დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.02.2021
საქმის ნომერი
2კ-53-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330141221004286430

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№531-21 22 თებერვალი, 2021 წელი

ი–ე მ., 531-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ი–ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით მ. ი–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 24 დეკემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 21 ნოემბრიდან იმავე წლის 26 ნოემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

4. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ი–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ი–მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

7. მსჯავრდებულმა მ. ი–ემ საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. უსაფუძვლოა მსჯავრდებულ მ. ი–ს მოთხოვნა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენებით მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულ მ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოსკანონის გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მ. ი–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:

4. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე−129-ე მუხლებით, 130-ე მუხლით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ავადმყოფის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), 133-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 134-ე მუხლით, 135-ე მუხლით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 2401-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებას მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა), 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) ან 245-ე მუხლის პირველი ან მე- 2 ნაწილით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქმედებამ გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.

5. მოცემულ შემთხვევაში მ. ი–ე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონის პრეამბულის თანახმად, კანონმდებლის მიერ დანაშაულთა შემადგენლობების განსაზღვრა განხორციელდა ქმედებების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით მკაფიოდ და ამომწურავად არის განსაზღვრული იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება კანონის მოქმედება. შესაბამისად, ვინაიდან ქმედება მოიცავს ერთდროულად სისხლის სამართლის კოდექსის იმ მაკვალიფიცირებელ გარემოებასაც, რომელზეც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება (პირს განესაზღვრა ერთიანი სასჯელი სსკ-ის ერთიდაიგივე მუხლის ერთიდაიგივე ნაწილის სხვადასხვა პუნქტებით), სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამნისტიის აქტის მოქმედება განავრცოს და გამოიყენოს იმ შემთხვევების მიმართ, რაც კანონით არ არის გათვალისწინებული(მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის განჩინება N191-21)

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ. ი–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე