საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.10.2020
საქმის ნომერი
2კ-433აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.10.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№433აპ-20 ქ. თბილისი

ჯ-ე დ-თ, 433აპ-20 29 ოქტომბერი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დ. ჯ-ე, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილებით და სასჯელის სახედ განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 16 მაისიდან; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 2 (ერთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. აღნიშნული განაჩენით დ. ჯ-ეს მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (2019 წლის 1 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).

დ. ჯ-ის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 9 მარტს, დაახლოებით 02:35 საათზე, ქ. თ-ში,მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გაზგასამართ სადგურ „ს-თან“, ვ. ბ-ის სახელობის ხიდის მიმდებარედ, დ. ჯ-ემ, რომელიც მართავდა ავტომობილ „ტოიოტას“, ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელის შემშლელი პირობების გარეშე გადავიდა საპირისპირო სავალ გზაზე, სადაც შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ ავტომობილ „ტოიოტა პრიუსს“, სახ. ნომრით – --, რომელსაც მართავდა ი. ქ-ა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ი. ქ-ა და მისი ერთი მგზავრი – ს. ლ-ე გარდაიცვალნენ, ხოლო მეორე მგზავრმა – ნ. ქ-ემ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე (სიცოცხლისათვის სახიფათო) დაზიანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. ადვოკატი ა. რ-ო საკასაციო საჩივრით ითხოვს დ. ჯ-ისათვის სასჯელის შემსუბუქებას, ვინაიდან მან აღიარა და მოინანია დანაშაული; უარი თქვა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებაზე; მტკიცებულებათა უმრავლესობა უდავოდ გახადა; სურვილი აქვს, დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახებს; ნასამართლობის არმქონეა; სასჯელის მოხდის პერიოდში დაიცვა დიპლომი, მიიღო ბაკალავრის სტატუსი, ჩააბარა ერთიანი სამაგისტრო გამოცდები, ახლაც სწავლობს და მუშაობს პენიტენციურ დაწესებულებაში.

5. თბილისის პროკურატურის პროკურორი იმედა გუგუშვილი შესაგებლით ითხოვს ადვოკატ ა. რ-ოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 7 მაისის განჩინებით ადვოკატ ა. რ-ოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 24 თებერვლის განაჩენის გასაჩივრების გაცდენილი ვადა ჩაეთვალა საპატიოდ და აღუდგა განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ დ. ჯ-ეს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილის სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქება, დამდგარი შედეგიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა,საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. რ-ოს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი