საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №907აპ-19 ქ. თბილისი
პ-ი ზ-ბ, 907აპ-19 21 მაისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ. პ-ი, – - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 10 წლითა და 6 თვით, მე-111,141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლითა და 6 თვით, ხოლო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის მე-111,137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ზ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 14 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. პ-მა ჩაიდინა: ოჯახის წევრის გაუპატიურება, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ; ძალადობის გარეშე სრულწლოვნის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
4. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წელს, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე, მათ შორის – 23 ნოემბერს, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სათავსსა და სოფლის მიმდებარე ტყეში, ზ. პ-მა თავისი ოჯახის წევრი – არასრულწლოვანი შვილი ი. პ-ი ძალადობითა და ძალადობის მუქარით გააუპატიურა, კერძოდ, სექსუალური ხასიათის შეღწევა ჩაიდინა თავისი სასქესო ორგანოთი ი. პ-ის პირის ღრუში.
· 2016-2017 წლებში ზ. პ-ი მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში სისტემატურად სჩადიოდა გარყვნილ ქმედებას შვილთან – 16 წლის ასაკს მიუღწეველ ი. პ-თან, კერძოდ, ზ. პ-ი მას კოცნიდა ტუჩებში, შიშველ მკერდზე, სასქესო ორგანოზე ჰკიდებდა ხელს და ასევე თავის სასქესო ორგანოზე აკიდებინებდა ხელს.
· 2016 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, მ-ის რაიონის სოფელ ნ-ში, ზ. პ-მა იძალადა თავის მეუღლეზე – ნ. მ-ეზე თავიანთი არასრულწლოვანი შვილების – ი. და ი. პ-ების თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალმა ზ. პ-მა ეჭვიანობის ნიადაგზე, თავიანთ საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და ხელი ძლიერად დაარტყა სახესა და თავის არეში, რა დროსაც ნ. მ-ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
5. მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას.
6. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნაზი მირიანაშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. №77აპ-17, №90აპ-17, №78აპ-13).
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. პ-ის მსჯავრდება სამივე ეპიზოდში გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დადასტურებულია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ. პ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც, გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: მოწმეების – ი. პ-ის, გ. ღ-ის, ი. ე-სა და სხვათა ჩვენებები, 2017 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 14 თებერვლის №-- დასკვნა და საქმის სხვა მასალები. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დაზარალებულთა ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ისინი თანმიმდევრული, დამაჯერებელი და დეტალურია და შეესაბამება როგორც ფსიქოლოგის დასკვნას, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან, ფსიქოლოგებმა და სოციალური სამსახურის წარმომადგენელმა გამორიცხეს არასრულწლოვანი დაზარალებულის ჩვენების არასანდოობა, ხოლო სოფელ ნ-ის სკოლის დირექტორმა და პედაგოგმა აჩვენეს, რომ ი. პ-ისათვის ასაკისათვის შეუფერებელი და ამორალური ქცევა არ შეუმჩნევიათ.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ზ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე