საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #080100118002571447
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №249აპ-19 ქ. თბილისი
ა–ი ა.,249აპ-19 23 ოქტომბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიასა და მსჯავრდებულ ა. ა–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქუთაისის რაიონული პროკუარტურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ და მსჯავრდებულმა ა. ა–მა.
- ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და ა. ა–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შემდეგი საფუძვლებით: განაჩენი არ ემყარება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, დაუსაბუთებელია და არ პასუხობს საპროცესო კანონით დადგენილ მოთხოვნებს; სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე უტყუარად დასტურდება, რომ ა. ა–ი ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდა საკუთარ დას.
-დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ა. ა–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგი საფუძვლების მითითებით: გამამტყუნებელი განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულ თ. ა–ის ჩვენებას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა–ის ბრალეულობას.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. ა–ს ბრალი დაედო დაზარალებულის იძულებაში ჩვენების შეცვლისთვის, რასაც თან ერთვოდა ძალადობის მუქარა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 23 ივნისის დროის მონაკვეთში, ა. ა–ი თავის დას - თ. ა–ს აიძულებდა, რომ სიძის, რ. კ–ის ბრალდების საქმეზე შეეცვალა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია. ა. ა–ი დაზარალებულს ემუქრებოდა ძალადობით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით ა. ა–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 26 ივნისიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დარიკო ვადაჭკორიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ა. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
- დაცვის მხარემ საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განაჩენის სასჯელის ნაწილში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი, რომლის მოხდისაგან, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 26 ივნისიდან - 2019 წლის 24 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა.
მსჯავრდებული ა. ა–ი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
6.საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8.საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივებს და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდების მხარეს მოცემულ საქმეში აქვს წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს, რომ ა. ა–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, გასაჩივრებულ განაჩენში სასამართლო ამომწურავად მსჯელობს იმ არგუმენტებზე, რამაც განაპირობა ა. ა–ის ბრალდების სსკ-ის 372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
9. ასევე უსაფუძლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ ა. ა–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო მოცემულ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ა. ა–ის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. ა–ის ჩვენებით, მოწმეების - ი. კ–ის, გ. გ–ის, მ. გ–ს ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დარიკო ვადაჭკორიასა და მსჯავრდებულ ა. ა–ის საკასაციო საჩივრები.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი