დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 19.02.2021
საქმის ნომერი
2კ-23-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004287529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№231-21 19 თებერვალი, 2021 წელი

მ–ა გ., 231-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. მ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით გ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლით გამოსაცდელი ვადით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით გ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რასაც, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად და 1 - წელი პირობითი მსჯავრი, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ. მ–ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 28 სექტემბრიდან.

6. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ–ს დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით - 3140 საათით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით გ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაას ოცდაცხრამეტი) საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: გ. მ–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 10 მაისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2017 წლის 24 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 939 (ცხრაას ოცდაცხრამეტი) საათით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. მ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

10. 2021 წლის 20 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულ გ. მ–ს პირადი საქმე, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების მიზნით.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. მ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

12. მსჯავრდებული გ. მ–ა საკასაციო საჩივრით ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენი საქართველოს სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების საქმეზე უკანონო და უსამართლოა, რის გამოც იგი არ უნდა ითვლებოდეს ნასამართლობის მქონე პირად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

3. წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ. მ–ა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის იყო ნასამართლობის მქონე, რის გამოც მის მიმართ კანონიერად ვერ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი. ამასთან, მითითებული კანონი არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით მსჯავრდების საქმე).

4. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, რომ მას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით უკანონოდ დაედო მსჯავრი, რის გამოც არ უნდა მიიჩნეოდეს ნასამართლობის მქონე პირად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ განიხილავს გ. მ–ს ბრალეულობის საკითხს, არამედ მსჯელობს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების საკითხზე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ გ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი