საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700068965
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №690აპ-18 ქ. თბილისი
ს–ი გ., 690აპ-18 28 იანვარი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ნანა ხუნჯუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
პროკურორი ნანა ხუნჯუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, გ. ს–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია, ანუ 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებამდე რედაქცია), რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და განესაზღვროს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, გ. ს–ი გათავისუფლდეს 2000 წლის 6 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად, რომლითაც გ. ს–ი დამნაშავედ იყო ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული ჰქონდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 63-64-ე მუხლების თანახმად, შეცვლილი ჰქონდა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ს–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა მაიონებელი გამოსხივების წყაროს უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, გადაცემა და გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის განაჩენით გ. ს–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
2003 წლის 31 მაისს, ქ. ..........ში, ............ის ქუჩა N..-ში მცხოვრებმა გ. ს–მა, ........ში, ..........ის ქუჩაზე, დაიქირავა თ. ც–ის მფლობელობაში არსებული ვაზ-2101 მარკის, სახელმწიფო ნომრით .............. ტაქსი და წაიყვანა ...........ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდა გამოძიებით დაუდგენელ პირს, რომლის მართვის ქვეშ მყოფი, ასევე გამოძიებით დაუდგენელი BMW-ს მარკის ავტომანქანიდან გადმოტვირთა და ტაქსის საბარგულში ჩააწყო მწვანე ფერის ორი ყუთი. იგი მოელაპარაკა თ. ც–ს ტვირთის რკინიგზის სადგურში ტრანსპორტირების თაობაზე და ამის შემდეგ, გ. ს–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი BMW-ს მარკის ავტომანქანით წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, ხოლო თ. ც–ი კი თავისი ავტომანქანით გაემართა ..........ის რკინიგზის სადგურის მიმართულებით, რა დროსაც ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა გაჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ და ამოღებული იქნა საბარგულში გ. ს–ის მიერ მოთავსებული ზემოხსენებული ორი ყუთი, რომლიდანაც ერთში მოთავსებული ........ წყარო წარმოადგენს მაიონებელი გამოსხივების მძლავრ წყაროს, ხოლო მეორე ყუთში მოთავსებული ........ წყარო წარმოადგენს მაიონებელი გამოსხივების წყაროს, რომელიც ნაკლები აქტივობისაა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით გ. ს–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. ს–ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
გამართლებულ გ. ს–ს განემარტა, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე, რომ თითქოს, გასაჩივრებული განაჩენით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილებით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ. ს–ს უდანაშაულოდ ცნო მაიონებელი გამოსხივების წყაროს უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა, გადაცემასა და გადაზიდვაში.
8. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას წარდგენილ ბრალდებაში გ. ს–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს მის ბრალეულობაში საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს; საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ
განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ნანა ხუნჯუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე