დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.12.2020
საქმის ნომერი
20აგ.-2020
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
01.12.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №20აგ-20 თბილისი

კ-ე ი-ი, 20აგ-20 1 დეკემბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენით ი. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს 2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით, 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქონების კონფისკაციით, გადასახლების გარეშე, ხოლო 104-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით - დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ ი. კ-ეს განესაზღვრა დახვრეტა.

2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №387 ბრძანებულებით ი. კ-ე შეწყალებულ იქნა და სიკვდილით დასჯა შეეცვალა 20 წლით თავისუფლების აღკვეთით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1996 წლის 24 მაისის განაჩენი შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: ი. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,190-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 24,339-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; ი. კ-ის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა იმავე კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე (განაჩენის გამოტანის დროს მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტებით (2000 წლის პირველ ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, ი. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 თებერვლის განჩინებით ამავე პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებაში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით ი. კ-ისათვის მისჯილ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ი. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2002 წლის 29 მარტიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინებით ამავე პალატის 2008 წლის 3 დეკემბრის განაჩენში აღმოიფხვრა ბუნდოვანება-უზუსტობა, კერძოდ: განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-7 აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ი. კ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო პირველი ინსტანციის განაჩენის მიღების დღიდან - 2006 წლის 12 აპრილიდან.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ: ი. კ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,379-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების ნაწილში; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 361-ე მუხლით შეფარდებული სასჯელისაგან, ხოლო 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 აპრილის განჩინებით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ი. კ-ეს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2006 წლის 12 აპრილიდან.

7. 2019 წლის 31 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ი. კ-ემ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეზე - „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების (რომელიც საბოლოო გახდა 2019 წლის 28 ივნისს) საფუძველზე მოითხოვა: უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინების შეცვლა სასჯელის ათვლის თარიღთან მიმართებით და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების განმარტება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინება გაუქმდა და სააპელაციო სასამართლოს მიეთითა, რომ დაეშვა მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინებით ი. კ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით უკვე იმსჯელა ი. კ-ის შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებზე და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმეორებით ემსჯელა იმავე საკითხზე.

11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას შუამდგომლობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება.

3. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და 2020 წლის 9 მარტის განჩინებით მართებულად ცნო დაუშვებლად ი. კ-ის შუამდგომლობა.

4. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოება ფორმალურად წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამაც 2020 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მიუთითა, რომ დაეშვა მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობა, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ 2020 წლის 9 მარტის განჩინებით მართებულად სწორად აღნიშნა, რომ იმავე სასამართლომ 2020 წლის 9 იანვრის განაჩენით უკვე იმსჯელა ი. კ-ის შუამდგომლობაში მითითებულ გარემოებებზე და სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, განმეორებით ემსჯელა იმავე საკითხზე.

5. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 იანვრის განაჩენი (რომლითაც არ დააკმაყოფილა ი. კ-ის შუამდგომლობა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 5 აგვისტოს განაჩენით დარჩა უცვლელად და ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე სასამართლომ უკვე იმსჯელა, არ არსებობს იმავე საფუძვლით იმავე გარემოებაზე განმეორებით მსჯელობის საფუძველი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ი. კ-ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის საფუძველი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 9 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ი. კ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. ვასაძე