გაუქმდა გამამართლებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი

სისხლის სამართლის 02.09.2020
საქმის ნომერი
2კ-268აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.09.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001932144

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№268აპ-20 ქ. თბილისი

ა. თ., 268აპ-20 2 სექტემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძემ.

2. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. ა-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებებში. პროკურორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არასწორად განმარტა კანონი და თ. ა. წარდგენილ ბრალდებებში უსაფუძვლოდ გაამართლა. საქმეში არსებობდა ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა - დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთმტკიცების (დანის) ამოღების ოქმი, შემაკავებელი ორდერი და სხვა მტკიცებულებები - რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა თ. ა-ს ბრალეულობას.

3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ. ა-ს (დაბადებულს 19-- წლის 19 ივნისს) ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირის მიმართ და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის 3 აპრილს თ. ა. მივიდა .... მდებარე, ყოფილი მეუღლის - ი. ბ--სა და შვილების - გ. და ა. ა--ების №.. ბინაში, იძალადა ყოფილ მეუღლესა და შვილებზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, კერძოდ: ი. ბ-ს დანით მიაყენა დაზიანება მარცხენა მკლავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; გ. ა-ს დანით მიაყენა დაზიანება მარჯვენა მკლავზე, მხრის არეში და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება; ა. ა-ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ხელის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

- 2017 წლის 3 აპრილს თ. ა. მივიდა ... მდებარე, ყოფილი მეუღლის - ი. ბ-სა და შვილების - გ. და ა. ა-ების №.. ბინაში და ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრებს: ყოფილ მეუღლეს - ი. ბ-ს და შვილებს - გ. და ა. ა-ებს, რომლებსაც გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

4. თ. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლით.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენით თ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. ა-ს დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებებში.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 17 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3. ამდენად, უნდა შეფასდეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსობრივი მხარე, რათა დადგინდეს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებს თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, კერძოდ:

4. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა 2017 წლის 3 აპრილს თ. ა-ს მიერ ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტი. საკასაციო პალატა მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისათვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება. საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. ა. ნამდვილად დაემუქრა თავისი ოჯახის წევრებს სიცოხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, მაგრამ დაზარალებულთა ქმედებები თ. ა-ს მიერ გაცხადებული მუქარის შემდგომ, როდესაც მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავდამსხმელს, განაიარაღეს იგი, აღკვეთეს მისი დანაშაულებრივი ქმედება, გამოიძახეს პოლიცია და თავად გადასცეს იგი სამართალდამცავებს, ობიექტურად არ ჰგავს მუქარის რეალურად აღქმისას მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ცალსახად ვერ დგინდება თ. ა- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან მის ქმედებაში არ არის გამოკვეთილი დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

5. საკასაციო პალატა აღნიშნავს: გარდა ოჯახის წევრებზე მუქარისა, თ. ა-ს ასევე ბრალად წარდგენილი ჰქონდა ყოფილ მეუღლესა და ორ შვილზე ოჯახური ძალადობა და, ამდენად, სასამართლო ამ ბრალდების ფარგლებში შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და გადაწყვეტს, საკმარისია თუ არა მათი ერთობლიობა თ. ა-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების - ოჯახის სამი წევრის მიმართ ძალადობის - გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.

6. პალატა აცნობიერებს რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი და სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დასადასტურებელი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით მოცემულობის დადგენის აუცილებლობას. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: აქვს თუ არა სამხილს შეხება მტკიცების საგანთან, რამდენად სწორად ასახავს იგი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს, არის თუ არა სანდო ინფორმაციის წყარო და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.

7. პირის მსჯავრდებისას იმ პრინციპის დაცვა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა (31-ე მუხლის მე-7 პუნქტი) და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (82-ე მუხლის პირველი ნაწილი). თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ა-ს მიერ ოჯახის წევრებზე ძალადობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ წარმოადგინა დაზარალებულების - ი. ბ-ს, გ. და ა. ა-ების პირდაპირი ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, შემაკავებელი ორდერი, ამოღების ოქმი და აგრეთვე მოწმეების - მ. შ-ს, მ. ბ-ს, ს. გ-ს, ლ. ხ-სა და ა. ხ-ს ჩვენებები, რომლებიც, მართალია, არ ყოფილან ბრალად წარდგენილი ქმედების თვითმხილველები, მაგრამ საქმეში წარმოდგენილ პირდაპირ მტკიცებულებებთან ერთობლივად იძლევიან დანაშაულის სურათის სრულყოფილად აღდგენის შესაძლებლობას.

9. დაზარალებულ ი. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაქორწინებული იყო თ. ა-ზე, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ძალადობდა მასზე და მათ საერთო შვილებზე. განქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, თუმცა თ. ა. სისტემატურად ხვდებოდა მას და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 3 აპრილს აპირებდა სამსახურში წასვლას, რა დროსაც კარის გაღებისთანავე ბინაში შეუვარდა დანით შეიარაღებული თ. ა., წააქცია იგი და მარცხენა მკლავზე მიაყენა ჭრილობა, რის გამოც განიცადა ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. თავდასხმა მოიგერიეს მისმა შვილებმა. თ. ა-მ გ ა-ს დანით მიაყენა ორი ჭრილობა მარჯვენა მხარში, უქნევდა ფეხებსა და ხელებს და გაუხეთქა ტუჩი, ხოლო ა. ა-ს - მოსტეხა მარჯვენა ხელი. თ. ა-ს დანა წაართვა გ. ა-მ, რომელიც მოგვიანებით გადასცეს პოლიციას.

10. დაზარალებულ ი. ბ-ს ჩვენება თანხვდენილია და დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... დასკვნით, რომლის თანახმად, ი. ბ-ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2017 წლის 3 აპრილს. მას პირადი გასინჯვისას სხეულზე აღენიშნებოდა სწორკიდეებიანი ჭრილობა (მარცხენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე), ნაჭდევები (მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე) და სისხლნაჟღენთები (მაცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა წვივის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე). სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის, ხოლო ყველა სხვა დაზიანება - რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა სხვა დაზიანება, გარდა მარჯვენა წვივზე არსებულისა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 3 აპრილს.

11. დაზარალებულ გ. ა-ს ჩვენებით დასტურდება, რომ ი. ბ-თან თანაცხოვრების პერიოდში თ. ა. სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე. მშობლების განქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ მამისგან განცალკევებით, თუმცა თ. ა. მაინც ხვდებოდა ი. ბ-ს და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 3 აპრილს შემოესმა დედის კივილი. დერეფანში ნახა იატაკზე დაგდებულ ი. ბ., რომელსაც თავზე ედგა დანით შეიარაღებული თ. ა. და ემუქრებოდა. იგი შეეცადა მამისათვის დანა წაერთმია, რა დროსაც თ. ა-მ ორჯერ გაჰკრა იგი მხარში და მიაყენა დაზიანება, ასევე სახეში დაარტყა მუშტი და გაუხეთქა ტუჩი. თ. ა. იქნევდა ხელებსა და ფეხებს და მის ძმას - ა. ა-ს დაუზიანა ხელი. მისი ვარაუდით, მამა ა. ა-ს ამ დაზიანებას ფეხით ვერ მიაყენებდა. მან წაართვა დანა თ. ა-ს, რომელიც მოგვიანებით გადასცეს პოლიციას.

12. დაზარალებულ გ. ა-ს ჩვენება თანხვდენილია და დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... დასკვნით, რომლის თანახმად, გ. ა-ს სამედიცინო დახმარება გაეწია 2017 წლის 3 აპრილს. მას პირადი გასინჯვისას სხეულზე აღენიშნებოდა ორი სწორკიდეებიანი ჭრილობა (მარჯვენა მხრის ზედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირზე), უსწოროკიდეებიანი ჭრილობა (მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედის უკანა ზედაპირზე), ნაჭდევები (მარჯვენა მხრის ზედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირზე, მარჯვენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოზე, მარჯვენა ლავიწქვედა მიდამოში, მარჯვენა მხრის ზედა მესამედის უკანა ზედაპირზე, მარჯვენა წინამხრის ზედა მესამედში უკანა და შიგნითა ზედაპირებზე, ამავე იდაყვისა და მხრის უკანა და შიგნითა ზედაპირებზე გადასვლით) და სისხლნაჟღენთები (მარჯვენა მხრის ზედა მესამედის უკანა ზედაპირსა და მარცხენა წინამხრის ზედა მესამედის გარეთა ზედაპირზე). სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი საგნის მოქმედებით, ხაზოვანი ნაჭდევები - რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ხოლო ყველა სხვა დაზიანება - რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 2017 წლის 3 აპრილს.

13. დაზარალებულ ა. ა-ს ჩვენებით ირკვევა, რომ თანაცხოვრების პერიოდში თ. ა. სისტემატურად ძალდობდა მეუღლესა და შვილებზე. მშობლების განქორწინების შემდეგ ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე, თუმცა თ. ა. მაინც ხვდებოდა ი. ბ-ს და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2017 წლის 3 აპრილს შემოესმა დედის კივილი და დერეფანში ნახა იატაკზე დაგდებული ი. ბ. და თავისი ძმა - გ. ა., რომელსაც მხარში ჰქონდა ორი ჭრილობა, სდიოდა სისხლი და ცდილობდა თ. ა-სათვის წაერთმია დანა. იგი შეეცადა ძმის დახმარებას, რა დროსაც თ. ა-მ ფეხებისა და ხელების ქნევისას ფეხსაცმლიანი ფეხით მიაყენა დაზიანება მარჯვენა ხელში, რაც ძალიან ეტკინა და გაუსივდა, აღმოჩნდა, რომ ჰქონდა მოტეხილი. თ. ა-ს დანა წაართვა გ. ა-მ და ის მოგვიანებით გადასცეს პოლიციას.

14. დაზარალებულ ა. ა-ს ჩვენება თანხვდენილია და დასტურდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის №... და №... დასკვნებით, რომელთა თანახმად, ა. ა-ს 2017 წლის 3 აპრილს, პირადი გასინჯვისას, აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი (მარჯვენა წინამხრის ქვედა მესამედის უკანა ზედაპირზე) და ნაჭდევი (მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ა. ა-მ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2017 წლის 6 აპრილს მიმართა კლინიკას, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მტევნის მე-5 თითის დაჟეჟილობა. რენტგენოფირები შეისწავლა რადიოლოგმა, რომლის დასკვნით, აღინიშნება მოტეხილობა მე-5 მეტაკარპალური ძვლის ფუძის მიდამოში. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დაზიანების მიღების თარიღს - 2017 წლის 3 აპრილს. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლივად მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

15. დაზარალებულებმა - ი. ბ-მ, გ. და ა. ა-ებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ თ. ა-ს ნარკოტიკების მოხმარების გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა იღებდა მედიკამენტებს, რაც მკვეთრად აუმჯობესებდა მის ფიზიკურ მდგომარეობას და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ შემთხვევის დღეს თ. ა-ს გადაადგილებისა და მეტყველების უნარები შეზღუდული არ ჰქონია.

16. ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 3 აპრილს ... მდებარე №-- ბინაში, პატრულ-ინსპექტორ ს. გ-სგან ამოღებულ იქნა სამზარეულოს დანა, რომელიც საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის №.. დასკვნით დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დამტკიცდა №.. შემაკავებელი ორდერი მოძალადე - თ. ა-ს მიმართ, რომელსაც აეკრძალა მსხვერპლ - ი. ბ-სა და გ. და ა. ა-ებთან მიახლოება. შემაკავებელ ორდერზე თანდართული ახსნა-განმარტებები ზედმიწევნით თანხვდენილია დაზარალებულების მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებთან.

18. დაზარალებულების მეზობლად მცხოვრები, მოწმე მ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ი. ბ-ს სახლიდან ხშირად ესმოდა ოჯახური კონფლიქტისათვის დამახასიათებელი ხმაური. 2017 წლის 3 აპრილსაც გაიგონა მსგავსი ხმა, თვალი შეავლო პოლიციასა და სასწრაფოს და ი. ბ-ს ბინაში დანამდვილებით დაინახა იატაკზე დაგდებული ნაჭერი და სისხლის წვეთები. მოწმე მ. შ-ს ჩვენებით ირკვევა, რომ თ. ა. იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და თანაცხოვრების პერიოდში და შემდგომაც სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ი. ბ-ს, რომელიც არაერთხელ შეუფარებია თავისთან მეუღლის ძალადობისაგან დასაცავად. მოწმეებმა - ს. გ-მ, ლ. ხ-მ და ხ. ხ-მა, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ 2017 წლის 3 აპრილს და მომდევნო დღეებში თ.- ა-სთან ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ბრალდებულს დაკავებისას და პირველადი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ჯანმრთელობის გამოხატული პრობლემები არ აღენიშნებოდა, გადაადგილდებოდა დამოუკიდებლად და მეტყველებდა თავისუფლად. ბრალდებულისათვის სამედიცინო დახმარების შეთავაზების შესახებ 2017 წლის 3 აპრილის ოქმით ირკვევა, რომ დაკავებულ თ. ა-ს შესთავაზეს სამედიცინო დახმარება, რაზეც განაცხადა უარი.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს: ცალსახაა, რომ დაზარალებულების - ი. ბ-ს, გ. და ა. ა-ების ჩვენებებს აქვთ პირდაპირი შეხება მტკიცების საგანთან, თუმცა დავის საგნად არის ქცეული დაზარალებულთა ჩვენებების სანდოობა, ის, თუ რამდენად სწორად და დამაჯერებლად ასახავენ ისინი ბრალად წარდგენილი ქმედების არსებით გარემოებებს, რომელთა უტყუარად დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართო ვალდებულია, უპირველესად განიხილოს სისხლის სამართლის საქმე კონკრეტული ბრალდების ფარგლებში, უტყუარად დაადგინოს ფაქტები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ. სააპელაციო სასამართლომ საეჭვოდ და არასარწმუნოდ მიიჩნია დაზარალებულების ჩვენებები და მათ მიმართ კრიტიკული პოზიცია გაამყარა რამდენიმე არგუმენტით, რომლებსაც დაწვრილებით ქვემოთ მიმოვიხილავთ და რომლებიც, საკასაციო პალატის შეფასებით, მოკლებულია გონივრულ საფუძველს და არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:

21. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დაზარალებულების ჩვენებების იმ ნაწილზე, სადაც მათ მიუთითეს, რომ 2017 წლის 3 აპრილს თ. ა. იყო განსაკუთრებულად ჯანმრთელი და ძლიერი იმ პირობებში, როდესაც მას გადაადგილებისა და მეტყველების უნარიც კი შეზღუდული ჰქონდა და ამასთან, საქმეში არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით ირკვეოდა, რომ 2018 წლის 21 სექტემბერს თ. ა-ს დაუდგინდა დიაგნოზი: მარგანეციით გამოწვეული ქრონიკული ენცეფალოპათია, პალიდური დეგენერაცია.

22. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენიდან - 2017 წლის 3 აპრილიდან, ხანგრძლივი დროის შემდეგ, კერძოდ, 2018 წლის 21 სექტემბერს ჩატარებული სამედიცინო კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ თ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რთული, ვერაფრით გამორიცხავს მისი მხრიდან 2017 წლის 3 აპრილს ოჯახის წევრებზე ძალადობის ფაქტს. მეტიც, თ. ა-ს ბრალეულობას ვერც ის გააბათილებს, რომ ბრალდებულს სასამართლო განხილვების დროს შეზღუდული ჰქონდა გადაადგილებისა და მეტყველების უნარები, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულმა უკლებლივ ყველა მოწმემ თუ დაზარალებულმა - ი. ბ-მ, გ. და ა. ა-ებმა, ს. გ-მ, ლ. ხ-მ და ლ. ხ-მა, რომლებმაც პირადად ნახეს თ. ა. დანაშაულის ჩადენის დღეს და მომდევნო პერიოდშიც, ცალსახად დაადასტურეს, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის გამოხატული პრობლემები არ აღენიშნებოდა, გადაადგილებისა და მეტყველების შესაძლებლობა წართმეული არ ჰქონია და ნამდვილად შესწევდა უნარი, ჩაედინა ბრალად წარდგენილი ქმედებები. საკასაციო პალატა აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლომ თ. ა-ს უდანაშაულოდ ცნობას საფუძვლად დაუდო შპს ,,პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის“ მიერ 2018 წლის 21 სექტემბერს გაცემული ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ყურადღების მიღმა დატოვა ამავე ცნობაში მითითებული გარემოება, რომლის მიხედვითაც, თ. ა-ს ჰქონდა რემისიის პერიოდი (პრეპარატ ვენლაქსინის ფონზე), რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს დაზარალებულების ჩვენებების სისწორეს და ადასტურებს მათ მონათხრობს, რომ თ. ა-ს ნარკოტიკული საშუალებების სისტემატურად მოხმარების გამო ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა იღებდა გარკვეულ მედიკამენტებს, რომელთა მოქმედების ფონზე გამოიყურებოდა მხნედ და მკვეთრად უუმჯობესდებოდა ფიზიკური მდგომარეობა. ამავე ცნობით, რომელიც გაცემულია 2018 წლის 21 სექტემბერს, ირკვევა, რომ პაციენტის მდგომარეობა ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგრესირებდა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ყოფილა სტაბილურად მძიმე, არამედ დანაშაულის ჩადენიდან კვვლევის ჩატარებამდე გაუარესდა. ამდენად, საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, როგორ შეიძლება დანაშაულის ჩადენიდან თითქმის წელიწად-ნახევრის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო კვლევითა და დადგენილი დიაგნოზით გამოირიცხოს თ. ა-ს მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მითუფრო, გაუმართლებელია ამ საფუძვლით დაზარალებულების ჩვენებების არასანდოდ მიჩნევა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა, გახდეს მისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების წინაპირობა, თუმცა ვერაფრით გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას.

23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ურთიერთგამომრიცხველია პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციაც, რომელმაც, ერთი მხრივ, გამორიცხა თ. ა-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ოჯახის წევრებზე ძალადობის შესაძლებლობა, ხოლო, მეორე მხრივ, დაუშვა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დროს თ. ა. შესაძლოა, ყოფილიყო აუცილებელი მოგერიების მდგომარებაში, რაც იმთავითვე საფუძველს მოკლებული მტკიცებაა, ვინაიდან დადგენილია, რომ დაზარალებულები იყვნენ თავიანთ სახლში, სადაც მივიდა დანით შეიარაღებული თ. ა., დაესხათ მათ თავს და მიაყენა დაზიანებები. ასევე, საყურადღებოა თ. ა-სა და დაზარალებულების დაზიანებების ხასიათი და მათი ერთმანეთთან თანაფარდობა, როდესაც თავდასხმის შედეგად ი. ბ-ს - ერთი, ხოლო გ. ა-ს დანით ორი ჭრილობა აქვს მიყენებული, ხოლო ა. ა-ს მოტეხილი აქვს ხელი, თ. ა-ს კი დაკავებისას მარცხენა საფეთქელთან აღენიშნებოდა მცირე დაზიანება, რაც ცალსახად გამორიცხავს თ. ა-ს მიერ ოჯახის წევრების მხრიდან თავდასხმის მოგერიებასა და, შესაბამისად, უკიდურესი თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას.

24. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულების - ი. ბ-ს, გ. და ა. ა-ების ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო, ალოგიკური და სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამო. სააპელაციო სასამართლოს მტკიცებით, დაზარალებულთა მონათხრობში შეინიშნება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები, რაც უკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას, მაგალითად:

- დაზარალებულმა ი. ბ-მ აღნიშნა, რომ თ. ა-მ ,,გაიმეტა“ გ. ა. და ორჯერ დაარტყა მას დანა, გ. ა-მ კი მიუთითა, რომ თ. ა-მ დანის წართმევისას მხარზე გაჰკრა და მიაყენა დაზიანება;

- ა. ა-მ დაადასტურა, რომ თ. ა. უქნევდა ხელებსა და ფეხებს და ფეხით მიაყენა დაზიანება ხელზე. ი. ბ-მ განმარტა, რომ თ. ა. ხელებსა და ფეხებს უქნევდა ა. ა-ს და დაუზიანა ხელი, ხოლო გ. ა-მ ივარაუდა, რომ თ. ა-მ ხელით მიაყენა ა. ა-ს დაზიანება, რადგან ფეხით ვერ მიაყენებდა;

- ი. ბ-მ განმარტა, რომ დერეფანი იყო არეული და სისხლით მოსვრილი, რაც არ დადასტურებულა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით;

- გ. ა-მ მიუთითა, რომ დანა თავად წაართვა თ. ა-ს, რომელიც ა. ა-მ გაიტანა სამზარეულოში, ხოლო ი. ბ-მ და ა. ა-მ აღნიშნეს, რომ დანა თავდამსხმელს გ. ა-მ წაართვა და თავადვე წაიღო სამზარეულოში;

- დაზარალებულებმა აღნიშნეს, რომ კონფლიქტის შედეგად ჭრილობა მიიღო ორმა დაზარალებულმა, თუმცა ამოღებულ დანაზე სისხლის კვალი არ დაფიქსირებულა.

25. საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას, მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა, კერძოდ:

- დაზარალებულებმა - ი. ბ-მ და გ. ა-მ ცალსახად დაადასტურეს თ. ა-ს მხრიდან გ. ა-სათვის დანით ორი დაზიანების მიყენების ფაქტი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებულებმა სუბიექტურად სხვადასხვაგვარად აღიქვეს თავდამსხმელის განზრახვა, რაც თავისთავად არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ გ. ა-ს დანით ჭრილობები სწორედ თ. ა-მა მიაყენა, რაშიც ორივე დაზარალებულის ჩვენება არის თანხვდენილი და თ. ა-ს ქმედებაში, სააპელაციო პალატის მიერ გაზიარებული მოცემულობითაც კი, გამოკვეთილია, როგორც მინიმუმ, არაპირდაპირი განზრახვის ელემენტი. ამასთან, საყურადღებოა, რომ სააპელაციო პალატამ შეფასების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ დანით ჭრილოებების მიყენების გარდა, თ. ა-მ გ. ა-ს მუშტი ჩაარტყა სახეში და გაუხეთქა ტუჩი, რაც დამოუკიდებლადაც საკმარისია ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის;

- სააპელაციო პალატამ დაზარალებულ გ. ა-ს ვარაუდი, რომ თ. ა. ფეხით ხელზე ვერ მიაყენებდა დაზიანებას ა. ა-ს, მიიღო ფაქტად, მაშინ, როდესაც სამივე დაზარალებული ცალსახად მიუთითებდა, რომ თ. ა. იქნევდა ხელებსა და ფეხებს, რის შედეგადაც დაუზიანა ხელი ა. ა-ს, ხოლო თავად ა. ა-მ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ თ. ა-მ ფეხსაცმლიანი ფეხით მიაყენა მას დაზიანება ხელზე, რაშიც, დაზიანების ბუნებიდან გამომდინარე (მე-5 მეტაკარპალური ძვლის ფუძის მოტეხილობა), არც საკასაციო პალატას ეპარება ეჭვი;

- სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულ ი. ბ-ს ჩვენება ეწინააღმდეგებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რადგან დაზარალებულმა აღნიშნა, რომ დერეფანი იყო არეული და სისხლით მოსვრილი, რაც არ ასახულა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, მაგრამ სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ დაზარალებულ ი ბ-ს ჩვენება თანხვდენილია შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისული ს. გ-ს (პატრულ-ინსპექტორის) ჩვენებასთან, რომლებმაც აღნიშნა, რომ სახლის დერეფანი იყო არეული და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეიტრალური მოწმის - მ. ბ-ს ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ი. ბ-ს ბინაში დაინახა სისხლის წვეთები;

- ბუნდოვანი და გაუგებარია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელმაც არადამაჯერებლად მიიჩნია დაზარალებულების განმარტებები მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ამოღებულ დანაზე სისხლის კვალი არ დაფიქსირებულა, რის შესახებაც საკასაციო პალატა, ერთი მხრივ აღნიშნავს, რომ 2017 წლის 3 აპრილს დაზარალებულებისათვის დანით ნაკვეთი ჭრილობების მიყენების ფაქტი უტყუარად არის დადგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, რაშიც დაეჭვების გონივრული საფუძველი არ არსებობს, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითებს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტოცხრილი, კერძოდ, ფოტოსურათი №2, ნამდვილად არ იძლევა იმის უპირობოდ მტკიცების შესაძლებლობას, რომ ამოღებულ დანაზე სისხლის კვალი არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ტრასოლოგიური ექსპერტის განმარტება, რომელმაც ვერ გაიხსენა საკვლევ ობიექტზე (დანაზე) სისხლის კვალის არსებობა, რადგან ამ საკითხის გამორკვევა სცდებოდა მისი კვლევის საგანს.

26. საკასაციო პალატას მიაჩნია: დანაშაულის ჩადენიდან დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია გარკვეული დრო და არ არის გამორიცხული, რომ მათ ობიექტურად არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა (ასე, მაგალითად, ვინ გაიტანა თავდამსხმელისათვის წართმეული დანა სამზარეულოში), არ უნდა გახდეს იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ ისინი უეჭველად ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან მიმართებით (ასე, მაგალითად, სად და როდის დაესხა თავს ი. ბ-ს თ. ა, რითი იყო იგი შეიარაღებული, ვის მიაყენა ჭრილობები, ვინ წაართვა დანა თავდამსხმელს და ვის გადასცეს იგი მოგვიანებით) დაზარალებულები იძლევიან თანმიმდევრულ და ამომწურავ ჩვენებებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შესაძლოა, შეინიშნებოდეს დაზარალებულთა მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ სანდოობას.

27. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასევე არ არსებობს იმ ეჭვის გაზიარების ობიექტური საფუძველი, რომ თითქოსდა, დაზარალებულებსა და თ. ა-ს შორის არსებობდა ქონებრივი დავა, რის გამოც შესაძლოა, ამხილეს იგი ოჯახის წევრებმა არჩადენილ დანაშაულში, ვინაიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არის დადასტურებული, რომ არც ამ სამოქალაქო დავაში ყოფილა თ. ა. სიმართლის მხარეს და დაზარალებულებს არაფერში სჭირდებოდათ უკანონო გზებით მისი ჩამოშორება და მეტიც, უფრო სარწმუნოა, რომ ასეთი ინტერესი თ. ა-ს უნდა ჰქონოდა დაზარალებულების მიმართ, რომლის სამოქალაქო სარჩელი არ დააკმაყოფილა სასამართლომ და არა - პირიქით. საყურადღებოა, რომ 2017 წლის 25 აპრილს, დანაშაულის ჩადენიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო საქმე განიხილა თ. ა-ს მონაწილეობით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების - ი. ბ-ს, გ. და ა. ა-ების ჩვენებები აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი მათი არასანდოდ მიჩნევის ობიექტური და დამაჯერებელი საფუძველი.

28. საკასაციო პალატას კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებეული, საკმარისი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 3 აპრილს თ. ა-მ დანის გამოყენებით, ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლესა და შვილებზე, რის გამოც დაზარალებულებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო ქმედების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლებიან მათ შორის - შვილები და ყოფილი მეუღლე.

30. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დასტურდება თ. ა-ს მიერ ოჯახის სამი წევრის მიმართ ძალადობა და იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. ა-ს მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

31. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

32. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

33. საკასაციო პალატა სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს თ. ა-ს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - დამნაშავის ურყევ სურვილს, თავიანთ სახლში დასხმოდა თავს დაზარალებულებს და ფიზიკურად ეძალადა მათზე; ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს - დანაშაული ჩადენილია დანის გამოყენებით და ძალადობის შედეგად სამ დაზარალებულს მიადგა სხვადასხვა ხასიათის დაზიანებები; ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას - ჩადენილია განზრახ, ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომელიც, მისი გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით, მომეტებული საშიშროების მატარებელია; თ. ა-ს პიროვნებას - არის ნარკოტიკების მომხმარებელი და ხასიათდება უარყოფითად; დაზარალებულების პოზიციას - არ შერიგებიან თ. ა-ს; განსაკუთრებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას - დაუდგინდა ქრონიკული ენცეფალოპათია, პალიდური დეგენერაცია და მიიჩნევს, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა შეეფარდოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და თ. ა-ს პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. თ. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს;

4. თ. ა. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. თ. ა-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 3 აპრილიდან 2017 წლის 4 აპრილის ჩათვლით;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი