განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 05.04.2021
საქმის ნომერი
2კ-308-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №308I -21 თბილისი

ნ-ე ა., 308I -21 5 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ნ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. ნ-ის პირადი საქმე.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ა. ნ-ის, - დაბადებულის -- წელს, - მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ გავრცელდა.

3. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. ნ-ემ, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებებთან მიმართებით, ვინაიდან ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

3. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ნ-ეს განემარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული მის მიერ ჩადენილი ქმედება შესაბამისობაშია მოსაყვანი ამავე კოდექსის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებთან (სააპელაციო სასამართლოსათვის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართვის საფუძველზე), რის შემდეგაც სასამართლო ამ ქმედებასთან მიმართებით განიხილავს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების საკითხს. ამავე დროს საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული განაჩენით მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული ქმედება - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული - შეესაბამება ამავე კოდექსის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქციის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებს, რომელზეც ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ: ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს სასჯელი შეიძლება გაუნახევრდეს ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ შორის იგი არ უნდა იყოს ნასამართლევი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

4. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ა. ნ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ორ - 2013 წლის 3 და 21 აგვისტოს ეპიზოდებში „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის) შეფარდებული სასჯელის - 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო ამავე განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ა. ნ-ისათვის დადგენილი საბოლოო სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებული ა. ნ-ე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (2013 წლის 3 და 21 აგვისტოს ეპიზოდებისათვის) შეფარდებული სასჯელის - 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით;

2.2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით ა. ნ-ისათვის დადგენილი საბოლოო სასჯელი დარჩეს უცვლელად;

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 10 თებერვლის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი