განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.04.2021
საქმის ნომერი
2კ-323-I-21
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.04.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №323I -21 თბილისი

გ-ი ა., 323I -21 16 აპრილი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის იანვარში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №- ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიაში გადაიგზავნა მსჯავრდებულ ა. გ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ა. გ-ი, - დაბადებული -- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით მისთვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. გ-ს განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 18 ივლისიდან.

2.2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ა. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა. გ-მა, რომელიც ითხოვს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებასა და სასჯელის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებასთან მიმართებით, ვინაიდან ამ დანაშაულზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი არ ვრცელდება.

3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნასამართლობის არმქონე პირი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან, თუ დაზარალებული განაცხადებს თანხმობას ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

4. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით გაირკვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 25 დეკემბრის №-- განკარგულებით ა. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 19 მაისის განაჩენებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, რის გამოც იგი ნასამართლობის არმქონედ ითვლებოდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 მარტის №295I-21 განჩინება; 2018 წლის 9 მარტის №535აპ-17 განჩინება). ამავე დროს წარმოდგენილია დაზარალებულ დავით ცაავას ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ ა. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ.

5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული ა. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (რომელიც შთანთქმული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს), ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ა. გ-ისათვის საბოლოოდ დადგენილი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. გ-ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებული ა. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან (რომელიც შთანთქმული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელს);

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით ა. გ-ისათვის დადგენილი - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - დარჩეს უცვლელად;

2.3. მსჯავრდებულ ა. გ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 18 ივლისიდან;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 25 მარტის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი