დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.02.2021
საქმის ნომერი
2კ-56-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004288124

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№561-21 24 თებერვალი, 2021 წელი

ბ–ე კ., 561-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 მაისის განაჩენით კ. ბ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2017 წლის 15 ოქტომბრის ეპიზოდი).

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა. ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და კ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის საბოლოო მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

კ. ბ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

კ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით პირობით ვადამდე გათავისუფლების შედეგად მოუხდელი სასჯელი - 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ. ბ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ოქტომბრიდან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა კ. ბ–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულმა კ. ბ–მ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ მას დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ კ. ბ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:

3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051-ე მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

4. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული კ. ბ–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2009წლის 23 მარტის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა“ და „ბ)“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისთვის; ხოლო მოგვიანებით, ნასამართლეობის გაქარწყლებამდე - 2014 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განაჩენით დადგენილი ქმედების ჩადენისას ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ იყო.

5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ კ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე