საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№82აპ-19 ქ. თბილისი
ჯ-ი ე-რ, 82აპ-19 22 მარტი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით ე. ჯ-ი, –ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და, 2018 წლის 26 იანვრიდან იმავე წლის 5 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე ე. ჯ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა ქონება – საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლის გაუვლელად გადმოტანილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 694,89 გრამი საერთო წონის მქონე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 44994,10 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ჯ-მა ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ე. ჯ-მა 2018 წლის 26 იანვარს საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ს-ში“, ტანისამოსით, რომელიც ეცვა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები – ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ა-ის რესპუბლიკის მოქალაქე ე. ჯ-მა 2018 წლის 26 იანვარს საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ს-ის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა მისი ფიზიკური დათვალიერებისას აღმოაჩინეს ე. ჯ-ის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები – ოქროს ნაკეთობები: ოქროს ორეული (საყურე, 585 სინჯის ბეჭედი) – 15 წყვილი; 585 სინჯის ოქროს სამეული (საყურე, ბეჭედი, კულონი) – 6 წყვილი; 585 სინჯისოქროს კულონი – 43 ცალი; 585 სინჯის ოქროს საყურე– 96 წყვილი; 585 სინჯის ოქროს სამაჯური – 35 ცალი; 585 სინჯის ოქროს ყელსაბამი – 13 ცალი; 585 სინჯის ოქროს ყელსაბამი კულონით – 26 ცალი, 585 სინჯის ოქროს ბეჭედი – 86 ცალი; სულ – 694,89 გრამი, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 44494,10 ლარი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. ნ-ემ, რომელმაც ითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ე. ჯ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი დავით ჭარბაძე შესაგებლით ითხოვს ადვოკატ პ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს ადვოკატი. სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ე. ჯ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. ე. ჯ-ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – დ. ყ-ას, მ. ვ-ის, გ. ნ-ის, ხ. მ-ის, გ. ა-ის, პ. ჯ-ის, ჯ. ს-ის, ნ. დ-ის, ე. კ-ის ჩვენებებით, მგზავრის დათვალიერების ოქმით, ოქროს ნაკეთობების დათვალიერების ოქმით, საქონლის რაოდენობის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ ექსპერტიზის 2018 წლის 26 იანვრის - დასკვნით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმითა და სხვა მტკიცებულებებით.
9. გარდა ამისა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დადგინდა, რომ, მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, განეცხადებინა დეკლარირებას დაქვემდებარებული ნივთების შესახებ როგორც დერეფანში, ისე – დათვალიერების ოთახში, ე. ჯ-მა უარყო დასადეკლარირებელი საქონლის ქონა, მეტიც, აცხადებდა, რომ კარგად იცნობდა საქართველოს კანონმდებლობას და, თუ ექნებოდა ასეთი საქონელი, გაივლიდა შესაბამის საბაჟო პროცედურებს.
10. რაც შეეხება დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობას, იმავე მოთხოვნით დაცვის მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროსაც დააყენა შუამდგომლობა, რომლის არდაკმაყოფილების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ მხარეს გასცა არგუმენტირებული პასუხი, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე. ჯ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. ფაფიაშვილი