დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.12.2020
საქმის ნომერი
2კ-54-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802220004179016

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№54I-20 ქ. თბილისი

პ. ი., 54I-20 29 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. პ./ფ-ს (I. P.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ი. პ.ს მიმართ მ-ს რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

ი. პ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2017 წლის 17 იანვრის დადგენილების თანახმად, ბრალად ედება მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

ი. პ.ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები:

2015 წლის განმავლობაში ი. პ.მ, თავის დედასთან - ზ. პ.სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად განიზრახა გ. გ.-ს კომერციული სექსუალური ექსპლუატაცია და შრომის ან/და მომსახურების გაწევის იძულება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ი. პ.მ ისარგებლა გ. გ.-ს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და მოტყუების გზით, ქორწინების დაპირებით, მ-ს რესპუბლიკიდან გადაიყვანა ა-ს რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აღნიშნულის შემდეგ ი. პ.მ ზ. პ.სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, გ. გ. განათავსეს ნაქირავებ ბინაში და ისარგებლეს მისი მოწყვლადი მდგომარეობით, რაც გამოიხატებოდა უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნაში, ენის ცოდნისა და საარსებო სახსრების გარეშე. აღნიშნულმა პირებმა განახორციელეს გ. გ.-ს კომერციული სექსუალური და იძულებითი შრომითი ექსპლუატაცია, კერძოდ: დღის განმავლობაში გ. გ. ეწეოდა მძიმე ფიზიკურ შრომას, შემდგომი ვაჭრობის მიზნით, ზიდავდა მძიმე ტვირთს, აგრეთვე, უვლიდა ზ. პ.ს შვილიშვილებს, ხოლო ღამის საათებში მაკიაჟით ეწეოდნენ მის სექსუალურ ექსპლუატაციას.

ი. პ.სა და მისი თანამონაწილეების ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებს 2016 წლის 16 თებერვალს მოჰყვა გ. გ.-ს სიცოცხლის მოსპობა, კერძოდ: მან მიიღო სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, გ. გ.-ს სხვა დაზიანებებთან ერთად აღენიშნებოდა სისხლდენა მცირე სასირცხო ბაგეების გაგლეჯით მარცხნივ, რაც განვითარებული იყო სიკვდილამდე 12-24 საათით ადრე და გამოწვეული იყო საშოში მყარი ბლაგვი საგნის შეყვანის შედეგად, რაც შეიძლება განხილულ იქნეს როგორც სქესობრივი აქტი.

2017 წლის 20 იანვარს მ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს ჩ-ს სასამართლოს განჩინებით ი. პ.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

იმავე დღეს მ-ს რესპუბლიკის ქ. კ-ს ჩ-ს სასამართლომ გამოსცა ი. პ.ს დაკავების ბრძანება.

2017 წლის 6 თებერვალს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოაცხადეს ი. პ.ს მიმართ ძებნა.

2017 წლის 21 მარტიდან ი. პ. მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის არხებით.

2. ი. პ.ს მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:

2017 წლის 10 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. პ..

2017 წლის 12 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის განჩინებით ი. პ.ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

2017 წლის 7 ივნისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ი. პ.ს ექსტრადიციის თაობაზე მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები.

2017 წლის 2 აგვისტოსა და 7 ნოემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ი. პ.ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციასთან მიმართებით, რომელიც მიიღო - 2017 წლის 5 სექტემბერს, 4 დეკემბერსა და 10 იანვარს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 აგვისტოს განჩინებით ი. პ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2017 წლის 10 ნოემბრამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბერის განჩინებით ი. პ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2018 წლის 10 თებერვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 იანვარის განჩინებით ი. პ.ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა გირაოთი - 10 000 ლარით. იმავე განჩინებით ი. პ.ს დაეკისრა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი აკრძალვა და ვალდებულებები.

3. 2020 წლის 11 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა მ-ს რესპუბლიკაში ი. პ.ს ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ი. პ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე 2017 წლის 17 იანვრის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი ი. პ.ს მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის, რომლებიც მითითებულია ი. პ.ს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის თაობაზე 2017 წლის 17 იანვრის დადგენილებაში და დასჯადია მ-ს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 165-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანებით ვაჭრობა, ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში).

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. პ.ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს, რომ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება და არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის მოთხოვნა, შემდეგი საფუძვლებით:

6. დაცვის მხარემ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ი. პ.ს მიმართ წაყენებულია უკანონო და აბსურდული ბრალდება, რომლის მიზანია მისი გადაცემა მ-ს სახელმწიფოსათვის, სადაც იგი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობას, არაა გამორიცხული მისი ლიკვიდაციაც; აწ გარდაცვლილ გ. გ-ს ოჯახის წევრებისგან ი. პ.ს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე, ამასთან, სამართალდამცავი ორგანოები არიან მიკერძოებულნი მათ სასარგებლოდ, რასაც ადასტურებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომასალები, კერძოდ: მითითებული მასალებით დგინდება, რომ გარდაცვლილ გ. გ-ს ოჯახის რამდენიმე ათეული წევრი თავს დაესხა პ-ს საცხოვრებელ სახლს, რომელიც დაარბიეს და ცეცხლი წაუკიდეს. აღნიშნული თავდასხმის ფაქტი კი მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯერ ვერ აღკვეთეს, ხოლო შემდეგ - არაეფექტურად და მიკერძოებულად გამოიძიეს და ბოლოს შეწყვიტეს სისხლისსამართლებრივი დევნა; ამასთან, დაცვის მხარე არასაკმარისად მიიჩნევს მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას.

7. საკასაციო სასამართლომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. პ.ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე მხარეებს მისცა შესაძლებლობა, დამატებით წარმოედგინათ მათ ხელთ არსებული რაიმე სახის მტკიცებულება, ინფორმაცია თუ შუამდგომლობა.

8. ბრალდების მხარემ წარმოადგინა თავისი პოზიცია დაცვის მხარის საკასაციო საჩივართან მიმართებით, ხოლო დაცვის მხარეს რაიმე მასალა თუ შუამდგომლობა არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. მ-ს რესპუბლიკაში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ი. პ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 10 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ი. პ.ს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და მას წაყენებული აქვს უკანონო და აბსურდული ბრალდება, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ი. პ.ს ბრალეულობის საფუძვლიანობის საკითხს არ განიხილავს, არამედ - პალატა მსჯელობს მხოლოდ იმის თაობაზე, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება. ამასთან, წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, არ იკვეთება, რომ საქმეში არის „აშკარა“ და უხეში პროცედურული დარღვევები, რაც საქართველოს მხარეს მისცემდა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დაირღვა ან არსებობს სამართლიანი სასამართლოს უფლების ამგვარი დარღვევის საფრთხე.

5. კასატორის მითითებას, რომ არსებობს აწ გარდაცვლილ გ. გ-ს ოჯახიდან მომდინარე ი. პ.ს მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, რისი აღკვეთაც მ-ს რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს არ შეუძლიათ მათი მიკერძოებულობისა და არაეფექტურობის გამო და რომ მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტია ი. პ.ს ცალკეულ უფლებათა დაცვის შესახებ არასარწმუნოა, საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დაუშვებელია პირის ექსტრადიცია, თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან/და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე. ამასთან, კასატორმა უნდა დაასაბუთოს, თუ რატომ არსებობს მისი უფლებების შელახვის რისკი. ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განზოგადებული ხასიათის ცნობები, სხვა სპეციფიკური სამხილის გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას. უკანონო მოპყრობის შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia) ECtHR, №36378/02, 12/04/2005, §352); („მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) ECtHR, №46827/99, 46951/99, 04/02/2005, §70).

7. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, დაცვის მხარის მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, მ-ს რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია ი. პ.სა და მისი ნათესავების ქონების დაზიანებასთან დაკავშირებით და გარანტიები მ-ს რესპუბლიკაში ი. პ.ს უსაფრთხოების შესახებ. მ-ს რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან წარმოდგენილი დამატებითი დოკუმენტებით დგინდება, რომ ი. პ.სა და მისი ნათესავების კუთვნილი ქონების (საცხოვრებელ სახლი) დაზიანების ფაქტი გამოიძიეს მ-ს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რის შედეგადაც ი. პ.ს ქონების ხელმყოფებს დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა დაზარალებულის საჩივარი, რაც მ-ს რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით სავალდებულო იყო. მითითებულით კი დასტურდება, რომ მ-ს რესპუბლიკის შესაბამისმა ორგანოებმა სამართალდამრღვევი პირების მიმართ მიიღეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიება ი. პ.ს უფლებების დასაცავად. ამასთან, მ-ს რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ განმეორებით წარმოადგინა გარანტია, რომ ი. პ.ს ექსტრადიციის შემთხვევაში მ-ს რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოები გაატარებენ ყველა შესაძლო ღონისძიებას მისი სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ცალკეული უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის - მესამე პირებთან მიმართებით.

8. გარდა ამისა, მ-ს რესპუბლიკის კომპეტენტურმა ორგანოებმა ასევე წარმოადგინეს გარანტიები, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ი. პ. „არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მესამე მუხლი...)“. ამასთან, იგი ისარგებლებს დაცვის ყველა შესაძლებლობით, მათ შორის - ადვოკატის მომსახურებით.

9. რაც შეეხება მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიების სარწმუნოობის საკითხს, რასაც დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ადამიანის უფლებების შესახებ გარანტიების საფუძველზე ექსტრადიცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ცალკეული დებულებების დარღვევის პრევენციის მისაღებ პრაქტიკად იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188). სასამართლოს განმარტებით, მსგავსი გარანტიები უნდა იყოს სარწმუნო შესაბამისი გარემოებების მხედველობაში მიღებით (Othman (Abu Qatada) v. The United Kingdom, no. 8139/09, ECHR, 188; Sultanov v. Russia, no. 15303/09, ECHR, 73).

10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ საქმეში მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები სარწმუნოა, რაზეც მეტყველებს ის გარემოებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ცალკეულ საქმეებზე მსგავსი გარანტიების სარწმუნოობის სათანადო ინდიკატორებად იქნა მიჩნეული:

- გარანტიები საჯაროა ან/და ხელმისაწვდომია ადამიანის უფლებებზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისთვის (Ryabikin v. Russia, no. 8320/04, ECHR, 119, Muminov v. Russia, no. 42502/06, ECHR, 97);

- გარანტიები არის საკმარისად კონკრეტული და არა - ზოგადი და ბუნდოვანი (Klein v. Russia, no. 24268/08, ECHR, 55);

- გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v. The United Kingdom, no 22414/93, ECHR 105-107; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, ECHR, 344; Kordian v. Turkey , no. 6575/06, Decision, ECHR);

- გარანტიები გაცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR); Gasayev v. Spain, App no. 48514/06, Decision, ECHR);

- ქმედებები, რომელთა არგამოყენების გარანტიას იძლევა ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო, უკანონოდ ითვლება ამ ქვეყანაში (Cipriani v. Italy, no. 221142/07, Decision, ECHR; Youb Saoudi v. Spain, no. 22871/06, Decision, ECHR);

- ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფო არასათანადო მოპყრობისგან დაცვის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების წევრია და აღნიშნულ მექანიზმებთან სათანადოდ თანამშრომლობს (Koktysh v. Ukraine, no. 43707/07, ECHR, 63).

11. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მ-ს რესპუბლიკა არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფო.

12. მ-ს რესპუბლიკა ასევე არის ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა. აღნიშნული ორგანიზაცია კარგად გამართული და ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და ინსტიტუციების მეშვეობით თავის წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებების დაცვას მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფს. ამდენად, მ-ს რესპუბლიკის იურისდიქციაში არსებული პირები სარგებლობენ ადამიანის უფლებათა მონიტორინგის, ინდივიდუალური საჩივრისა და ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი ადამიანის უფლებების დაცვის სხვა, მრავალი ეფექტური მექანიზმით, რომელთა შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი და ა.შ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნისათვის პირის გადაცემა უფრო უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული შესაბამისი ევროპული მექანიზმების გამო (Chentiev and Ibragimov v. Slovakia, App no 21022/08 & 51946/08, Decision, ECHR).

13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-ს რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი გარანტიები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ სტანდარტებს და არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ მ-ს რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ი. პ.ს მიმართ დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ი. პ./ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 17 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი