განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.02.2021
საქმის ნომერი
2კ-44-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №44I -21 თბილისი

ბ–ე ზ., 44I -21 19 თებერვალი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ–ის საჩივარი თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თელავის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ზ. ბ–ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 მაისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ზ. ბ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება:

· ზ. ბ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 31000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ბ–ეს განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე 2 წელი და 6 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი - ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა - 31000 ლარი. ზ. ბ–ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 13 თებერვლიდან.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:

· ზ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის პირველი თებერვლის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 30000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ. ბ–ეს განესაზღვრა ჯარიმა - 31000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის პირველი თებერვლის განაჩენით:

· ზ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სასჯელთა შეკრების წესის შესაბამისად, ზ. ბ–ეს განესაზღვრა 24 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 10 ოქტომბრიდან;

· ზ. ბ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 30000 ლარი. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.

2.4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ–ის ადვოკატის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, მსჯავრდებული ზ. ბ–ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან, ხოლო ამავე განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 18 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ–ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ. ბ–ემ, რომელიც ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 30000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ბ–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

4. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ზ. ბ–ეს ჯარიმა - 30000 ლარი დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით), რომელიც საქმის მასალების მიხედვით, აღსრულებული არ არის, მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და უნდა გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 30000 ლარის გადახდისაგან.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ზ. ბ–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ზ. ბ–ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებული ზ. ბ–ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით მისთვის დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის - 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდისაგან;

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 იანვრის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე