დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050141121004277972
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№551-21 23 თებერვალი, 2021 წელი
შ–ე ზ., 551-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. შ–ს საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 ივნისის განაჩენით ზ. შ–ე, - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ზ. შ–ეს მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ზ. შ–ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, ზ. შ–ეს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
2. 2021 წლის 18 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N.. დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გამოყენება.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. შ–ს მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი.
4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. შ–ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
5. მსჯავრდებულმა ზ. შ–ემ საჩივრით ითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ ზ. შ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე ზემოაღნიშნული კანონი არ ვრცელდება, კერძოდ:
3. „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნახევრდება ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა), 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 205-ე მუხლით, 2051-ე მუხლით ან 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზ. შ–ე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას იყო ნასამართლევი; იმავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი არ ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ)“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ. შ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე