საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №993აპ-19 თბილისი
ქ-ა ლ-ა, 993აპ-19 11 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ქ-ას ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენით ლ. ქ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სამ - 2017 წლის 12, 13 და 14 ივლისის ეპიზოდებში) და თითოეულ ეპიზოდში მიესაჯა 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ქ-ას განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 10 მაისიდან.
2. განაჩენის მიხედვით, ლ. ქ-ას მსჯავრი დაედო პენიტენციურ დაწესებულებაში პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (სამ ეპიზოდში).
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის მსჯავრდებულმა ლ. ქ-ამ:
ü 2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №- დეესკალაციის ოთახში, მასთან ხელბორკილის მოსახსნელად შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს - მ. ი-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: სახეში დაარტყა ხელი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად;
ü 2017 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 19:04 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №-ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №- დეესკალაციის ოთახში, მასთან ექიმთან ერთად შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს - მ. ბ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა ფერდში ორჯერ დაარტყა ფეხი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ü 2017 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 03:36 საათზე, ბ-ში, თ. მ-ის ქუჩის №--ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №- დეესკალაციის ოთახში, მასთან ხელბორკილის მოსახსნელად შესულ ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს - მ. ბ-ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: მარჯვენა მხარეს, ბარძაყის, წელისა და ორივე ხელის მიდამოებში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, რითაც დაზარალებულს მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ქ-ამ და მისმა ადვოკატმა ვ. კ-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. ქ-ას გამართლება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ქ-ას ადვოკატმა ვ. კ-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ლ. ქ-ას გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ლ. ქ-ა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სამ ეპიზოდში). ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ქ-ას ადვოკატ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე