საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100119003037668
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
#542აპ-20 ქ. თბილისი
ა. ფ. ბ–ი, 542აპ-20 16 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ფ. ბ. ა–ის ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ბ. ა–ის ადვოკატმა ვ. მ–მა, რომელიც ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ვინაიდან მიიჩნევს, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, მაგრამ არ გაითვალისწინა მისივე წერილი, რომლითაც მ. მ–მა უარყო თავისი განმარტებები; გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, საქმეში არსებული არცერთი სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება მ. მ–ის მიმართ ძალადობა; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი ჩანაწერი, გარდა ერთისა, არ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულმა არ იცოდა, რომ მას უღებდნენ; არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ფ. ბ. ა–ი აპირებდა კადრების გამოყენებას და ემუქრებოდა დაზარალებულს მათი გავრცელებით; ფ. ბ. ა–მა უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, ვინაიდან ადვოკატი დაჰპირდა, რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება; სასამართლომ გამოკვლევის გარეშე შეაფასა მტკიცებულებები და გაიზიარა იმ შინაარსით, როგორც ის ბრალდების მხარემ წარადგინა.
2. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია ყიფიანმა საკასაციო შესაგებლით ითხოვა მსჯავრდებულ ფ. ბ. ა–ის ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ფ. ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ბ. ა–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის დეკემბერში ...........ში, ............ის ქუჩა №..-ში, ფ. ბ. ა–მა მ. მ–ს, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა და 2018 წლის ნოემბრის ბოლოდან ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი გაარტყა რამდენჯერმე სახის არეში და თავი მიარტყმევინა წყლის გამათბობელ მოწყობილობას, რის შედეგადაც მ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
- ფ. ბ. ა–ი და მ. მ–ი იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის თებერვლის შუა რიცხვებამდე ცხოვრობდნენ ..........ში, ..................ის ქუჩა №..-ში მდებარე ნაქირავებ ბინაში, რა დროსაც ფ. ბ. ა–ი უკანონოდ, მ. მ–ის ნებართვის გარეშე, პერიოდულად იღებდა ფოტო და ვიდეოკადრებს მ. მ–ის პირადი ცხოვრების საიდუმლო, მათ შორის, ინტიმური თანაცხოვრების თაობაზე, რასაც უკანონოდ ინახავდა თავის კუთვნილ ,,ეფლის“ ფირმის ლეპტოპში.
- მ. მ–ი, ფ. ა–ის მხრიდან ოჯახური ძალადობისა და კონფლიქტების გამო, დაშორდა მას. ფ. ბ. ა–ი 2019 წლის 20 მარტს, შუადღის საათებში, ............ ქუჩა №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მ. მ–ს, აჩვენა უკანონოდ მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც უკანონოდ გამოიყენა და მ. მ–ის ნებაზე ზემოქმედების მიზნით, რათა დაზარალებულს თავისი ნების საწინააღმდეგოდ გაეგრძელებინა მასთან თანაცხოვრება, დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებულ მასალას გადაუგზავნიდა ირანში მის მშობლებს.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ფ. ბ. ა–ის ადვოკატმა ლ. ს–მა, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას ფ. ბ. ა–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ფ. ბ–ი ა–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კასატორი არ ეთანხმება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას და, ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები, საკასაციო პალატამ შეაფასა სწორედ ამ უდავო სამხილების შინაარსობრივი მხარე, რათა დაედგინა დანაშაულის სადავოდ გამხდარი ასპექტები. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფურია ბაღერი აბბასმა წინასასამართლო სხდომაზე სასამართლოსგან შესაბამისი განმარტებების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა უარი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევაზე, რისი გათვალისწინებითაც, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მტკიცება, რომ მსჯავრდებულის მხრიდან სწრაფი მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა მისთვის საპროცესო შეთანხმების დაპირებამ განაპირობა; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომელიც შეჯიბრებითი და თანასწორი პროცესის პირობებში ჯვარედინი დაკითხვით შემოწმდა, აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, არის თანმიმდევრული და თანხვდენილი საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რასაც ვერ ვიტყვით დაზარალებულის საეჭვო და წინააღმდეგობრივ განცხადებაზე, რომელიც ვერაფით გადაწონის კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად შეფასებულ, ურთიერთშეჯერებეულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას - დაზარალებულ მ. მ–ისა და მოწმე ჯ. თ–ის ჩვენებებს, ბინის ჩხრეკის ოქმს, კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, მსჯავრდებულის კომპიუტერიდან ამოღებულ ფოტო და ვიდეოფაილებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, რომლებიც საკმარისია ფ. ბ. ა–ის ბრალად წარდგენილ ქმედებებში მსჯავრდებისათვის; უსაფუძვლოა კასატორის მტკიცება, რომ თითქოსდა, მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილი არ არის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების ნიშნები, ვინაიდან დაზარალებულმა იცოდა ამ ჩანაწერების თაობაზე და მსჯავრდებულს ისინი არ გაუვრცელებია, რადგან დაზარალებულ მ. მ–ისა და მოწმე ჯ. თ–ის ჩვენებებითა და საქმეში არსებული ჩანაწერებით ცალსახად დგინდება, რომ ფ. ბ. ა–ი მ. მ–ის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდა მისი ნებართვის გარეშე, რომლის საპირისპირო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, ხოლო პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო გამოყენება გამოკვეთილია მსჯავრდებულის მიერ ფოტო და ვიდეოფაილების გავრცელების მუქარის მომენტშივე, რაზეც მიუთითებს ამ დანაშაულის ფორმალური შემადგენლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფ. ბ. ა–ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონიერია.
10. ამდენად, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ფ. ბ. ა–ის ადვოკატ ვ. მ–ის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი