დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 04.01.2021
საქმის ნომერი
46აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
04.01.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142220700115639

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №46აგ-20 4 იანვარი, 2021 წელი

ე–ე თ., 46აგ-20 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით თ. ე–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარი.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. 2020 წლის 3 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ა–მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თ. ე–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა მოითხოვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N 1/6/770 გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. ა–ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმებას და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დღეის მდგომარეობით არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით მსჯავრდებულ თ. ე–ის მიმართ დადგენილი განაჩენის საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გადასინჯვის იურიდიული საფუძველი.

3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/6/770 გადაწყვეტილების თანახმად არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „...ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე“ (2017 წლის 28 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ისეთი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მოხმარებისა და ერთი მოხმარებისათვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის, რომელთა მოხმარება არ იწვევს სწრაფ შეჩვევას ან/და აგრესიულ ქცევას.

4. მოცემულ შემთხვევაში თ. ე–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით მსჯავდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - მდმას, მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის უკანონო შეძენა და შენახვისთვის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ უმსჯელია, შესაბამისად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებული დასაბუთება გაავრცელოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლზეც.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ თ. ე–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე