დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №66I -21 თბილისი
კ–ე მ., 66I -21 23 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2021 წლის 20 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. კ–ს პირადი საქმე.
2. პირადი საქმის მასალების მიხედვით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენით მ. კ–ე (დაბადებული 1... წლის .. დეკემბერს, ნასამართლევი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 ნაწილების თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 4 წლით, 8 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელი - სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 6 თვით და მ. კ–ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, 8 თვითა და 29 დღით და 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2019 წლის 26 აგვისტოდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით მ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
- საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება 1 წლითა და 6 თვით.
- საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ მ. კ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე ჩამოერთვა სამეწარმეო საზოგადოებაში მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობაზე საქმიანობის უფლება 1 წლითა და 6 თვით. მ. კ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2016 წლის 25 ნოემბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. კ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
10. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ–ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მსჯავრდებულ მ. კ–ს მიმართ გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და დამატებით განმარტავს, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის „გ“ ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, კერძოდ: თუ მან ჩაიდინა მითვისება ან გაფლანგვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ან - მითვისება ან გაფლანგვა დიდი ოდენობით (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).
3. მოცემულ შემთხვევაში მ. კ–ე მსჯავრდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთისა და ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, კერძოდ: მან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება (182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონი) და შეფარდებული აქვს ერთიანი სასჯელი, უფრო მკაცრი ნორმით.
4. ამდენად, მსჯავრდებულ მ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი ვერ გავრცელდება.
5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ. კ–ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. კ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. გაჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი