საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113002402426
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №255აპ-19 ქ. თბილისი
ა–ი ვ., 255აპ-19 25 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი მიხეილ სადრაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ვ. ა–ისა და გ. რ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით ვ. ა–ს, - დაბადებულს 1.... წელს და გ. რ–ს, - დაბადებულს 1.... წელს, - ბრალად ედებოდათ მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი და განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 12 ივნისს ............ის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის სოფელ კ........ისა და სოფელ ზემო .........ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა - ვ. ა–მა და გ. რ–მა ..........ის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო .........ში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივის დროებით ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ, ნ. ც–ისა და ფ. ა–საგან ქრთამის სახით აიღეს 10000 ლარი. აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ვ. ა–ი და გ. რ–ი ნ. ც–სა და ფ. ა–ს ჰპირდებოდნენ მათი სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით მფარველობას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით:
ვ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა ვ. ა–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ვ. ა–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
გ. რ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. რ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
გ. რ–ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის გადამხდელს.
გამართლებულებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს ვ. ა–ისა და გ. რ–ს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მათთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვ. ა–ისა და გ. რ–ს მიერ საძოვრების მესაკუთრეების მიერ ნდობით აღჭურვილ პირებთან ურთიერთობებისას არ ყოფილა გამოყენებული სამსახურეობრივი ავტორიტეტი, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ვ. ა–ის და გ. რ–ს მიერ სხვისი ნივთის მოტყუებით მიღების განზრახვა.
10. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდება აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
11. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ მიხეილ სადრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე