საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 10.06.2021
საქმის ნომერი
2კ-1012აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100119003196245

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1012აპ-20 ქ. თბილისი

წ–ი ლ., 1012აპ-20 10 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგი მოტივებით: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობილობა, რომელიც ლ. წ–ს ბრალეულობას დაადასტურებდა; სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა; განაჩენი ემყარება დაზარალებულ ნ. კ–ს და მოწმე ვ. რ–ს ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, რომლებიც სრულიად სხვადასხვანაირად გადმოსცემენ ლ. წ–ს ქმედებებს, რის გამოც ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს; ლ. წ–ს არც ავტომანქანის და არც ტელეფონის გადაცემა დაზარალებულისათვის არ მოუთხოვია.

2. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ჯემალ ნათელაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს დაცვის მხარის საკასაციოს საჩივრის დაუშვებლად ცნობას.

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ. წ–ს ბრალად ედება: ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ; ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება - სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ჩადენილი ჯგუფურად.

ლ. წ–ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. თ..........ში, ............ის დასახლების მე - .. მიკრორაიონის ტერიტორიაზე, ლ. წ–მ და ვ. რ–მ გააჩერეს ტაქსი - ავტომანქანა „მერსედესი“, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „........“, რომელსაც მართავდა ნ. კ–ი და შეუთანხმდნენ 40 ლარად ქალაქ დ.......ში წაყვანაზე. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ნ. კ–მ ავტომანქანა გააჩერა ქ. თ...........ში, ............ში მდებარე სუპერმარკეტ „.......ის“ მიმდებარედ და მგზავრებს მოსთხოვა საფასურის წინასწარ გადახდა. აღნიშნულზე მძღოლის გვერდით მჯდომი ლ. წ–ი გახდა აგრესიული, ამოიღო „....“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა, მიუშვირა ნ. კ–ს და დაემუქრა მოკვლით, თუ არ წაიყვანდა მათ ქალაქ დ........ში. ნ. კ–მ პისტოლეტი აღიქვა რეალურ იარაღად და ლ. წ–ს უთხრა, რომ თუ ესროდა, ვეღარ წაიყვანდა. ამის შემდეგ, ლ. წ–მ, პისტოლეტის ფორმის სანთებელა გადააწოდა უკან მჯდომ ვ. რ–ს, რომელიც ასევე დაემუქრა ნ. კ–ს, რომ თუ იგი არ წაიყვანდა ქალაქ დ..........ში, ესროდა და მოკლავდა. ნ. კ–მ მუქარა აღიქვა რეალურად და იმის მიუხედავად, რომ არ სურდა ლ. წ–ს და ვ. რ–ს ქალაქ დ........ში საფასურის გარეშე წაყვანა, ფსიქიკური ზემოქმედებისა და სიცოცხლის მოსპობის შიშის გამო, იძულებული გახდა ისინი წაეყვანა ქალაქ დ........ში, სადაც ლ. წ–მ და ვ. რ–მ ავტომობილში ჩაისვევს შ. გ–ი და მივიდნენ დ........ის რაიონის სოფელ ..........ში, საიდანაც დაახლოებით 05:00 საათზე წამოვიდნენ ისევ ქალაქ დ........ის მიმართულებით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, დაუსახლებელ ადგილზე, ლ. წ–მ ნ. კ–ს მოსთხოვა, გაეჩერებინა ავტომანქანა, იმავდროულად ამოიღო „...“ მოდელის პისტოლეტის ფორმის სანთებელა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ნ. კ–ს გადაეცა ავტომანქანა „მერსედესი“, ღირებული 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარად და მობილური ტელეფონი „SONY XPERIA .........“, ღირებული 40 (ორმოცი) ლარად. ნ. კ–ი დარწმუნებული იყო, რომ ლ. წ–ს ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და თუ არ შეასრულებდა მის მოთხოვნას მოკლავდა, რის გამოც მას გადასცა მობილური ტელეფონი და ავტომანქანა. ამასთან, ნ. კ–მ უთხრა ლ. წ–ს, რომ ავტომანქანა მუშაობდა გაზზე და მის გარეშე ვერ აამუშავებდა. ლ. წ–ი დაჯდა საჭესთან, ნ. კ–ი დასვა გვერდით სავარძელზე და ყველანი წავიდნენ ქალაქ დ.........ის მიმართულებით. ქალაქ დ.........ში ლ. წ–მ გააჩერა ავტომანქანა, გადავიდა და როდესაც დაბრუნდა ვერ აამუშავა ავტომანქანა. ლ. წ–მ ნ. კ–ს მოსთხოვა დროულად აემუშავებინა ავტომანქანა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ. კ–მ ვერ აამუშავა ავტომანქანა, რის გამოც ლ. წ–მ და ვ. რ–მ ცემა დაუწყეს ნ. კ–ს. ამ უკანაკნელის ყვირილზე მათთან მივიდა ერთ - ერთი მოქალაქე, რის გამოც ლ. წ–მ და ვ. რ–მ მასზე გადაიტანეს ყურადღება, რითაც ისარგებლა ნ. კ–მ, აამუშავა ავტომანქანა და დახმარებისათვის მივიდა შსს დ..........ის რაიონულ სამმართველოში.

4. მცხეთის რაიონული სასამართლის 2020 წლის 23 იანვრის განაჩენით ლ. წ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

ლ. წ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 521-ე მუხლის თანახმად, დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ - საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).

ლ. წ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-8 ნაწილების საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ - საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ლ. წ–ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2017 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება 1 (ერთი) წლითა და 12 (თორმეტი) დღით პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და მე-8 ნაწილების საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ. წ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებით სასჯელად 3 (სამი) წლით შეეზღუდა და აეკრძალა იარაღთან დაკავშირებული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ - საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლებები).

მსჯავრდებულ ლ. წ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 აპრილიდან.

გაუქმდა ლ. წ–ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ–მ და მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნელი ოჯრონიკიძემ.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ლ. წ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

- ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლის განაჩენში ცვლილების შეტანა და ლ. წ–ს დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ასევე საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მისთვის დანაშაულთა ერთობლიობით მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 2 ნოემბრის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 23 იანვრის დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობითაც, კერძოდ: დაზარალებულ ნ. კ–ის ჩვენებით, მოწმეების – ვ. რ–ს, მ. ქ–ს, მ. ქ–ს, ე. ჩ–ის, ი. ფ–ს, ჯ. ა–ს, მ. ი–ს, დ. თ–ს, ვ. ქ–ის, თ. ხ–ს, მ. ნ–ს, ლ. კ–სა და სხვათა ჩვენებებით, ნ. კ–ს და ვ. რ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, დაზარალებულ ნ. კ–ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ლ. წ–გან 2019 წლის 27 აპრილს ჩატარებული ამოღების ოქმით, ვ. რ–სგან 2019 წლის 27 აპრილს ჩატარებული ამოღების ოქმით, ბრალდებულ ლ. წ–ს 2019 წლის 27 აპრილის ამოცნობის ოქმით, შ. გ–ის 2019 წლის 27 აპრილის ამოცნობის ოქმით, ვ. რ–ს 2019 წლის 27 აპრილს ამოცნობის ოქმით, ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, ბალისტიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ლ. წ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 150–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

10. ამასთან, საკასაციო სასამართლოს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ საეჭვოდ მიიჩნიოს დაზარალებულ ნ. კ–ის ჩვენება, რომელიც არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და უტყუარი, ასევე მისი მხრიდან არ იკვეთება რაიმე დაინტერესება მსჯავრდებულ ლ. წ–ს მიმართ. რაც შეეხება დაზარალებულისა და მოწმე ვ. რ–ს ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობას, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ერთადერთი წინააღმდეგობა, რაც მათ ჩვენებებს შორის არსებობს, არის ის, რომ ნ. კ–ი ვ. რ–საც ამხელს მის მიმართ მუქარასა და ძალადობრივი ქმედების ჩადენაში, რასაც, თავის მხრივ, მოწმე კატეგორიულად უარყოფს, ხოლო დანარჩენ, მათ შორის – იმ ნაწილში, რომ ლ. წ–მ ნამდვილად იარაღის გამოყენების მუქარით აიძულა დაზარალებული, რომ ისინი წაეყვანა ქ. დ.........ში, ხოლო იქ ყოფნისას ლ. წ–ი ეჩხუბებოდა და იარაღით ემუქრებოდა – მათი ჩვენებები სრულად თანხვდენილი და იდენტურია. ამდენად, ის გარემოება, რომ მოწმე დანაშაულში საკუთარ მონაწილეობას არ ადასტურებს, ვერ გახდება მისი ჩვენების არგაზიარების საფუძველი და, ამასთან, არ გამორიცხავს ლ. წ–ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის ფაქტს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. წ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი