გაუქმდა გამამტყუნებელი განაჩანი და გამოტანილი ინქნა გამამართლებელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100119003244180
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№714აპ-20 16 მარტი, 2021 წელი
კ. მ., 714აპ-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე)
ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ.კ. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. კ-მ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელსაც მიიჩნევს უკანონოდ და დაუსაბუთებლად; კასატორის განმარტებით, მას დანაშაული არ ჩაუდენია და არც სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები იყო საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია, ვინაიდან მიიჩნია, რომ დაკისრებულ ჯარიმაზე მეტი ხარჯის გაწევა მოუწევდა.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. კ-ს, - დაბადებულს 19... წლის 15 იანვარს, - ბრალად დაედო სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ. კ-მ 2019 წლის 2 სექტემბერს, შუადღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, ... ტერიტორიაზე მწყემს ჯ. ფ. მიაყენა ჯერ სიტყვიერი შურაცხყოფა, რის შემდეგაც სანადირო თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. მ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განაჩენით მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით - გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ მიესაჯა ჯარიმა - 850 ლარი.
5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. კ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
მ.კ-მ 2019 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, ... ტერიტორიაზე მწყემს ჯ. ფ. მიაყენა ჯერ სიტყვიერი შურაცხყოფა, შემდეგ კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
6. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კახაბერ ლეკიაშვილმა, რომელიც ითხოვდა განაჩენის შეცვლასა და მ. კ-ათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება; მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 2 სექტემბრიდან 2019 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომელსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში მ. კ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენებისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მ. . მსჯავრდებას საფუძვლად დაუდეს შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენება; 2019 წლის 3 სექტემბერს დაზარალებულ ჯ. ფ. მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; 2019 წლის 3 სექტემბერს დაზარალებულ ჯ. ფ. მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმი; მოწმე ი. კ. გამოკითხვის ოქმი და 2019 წლის 3 სექტემბერს მოწმე ი. კ. მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.
5. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (გარდა დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენებისა), სასამართლოებს გულდასმით უნდა შეეფასებინათ მათი შინაარსობრივი მხარე, რათა სარწმუნოდ დაედგინათ, თუ რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას ქმნიდა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს.
6. დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენებით ირკვევა, რომ არის მწყემსი და ს-დან ა-ში საძოვრებზე ჩამოჰყავს პირუტყვი. შემთხვევის დღეს პირუტყვს მწყემსავდა, როდესაც მასთან მივიდა მ. კ., თანმხლებთან ერთად და სთხოვა სალაპარაკოდ ცხენიდან ჩამოსვლა, რაზეც მისგან მიიღო უარი. მ. კ.მ ჯერ შეაგინა, შემდეგ თანმხლებ პირს გამოართვა ორლულიანი სანადირო თოფი, დაუმიზნა მას და დაემუქრა - თუ მის ტერიტორიაზე აბალახებდა პირუტყვს, ესროდა. მას შეეშინდა და გაიქცა. დაახლოებით 100-150 მეტრიდან დაინახა, როგორ მიერეკებოდნენ მის პირუტყვს, თუმცა იყო შეშინებული და ახლოს აღარ მისულა. შემთხვევამდე მან ერთხელ ნახა მ. კ, რომელმაც გააფრთილა, რომ ტერიტორია, სადაც პირუტყვს აბალახებდნენ, იყო მისი.
7. 2019 წლის 3 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ადგილზე შემოწმდა ჯ. ფ. მიერ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა მთა ,,ნ.“ ტერიტორიაზე ის ადგილები, სადაც ცხენით მწყემსავდა პირუტყვს, დაუძახეს მისთვის უცნობმა პირებმა, რომელთაგან ერთმა სთხოვა ცხენიდან ჩამოსვლა, შეაგინა და თოფი მიუშვირა.
8. 2019 წლის 3 სექტემბრის ამოცნობის ოქმით ირკვევა, რომ ჯ. ფ მისთვის წარდგენილ სამ პირს შორის ამოიცნო მ. კ. და განმარტა, რომ ამ პირმა 2019 წლის 2 სექტემბერს ... ტერიტორიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გარეკა მისი პირუტყვი.
9. მოწმე ი. კ. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ მის ძმას - მ. კ-ს დაახლოებით 5 წელია, იჯარით აქვს აღებული სათიბი, რომლის მახლობლად არსებულ საძოვრებზე მწყემსებს ჩამოჰყავთ პირუტყვი, რის გამოც მის ძმას არაერთხელ მოსვლია კამათი. 2019 წლის 2 სეტემბერს ძმასთან ერთად იყო კუთვნილ სათიბში, სადაც ნახეს, რომ კვლავ პირუტყვი ბალახობდა. მისი ძმა გაბრაზდა და ცხენზე მჯდომ მწყემსს უთხრა, ცხენიდან ჩამოსულიყო ესაუბრათ, რაზედაც მწყემსმა უარი უთხრა. მისი ძმა უფრო გაბრაზდა და შეაგინა მწყემსს, რომელმაც საპასუხოდ ასევე შეაგინა და გაიქცა. გაქცეულმა დაახლოებით 100 მეტრიდან მოაძახათ, ნახეთ, რას გიზამთ, პოლიციაში დავრეკავო. მათ პირუტყვი გარეკეს ღელის მიმართულებით. ამ დროს მას ხელში ეკავა ჯოხი, რომელიც ყოველთვის თან დააქვთ მწყემსბის ძაღლების მოსაგერიებლად. არც მას და არც მის ძმას შემთხვევის დროს სანადირო თოფი არ ჰქონიათ, არც ვინმესთვის დაუმიზნებიათ და არც მწყემსს დამუქრებიან.
10. 2019 წლის 3 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ ადგილზე შემოწმდა მოწმე ი. კ. ჩვენება. მან მიუთითა სათიბზე, რომელიც ეკუთვნის მის ძმას, სადაც ბალახობდა პირუტყვი და შეხვდნენ მწყემსს, რომელსაც მისმა ძმამ მიუთითა, ჩამოსულიყო ცხენიდან და ელაპარაკათ, რაზეც მწყემსმა უარი უთხრა, მისმა ძმამ კი - შეაგინა და ცემით დაემუქრა. მწყემსი ცხენიდან არ ჩამოსულა, ისე წავიდა. მან და მ. კ-მ პირუტყვი გადარეკეს.
11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი და ქმნიან იმგვარ ერთობლიობას, რომელიც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისათვის, მაშინ, როდესაც ზემოგანხილული მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება მ. კ. გამოკითხვის ოქმსა (რომელიც ბრალდების მხარეს ასევე არ გაუხდია სადავოდ და სხვა უდავო მტკიცებულებების მსგავსად პრეიუდიციული მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული) და ი. კ- გამოკითხვის ოქმს, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ გარემოებებს შეიცავს, კერძოდ:
12. ბრალდებულ მ. კ. გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ დაახლოებით 5 წელია, იჯარით აქვს აღებული სათიბი, რომლის მახლობლად არსებულ საძოვრებზე მწყემსებს ჩამოჰყავთ პირუტყვი, რის გამოც არაერთხელ მოსვლია მათთან კამათი. შემთხვევის დღეს დაინახა, რომ მის ტერიტორიაზე ბალახობდა პირუტყვი, გაბრაზდა და მწყემსს უთხრა, ჩამოსულიყო ცხენიდან და ესაუბრათ, რაზეც უარი მიიღო. ამაზე უფრო გაღიზიანდა და შეაგინა, რაზეც საპასუხოდ მწყემსმაც შეაგინა მას და გაიქცა. დაახლოებით 100 მეტრიდან მოაძახა, ნახე რას გიზამ, პოლიციაში დავრეკავო. მან ძმასთან ერთად გადარეკა პირუტყვი მისი ტერიტორიიდან. მწყემსისთვის მას ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მხოლოდ რამდენჯერმე შეაგინა. არც მას და არც მის ძმას სანადირო თოფი ან სხვა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. მის ძმას ეკავა ჯოხი ძაღლების მოსაგერიებლად. მწყემსს სიცოცხლის მოსპობით ან ჯანმრთელობის დაზიანებით არ დამუქრებია და არანაირი იარაღი მისთვის არ დაუმიზნებია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც გულისხმობს სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის სათანადოდ მომზადებულ და დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივისთვის მინდობას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ბრალდების მხარე ასევე ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ხოლო სასამართლომ - მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არცერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა, გულდასმით განსაჯოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები სამართლიანად გადაჭრას. იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ შემთხვევის თვითმხილველები იყვნენ, ერთი მხრივ, ჯ. ფ., რომელიც ამხელდა მ.კ-ს დანაშაულის ჩადენაში, ხოლო, მეორე მხრივ, მ. კ. და ი. კ., რომლებიც უარყოფდნენ მ. კ. ბრალეულობას, ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დანაშაულის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით, ბუნებაში ვერ მოიძებნება სხვა მტკიცებულება, რომლითაც დამოუკიდებლად და ეჭვგარეშე დადგინდებოდა ობიექტური რეალობა, უდანაშაულო პირის შესაძლო მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად უკიდურესად აუცილებელი იყო დაზარალებულის ჩვენების სათანადო გულისხმიერებით შეფასება და იმის დადგენა, ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულება შინაარსობრივად ხომ არ შეიცავდა ურთიერთსაწინააღმდეგო ან/და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; გამყარებული იყო თუ არა იგი სხვა მტკიცებულებებით, თუ მათ შორის იყო წინააღმდეგობები; ხომ არ არსებობდა სხვა გარემოება, რაც საეჭვოს გახდიდა დაზარალებულის მონათხრობს, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სათანადოდ არ იმსჯელეს.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მ. კ-მ თავის თანმხლებს გამოართვა ორლულიანი სანადირო თოფი, დაუმიზნა მას და დაემუქრა, რომ ესროდა, ერთი მხრივ, ეწინააღმდეგება მ. კ. და ი. კ. გამოკითხვის ოქმებს (უდავო მტკიცებულებები) და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს (უდავო მტკიცებულებები), რომელთა შინაარსით უპირობოდ გამოირიცხა მ. კ. მიერ სანადირო თოფით მუქარა, ხოლო, მეორე მხრივ, არ დასტურდება დაზარალებულისვე მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმით, რადგან ჯ. ფ. მ. კ. ამოცნობისას განმარტა, რომ ამ პირმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გადადენა მისი პირუტყვი, თუმცა არაფერი უთქვამს თოფით მუქარაზე.
13. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები დაზარალებულ ჯ. ფ. ჩვენების გასამყარებლად იშველიებენ 2019 წლის 3 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, როდესაც მოწმე ი. კ. ჩვენების ადგილზე შემოწმებისას მოწმემ აღნიშნა, რომ მ. კ-მ შეაგინა ჯ. ფ. და ცემით დაემუქრა მას, რაც ვერაფრით შეფასდება, როგორც ზემოაღნიშნული ორი მტკიცებულების თანხვდენა, ვინაიდან დაზარალებულის მტკიცებით, მ. კ-მ მას თოფი დაუმიზნა და დაემუქრა, რომ ესროდა, ხოლო ი. კ. განმარტებით კი, მისი ძმა დაზარალებულს დაემუქრა ცემით. გარდა ამისა, სასამართლოებმა უყურადღებოდ დატოვეს ის ფაქტი, რომ ი. კ. იყო არასრულწლოვანი, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მისი ჩვენების შესამოწმებლად, თუმცა თავად ჩვენებაში არასრულწლოვანი არაფერს ამბობდა მ. კ. მხრიდან რაიმე სახის მუქარაზე.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მ. კ. მსჯავრდებას, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტებთან მიმართებით შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველ გარემოებებს, რაც ერთობლივად შეფასებისას უკარგავს მათ სანდოობას და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რისი მხედველობაში მიღებითაც, შეუძლებელია სასამართლომ მათზე დაყრდნობით სარწმუნოდ დაადგინოს რაიმე გარემოება და მითუფრო, საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
15. და ბოლოს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბრალდების მხარე მ. კ-ს ედავებოდა, რომ ჯ. ფ. სწორედ სანადირო თოფის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ი. კ. ჯ. ფ. უბრალოდ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, თუმცა არაფერი უთქვამთ იმაზე, თუ რაში გამოიხატა მ. კ. დანაშაული და რომელი ქმედება შეაფასეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის მუქარა. მეტიც, სასამართლოებმა, ერთი მხრივ, თითქოსდა, უპირობოდ გაიზიარეს დაზარალებულ ჯ. ფ. მტკიცება ი. კ. მხრიდან ორლულიანი თოფის დამიზნებით მუქარასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, დაზარალებულის ჩვენება არასაკმარისად მიიჩნიეს თოფის დამიზნებით მუქარის ფაქტის უტყუარად დასადგენად. ამავდროულად საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს და არც გადაწყვეტილებების მოტივაციებში იკითხება, კონკრეტულად რაში გამოიხატა მ. კ. მიერ მსჯავრად შერაცხული დანაშაულის - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - შემადგენლობა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებების ერთობლიობით ვერ დადასტურდა მ. კ. ბრალეულობა.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
17. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
18. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ. კ. დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, მ. კ. წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. კ-საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განაჩენი მ. კ. მიმართ;
3. მ. კ. ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
4. გამართლებულ მ. კ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;
5. მ. კ. მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია; გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს;
6. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი