საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2020
საქმის ნომერი
2კ-128აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002503745

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №128აპ-19 ქ. თბილისი

ტ–ი ზ.,128აპ-19 2 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, კერძოდ: ზ. ტ–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით:

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ზ. ტ–მა ასევე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111 ,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც ადასტურებს მოცემული საქმის გამომძიებელ მ. ბ–ის ჩვენება.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ. ტ–ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებაში, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

ზ. ტ–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის ივლისში ზ. ტ–ი იმყოფებოდა .....ში, ............ის ქ.N...., ბინა N....-ში, რა დროსაც დებს - ე. ტ–სა და თ. ტ–ს დაემუქრა, რომ გაანადგურებდა და მოკლავდა, რომელთაც გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნულის შემდეგ ზ. ტ–ი სისტემატურად ემუქრებოდა დებს სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ე. და თ. ტ–ებმა განიცადეს მორალური ზიანი.

- 2018 წლის 11 მაისს ზ. ტ–ს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა 500 ლარი. 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ..........ში, ..........ს ქ. N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ. ტ–ი გამოვლენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინის‘‘ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ზ. ტ–ი, - დაბადებული ... წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

ზ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 3000 (სამი ათასი) ლარი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ზ. ტ–ი მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან.

გაუქმდა ზ. ტ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ზ. ტ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქართველიშვილმა. ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ზ. ტ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაშიც.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ზ. ტ–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულებმა - ე. და თ. ტ–ებმა ისარგებლეს მათთვის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას არ მისცეს ჩვენება თავისი ახლო ნათესავის, ძმის - ზ. ტ–ის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ზ. ტ–ის დედამ - მ. ძ–მა, ხოლო ზ. ტ–ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარეს წარმოდგენილი არ აქვს.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი