დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802220003798343
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№36I-20 ქ. თბილისი
ო. ჰ. 36I-20 7 აგვისტო, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ჰ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჰ. ო-ს მიმართ თ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2013 წლის 1 თებერვალს თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს განაჩენით ჰ-ნ ო. (დაბადებული 1...წლის ...., თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე) ცნობილ იქნა დამნაშავედ თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული განაჩენით ჰ. ო-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2014 წლის 22 იანვარს თ-ს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში.
2014 წლის 26 მარტს თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონის მთავარმა პროკურატურამ გამოსცა ჰ. ო-ს დაკავების ბრძანება.
2015 წლის 22 ივლისიდან ჰ. ო. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. ჰ. ო-ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2020 წლის 21 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ.ო.
2020 წლის 22 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით ჰ. ო-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2020 წლის 30 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ჰ. ო-ს ექსტრადიციის შესახებ თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2020 წლის 15 მაისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თ-ს რესპუბლიკიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ჰ. ო-ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2020 წლის 19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ჰ. ო-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2020 წლის 21 აგვისტომდე.
ამჟამად ჰ. ო. მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №..პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
თ-ს რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობს შემდეგში:
2004 წლიდან 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში თ-ს რესპუბლიკაში, ქ. ი-ში, ჰ. ო. მისსავე სახლში მცხოვრებ, 15 წელს მიუღწეველ ცოლისდაზე – რ. ა-ზე სექსუალურად ძალადობდა. 2004 წელს (კონკრეტული თარიღი უცნობია) ჰ.ო-მ სახლში ყოფნისას რ. ა-ს ძალის გამოყენებით გახადა ტანსაცმელი, ეფერებოდა და კოცნიდა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, სასქესო ორგანოთი ეხებოდა უკანა ტანისა და დაზარალებულის სასქესო ორგანოს ზედაპირს. ამ დროისათვის რ. ა. 10 წლის იყო. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჰ. ო. 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით სისტემატურად ახორციელებდა მსგავსი სახის სექსუალური ხასიათის ქმედებებს რ. ა-ს მიმართ. ამასთან, ჰ. ო. რ. ა-ს ემუქრებოდა, რომ, თუ აღნიშნულის თაობაზე ვინმეს მიაწვდიდა ინფორმაციას, მას და მის დას მოკლავდა.
4. 2020 წლის 25 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თ. ც-მ და ითხოვა ჰ. ო-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ო-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებას და ჰ. ო-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰ. ო. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2020 წლის 21 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ, როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ ჰ. ო. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, ხსენებული პიროვნება არ ითვლება, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თ-ს რესპუბლიკის მოქალაქე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჰ. ო-ს 2020 წლის 10 აპრილს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. ჰ. ო-მ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ჰ. ო-ს სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განჩინების გამოტანის დროისათვის). აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მიმდინარე საერთაშორისო დაცვის პროცესი არ აფერხებს ექსტრადიციის საქმის განხილვას დასაშვებობის სტადიაზე. თუმცა არსებული კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ ექსტრადიციაზე ვერ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ვიდრე საერთაშორისო დაცვის პროცესი სრულად არ დასრულდება.
5. ადვოკატის მტკიცებით, ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ჰ. ო-ს მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე.
6. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის საფრთხის თაობაზე.
7. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს,.. როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K v Russia, ECtHR, no 69235/11, § 66, 23/05/2011). ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული ძალადობრივი მდგომარეობა თავისთავად არ არღვევს კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს პირის ამ ქვეყანაში ექსტრადიციის შემთხვევაში (იხ. H.L.R. v. France, § 41, ECtHR, 29/04/1997), გამონაკლისია „განსაკუთრებით უკიდურესი შემთხვევები“ (T.K. and S.R. v. Russia, no28492/15 და 49975/15, § 79, 19/11/2019; იხ.Sufi and Elmi v. the United Kingdom, no. 8319/07, 11449/07, §§ 216, 218, 28/06/2011).
8. დაცვის მხარის განცხადებით, თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაძლებელია, ჰ. ო-ს სიცოცხლეს დაემუქროს საფრთხე ფ. გ-ს მომხრეთა მხრიდან, რადგან თავად არის მისი მოწინააღმდეგე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება გაცხადებულ საფრთხესთან დაკავშირებით. როგორც თავად ჰ. ო-მ განმარტა, მას ფ. გ-ს ან მისი მომხრეების წინააღმდეგ საჯარო განცხადებები არასდროს გაუკეთებია და საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. არც საექსტრადიციო მასალებში მოიპოვება და არც ჰ. ო-ს წარმოუდგენია სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება, რომელიც, ექსტრადიციის შემთხვევაში, უფლებების დარღვევის საფრთხეზე მიუთითებდა ან/და დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ, მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში თ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ჰ. ო-ს სათანადო დაცვას. თავის მხრივ, ვერც ბრალდების მხარემ მოიპოვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც არსებითი საფუძველი გახდებოდა ვარაუდისათვის, რომ ჰ. ო-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან უფლებების სხვაგვარი დარღვევის საფრთხე.
9. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ჰ. ო-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ს რესპუბლიკაში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, არ არსებობს რაიმე ნიშნით მისი დევნის საფრთხე (აღნიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში (google.com, bing.com, yahoo.com) მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.
10. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თ-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. მხედველობაშია მისაღები თ-ს რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თ-ს რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თ-ს რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით. ამდენად, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის მოსაზრება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამების, არასათანადო მოპყრობის საფრთხის ან სიცოცხლის ხელყოფის რისკის შესახებ.
11. სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენი გამოტანილია ჰ. ო-ს დაუსწრებლად. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე თ-ს რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია კომპეტენტური ორგანოების გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო-ს მიეცემა მისი საქმის ხელახალი განხილვის შესაძლებლობა.
12. ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188).
13. თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედება დასჯადია თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა. ჰ. ო-ს ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა საქართველოს სსკ-ის მოქმედი რედაქციის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ქმედების ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის მიხედვით, დასჯადია 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, ჩადენილი იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია 14 წელი), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
14. დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა ჩადენისთვისაც ჰ. ო. მსჯავრდებულია თ-ს რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თ-ს რესპუბლიკაში ჰ. ო-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2014 წლის 22 იანვარს. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ჰ. ო-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არც თ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული.
15. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ჰ. ო-მ გასაუბრებისას განმარტა, თ-ს რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ოჯახის წევრები, ხოლო საქართველოში ცხოვრობს მისი მეგობარი ქალი ს. შ., რომელიც საქართველოს მოქალაქეა და რომელთანაც არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ჰ. ო-ს დაკავებამდე ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. ჰ. ო-მ ასევე აღნიშნა, რომ ს. შ. 2010 წლიდან დღემდე გარკვეული პერიოდულობით სტუმრობს თ-ს რესპუბლიკას, წლების განმავლობაში აქვს იქ მოგზაურობის გამოცდილება.
16. გასათვალისწინებელია, რომ თ-ს რესპუბლიკა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე ს. შ-მ 285-ჯერ გადაკვეთა საქართველოსა და თ-ს რესპუბლიკის საზღვარი, რაც კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ ს. შ-ს თ-ს რესპუბლიკაში მოგზაურობისათვის დაბრკოლებები არ ექმნება. ასეთ ვითარებაში ჰ. ო-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.
17. ამდენად, არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ჰ. ო-ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-6 და მე-8 მუხლები.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ჰ. ო-ს თ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თ-ს რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 103-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით (სექსუალური ძალადობა, ჩადენილი ბავშვის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის თ-ს რესპუბლიკის ბ-ს რაიონული მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლოს მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ჰ. ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე