყაროების, პარტნიორებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ, რამაც განაპირობა პირთა ნდობა და მათი თანხმობა ორგანიზაციაში ფულადი თანხების შეტანაზე.
· საწყის ეტაპზე ნ. ა-მა და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებმა მოქალაქეებს შესთავაზეს ე.წ. „ბიზნესპროექტი“, რომლის ფარგლებში პირი ორგანიზაციაში გარკვეული ფულადი თანხის შეტანის შემთხვევაში მიიღებდა დაახლოებით 14-ჯერ გაზრდილ შემოსავალს, რამაც უზრუნველყო პირთა მაქსიმალური რაოდენობის მოზიდვა და შპს „ო. ი. G. D.-ის“ შესახებ ინფორმაციის სწრაფად გავრცელება საზოგადოებაში.
· ამასთანავე, დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვის მიზნით, პირთა ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლებისას, ფორმდებოდა ე.წ. „სახელშეკრულებო შეთანხმება“, რომელიც ანალოგიურად ქმნიდა კანონიერი საქმიანობის განხორციელების შთაბეჭდილებას. შემდგომში – უკვე მაქსიმალური ოდენობის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, გაიზარდა შესატანი ფულადი თანხის ოდენობა და შემცირდა ე.წ. „გასაცემი სარგებლის“ ოდენობა, რამაც უზრუნველყო შპს „ო. ი. G. D.-ში“ მაქსიმალური ოდენობის ფულადი თანხის შეტანა მოქალაქეთა მიერ, რასაც დაეუფლნენ ორგანიზებული ჯგუფის წევრები.
· აღნიშნული დანაშაულებრივი ხერხით შპს „ო. ი. G. D.-ის“ დაფუძნებიდან 2013 წლის აპრილამდე დროის შუალედში ნ. ა-ი და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები მოტყუებით დაეუფლნენ დაახლოებით 560 დაზარალებული პირის კუთვნილ 808 587 აშშ დოლარსა და 50 257 ლარს.
· შპს „ ო. ი-ის “ (--) დამფუძნებელმა და დირექტორმა ნ. ა-მა 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე შუალედში ბ-ში, შ. რ-ის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ს-ო ს-ო აკ-ასა და ხ-ის რაიონის სოფელ ფ-ის საჯარო სკოლაში ჩაატარა პრეზენტაციები თავისი ბიზნესგეგმის შესახებ, სადაც ის იძლეოდა დაპირებას, რომ შპს „ო. ი-ში“ მოქალაქის მიერ ფულადი თანხის – 850 აშშ დოლარის შეტანის შემთხვევაში, თითქოს 35 სამუშაო დღეში, სამ ეტაპად დაუბრუნებდა შეტანილი თანხის სამმაგ ოდენობას, ანუ 2 400 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ ნ. ა-მა იცოდა, თავისი ბიზნესგეგმის (ფინანსური პირამიდა) მიხედვით დანაპირების ასრულება და მიღებული ფულადი თანხების დაბრუნება შეუძლებელი იყო, იგი ქ. ბ-ში 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის აპრილამდე შუალედში, 149 პირისაგან, ზემოაღნიშნული თაღლითური სქემით, მოტყუებით მაინც დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას. პირველ ხანებში, სხვა მოქალაქეებისაგანაც მეტი თანხის მიღების, მათი კეთილგანწყობის მოპოვებისა და თვალის ახვევის მიზნით, მან ერთი თვის განმავლობაში, პირობის შესაბამისად, კონტრაქტორების ნაწილზე გასცა შეთანხმების პირველი ეტაპის თანხები. რამდენიმე თვე კვლავ განაგრძობდა მოქალაქეებისაგან თანხების მიღებას, ხოლო შემდეგ კი თანხების გაცემა შეწყვიტა და დაზარალებულებს რაიმე სარგებელი ან გადახდილი თანხა აღარ დაუბრუნა.
· ზემოაღნიშნული თაღლითური სქემის გამოყენებით ნ. ა-ის მიერ მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებულმა ფულადი თანხის ოდენობამ და დაზარალებულებისათვის მიყენებულმა ზიანმა ჯამურად შეადგინა 174 525 აშშ დოლარი და 27 036 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულის ადვოკატებმა – ლ. ბ-ემ და დ. ბ-ემ. კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებასა და მის ნაცვლად კანონიერი განაჩენის დადგენას, რომლითაც ნ. ა-ის ქმედება სწორად დაკვალიფიცირდება და განესაზღვრება სამართლიანი და დასაბუთებული სასჯელი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულის ქმედებები სწორად დააკვალიფიცირა და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით (მოწმეების: ე. გ-ის, მ. მ-ის, თ. ლ-ის, ი. გ-ას, ლ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, სახელშეკრულებო შეთანხმებებით, ამოღებული დოკუმენტაციითა და დათვალიერების ოქმებით, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრების ამონაწერებით, ნოტარიუს თ. გ-ის მიერ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მასალებით, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით) საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ. ა-მა ნამდვილად ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 193-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ლ. ბ-ისა და დ. ბ-ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი