დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.03.2021
საქმის ნომერი
2კ-274-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
25.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180141121004312013

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№2741-21 25 მარტი, 2021 წელი

ვ–ი რ., 2741-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. მ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით დგინდება, რომ რ. ვ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად, რეციდივის გათვალისწინებით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

რ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო - 2017 წლის 26 აპრილიდან.

რ. ვ–ს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით, რ. ვ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

რ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი: 2015 წლის 1 აპრილიდან - 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 13 მარტიდან.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის სასჯელის განსაზღვრის შესახებ განაჩენების მიხედვით - საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3-4 ნაწილების თანახმად, მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით - შთანთქა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით და საბოლოოდ რ. ვ–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.

რ. ვ–ს საბოლოო სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 26 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 1 აპრილიდან - 2015 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. განაჩენები სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. 2021 წლის 27 იანვარს N.. პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ რ. ვ–ის პირადი საქმე.

6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

7. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ რ. ვ–ის ადვოკატმა ვ. მ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

8. ადვოკატმა საჩივრით ითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა: კასატორის მოსაზრებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს პოზიცია ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენების თაობაზე უარის თქმის შესახებ, იმაზე მინიშნებით, რომ რ. ვ–ი არის ნასამართლევი, არის უსაფუძვლო. კასატორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განაჩენის გამოტანის დროს რ. ვ–ი გასამართლებულ იყო საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ამნისტიის კანონის გამოსვლისას მას აღნიშნული მუხლით ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ რ. ვ–ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ.

3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

4. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) ან 261-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.

5. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

6. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 11 იანვრის განაჩენით, რომლის საფუძველზეც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით მსჯავრი დაედო რ. ვ–ს, დგინდება, რომ ის დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლობის მქონე საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, ვინაიდან რ. ვ–ი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროისათვის იყო ნასამართლევი პირი, სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და არა ნარკოტიკული დანაშაულისათვის, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ - სასჯელის ¼-ით შემცირება.

7. რაც შეეხება, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის განაჩენს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით რ. ვ–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,გ“ ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რომელზედაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. ვ–ის ინტერესების დამცველის ადვოკატ ვ. მ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე