საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.09.2020
საქმის ნომერი
2კ-459აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002615967

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №459აპ-20 ქ. თბილისი

ყ. ა. , 459აპ-20 2 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე), მამუკა ვასაძე,შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ირაკლი ქარდავამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ ა. ყ.-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით ა. ყ., - დაბადებული …. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 21 ივლისიდან.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 21:10 საათზე, ქ. თ.-ში, კ.-ის ქუჩა №…-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ყ.-მ თავის მეზობელ მ. ბ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლითონის ნაჭერი ჩაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მარცხენა თვალში დაკარგა მხედველობა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ ა. ყ.-სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენში ცვლილების შეტანას კვალიფიკაციის ნაწილში, კერძოდ: ა. ყ.-ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და ამ მუხლის სანქციის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

7. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ა. ყ.-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ა. ყ. ….. წლიდან (…. წლის ასაკიდან) დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით, იგი არის ინსულინდამოკიდებული და ყოველდღიურად იკეთებს ინიექციას. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განჩინების თანახმად, მსჯავრდებულის ადვოკატ თ. ს.-ის შუამდგომლობა ა. ყ.-ს მიმართ ავადმყოფობის გამო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა. მსჯავრდებული ა. ყ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შემდგომი მოხდისაგან და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი ქარდავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე