დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 12.10.2020
საქმის ნომერი
32აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
12.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142219700091123

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №32აგ-20 ქ. თბილისი

დ. შ., 32აგ-20 12 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ შ. დ.ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით შ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა - 9 წლით;

- შ. დ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა - 20 წლით.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შ. დ-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 15 წლით.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ.ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 11 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულ შ. დ.ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ივლისის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინება შეიცვალა, კერძოდ:

შ. დ.ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლით, რასაც დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 15 მარტის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - 6 წლითა და 9 თვით და შ. -ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 12 წლითა და 9 თვით.

8. 2019 წლის 8 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა შ. დ-მ, რომელიც ითხოვდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვასა და დარჩენილი სასჯელისაგან გათავისუფლებას, რასაც იგი იხდის 0,014 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისა და მოხმარებისათვის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ შ. დ.ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

10. კასატორი - მსჯავრდებული შ. დ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილებით:

1. კონსტიტუციური სარჩელი №770 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

2. კონსტიტუციური სარჩელი №770 („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის სიტყვების „...ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, აგრეთვე ნარკოტიკული საშუალების ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით, შეძენისა და შენახვისთვის;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას, აგრეთვე ერთი მოხმარებისათვის საჭიროზე მეტი ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის.

3. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. დ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ: დიდი ოდენობით - 0,014 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის და შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ უნდა იყოს ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგ ოდენობაზე ნაკლები (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის) - იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას.

4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად არ არის ცნობილი კანონი, რომელიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არის გამოყენებული და, შესაბამისად, არ არის გამოკვეთილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, რომელიც შესაძლოა, საფუძვლად დაედოს შ. დ.ს მიმართ განაჩენის გადასინჯვას.

5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ შ. დ.ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ შ. დ.ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი