საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 29.03.2021
საქმის ნომერი
2კ-275აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№275აპ-19 ქ. თბილისი

თ-ი ვ-ი, 275აპ-19 29 მარტი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ნოემბრის განაჩენით ვ. თ-ი, –– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასრულწლოვან ვ. თ-ს დაევალა პროგრამა „ბრაზის მართვაში“ ჩართვა.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. თ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 7 იანვარს, ღამის საათებში, ქ. თ-ში, თ-ის ქ. №--ში განთავსებულ ბარ „ა-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანმა ვ. თ-მა ხელთნაქონი დანით ასევე არასრულწლოვან ლ. შ-ეს თავის არეში მიაყენა ნაჩხვლეტი ჭრილობა, ხოლო ბარძაყის არეში – სამი ჭრილობა: შუა, ქვემო და ზემო მესამედში, რომელთაგან შუა მესამედში მიყენებული ჭრილობა – ბარძაყის არტერიის დაზიანებით – მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებას, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. არასრულწლოვან დაზარალებულ ლ. შ-ეს ჩაუტარდა დროული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რითიც შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი თამარ პაპავა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ვ. თ-ისათვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას თავისუფლების აღკვეთის სახით.

5. მსჯავრდებულ ვ. თ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. მ. შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი ასაჩივრებს მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, რეალურად აფასებს ჩადენილ ქმედებას, მუშაობს, სურს სწავლის გაგრძელება) და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ასევე – პირის ინდივიდუალური მახასიათებლების, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. თ-ს განუსაზღვრა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილი კანონიერი, სამართლიანი და ქმედების პროპორციული სასჯელი, რომლის დამძიმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

9. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიეთითოს ისეთ გარემოებაზე, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი მას არ ავალდებულებს. დაზარალებულს უფლება აქვს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. ფაფიაშვილი