საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№324აპ-21 ქ. თბილისი
ს-ი გ-ი, 324აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თეონა გოდერძიშვილის, მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ისა და მსჯავრდებულ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ს-ს ბრალად დაედო მითვისება, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია)), ხოლო დ. ჯ-ს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია)).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ. ს-ის ეპიზოდი:
· 2014 წლის 8 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (ს/ნ -) და სს “ს. კო-ა თ-სს“ (ს/ნ --) შორის გაფორმდა -- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ----ის გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა“, რომლის ღირებულება შეადგენდა 21 177 700 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს (2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე ობიექტის მიწოდების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31 აგვისტომდე).
· ტენდერში გამარჯვების შემდეგ სს “ს. კო-ა თ-სის“ დირექტორმა გ. ს-მა (იმავდროულად იყო აქციონერი) განიზრახა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მოცემული ტენდერის ფარგლებში სამუშაოების უზრუნველსაყოფად გადარიცხული თანხიდან მისი ნაწილის მითვისება.
· 2014 წლის 29 მაისიდან 2015 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ზემოხსენებული ხელშკრულების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სს „საგზაო კომპანია „თ-თვის“ ჩარიცხული თანხა შეადგენს ჯამურად – 12 965 545.55 ლარს, მათ შორის – ავანსის სახით ჩარიცხულია 8 400 000 ლარი. უშუალოდ გ. ს-ის დირექტორობის პერიოდში ჩაირიცხა 12 943 561.48 ლარი.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სს „საგზაო კომპანია “თ-მა“ არასრულყოფილად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ექსპერტიზის 2017 წლის 24 თებერვლის №- დასკვნის თანახმად, სს “ს. კო-ა თ-სმა“ რეალურად შეასრულა 8 012 672.98 ლარად ღირებული სამუშაო.
· გ. ს-მა, როგორც სს „საგზაო კომპანია “თ-ის“ დირექტორმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა დიდი ოდენობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სს „საგზაო კომპანია “თ-ისათვის“ ჩარიცხული თანხის ნაწილი – 4 669 426.57 ლარი.
დ. ჯ-ის ეპიზოდი:
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 იანვრის №- ბრძანების საფუძველზე, 2009 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში დ. ჯ-ი მუშაობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №- ბრძანების მე-7 მუხლის მიხედვით, მის მოვალეობაში, სხვა საკითხებთან ერთად, შედიოდა დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად მატერიალური რესურსების აღრიცხვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტისათვის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთებისა და განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელება, დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა.
· 2014 წლის 8 მაისს, ტენდერში გამარჯვების შემდგომ (სატენდერო განცხადების ნომერი – -), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (ს/ნ --) და სს “ს. კო-ა თ-სს“ (ს/ნ --) შორის გაფორმდა №-- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ-ის ს/გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა“, რომლის ღირებულება შეადგენდა 21 177 700 ლარს. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს (2015 წლის 11 სექტემბრის შეთანხმების საფუძველზე ობიექტის მიწოდების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31 აგვისტომდე). ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, დასაბუთებული აუცილებლობისას მიმწოდებელს შეეძლო, შემსყიდველისათვის წარედგინა წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით. შემსყიდველის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო, წარედგინა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა ყოფილიყო გასაცემი ავანსის დაქვითვამდე. დასაშვები იყო წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა.
· სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 28 აპრილის №75 განკარგულებით სს “ს. კო-ა თ-სი“ 2014 წლის 28 აპრილს ერთი წლით დარეგისტრირდა „თეთრ სიაში“ (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №- ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 262-ე მუხლის საფუძველზე). „თეთრ სიაში“ დარეგისტრირებული მიმწოდებელი, წინასწარი ანგარისწორების შემთხვევაში, ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევრის ოდენობის გარანტია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
· 2015 წლის 6 იანვარს სს “ს. კო-ა თ-სმა“ №- წერილით მიმართა დამკვეთს, რათა ამ უკანასკნელს მიმწოდებლისათვის 2015 წელს დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ავანსის სახით ჩაერიცხა, მაქსიმუმ, 5 871 080 ლარი (40%), რაზედაც, როგორც სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს „თეთრი სიით“ მოსარგებლე, მზადყოფნას გამოთქვამდა, წარედგინა საავანსო საბანკო განარტია 2 935 540 ლარზე (20%). დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2015 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო შეტყობინება „Swift-ზე“, რომლის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ ბრიტანულმა საფინანსო ორგანიზაცია „S----------------მ“ გასცა -- საბანკო გარანტია 1 586 779 აშშ დოლარზე, ვადით: 19.01.2015–19.12.2015 წწ.. აღნიშნული გარანტიის მიღების ფაქტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აცნობა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. 2015 წლის 26 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, სახელწოდებით „e----e“, შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №- წერილი. აღნიშნულ წერილს თანდართული ჰქონდა ინგლისურენოვანი, „S----------------ს“ მიერ გაცემული ------------- საავანსო გარანტია. მითითებული წერილის ადრესატი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელმაც იმავე დღეს წერილი გადააწერა იმავე დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს კურატორ მოადგილეს, რომელმაც შემოსული გარანტია იმავე დღეს შესასრულებლად გადააწერა ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსს – დ. ჯ-ს. 2015 წლის 26 იანვარს დ. ჯ-მა ეს წერილი ასევე შესასრულებლად დააწერა თავის მოადგილეს – დ. ს-ას, რომელმაც მის შესრულებაში ჩართო ფინანსების მართვის სამმართველოს ფინანსური ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი რ. ჩ-ი და ბუღალტერიის განყოფილების უფროსი გ. თ-ი. რ. ჩ-მა 2015 წლის 27 იანვარს ზემოხსენებული გარანტიის შესწავლაში ჩართო თავისი განყოფილების მთავარი სპეციალისტი მ. შ-ა, იმავდროულად, გ. თ-მა იმავე პროცედურების განსახორციელებლად ჩართო მთავარი სპეციალისტი ზ. ლ.. 2015 წლის 29 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, სახელწოდებით „e----e“, შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №- წერილი, რომელსაც თანდართული ჰქონდა ინგლისურენოვანი, „S----------------ს“ მიერ გაცემული ------------- საავანსო გარანტიის ცვლილება. მითითებული წერილის ადრესატი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. თავმჯდომარემ წერილი იმავე დღეს გადააწერა ფინანსების მართვის სამმართველოს კურატორ მოადგილეს, რომელმაც იმავე დღეს ის შესასრულებლად გადააწერა დ. ჯ-ს. 2015 წლის 29 იანვარს მან, თავის მხრივ, წერილი შესასრულებლად დააწერა დ. ს-ას. დ. ს-ამ იმავე დღეს წერილის შესრულების პროცესში ჩართო რ. ჩ-ი და გ. თ-ი. 2015 წლის 30 იანვარს რ. ჩ-მა ზემოხსენებული გარანტიის ცვლილების შესწავლაში ჩართო მ. შ-ა, ამავდროულად, იმავე დღესვე გ. თ-მა პროცედურების განსახორციელებლად ჩართო ზ. ლ-ა. ამ პროცესებში ჩართულ თითოეულ პირს შეეძლო, ენახა ხსენებული საავანსო გარანტია, მისი ცვლილება ელექტრონულ ფორმატში და განეხორციელებინა თავისი სამსახურებრივი ვალდებულებები, ხოლო დედანი დოკუმენტები ინახებოდა დ. ჯ-თან.
· ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადოდ შესრულებას.
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 27 იანვრის №-- წერილის საფუძველზე დ. ჯ-ს მიენიჭა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაზე დაშვების უფლებამოსილება, რათა მას, სხვა უფლებებთან ერთად, დაემოწმებინა ვალდებულების დოკუმენტი, ასევე – საგადახდო დავალება და სახელმწიფო ხაზინაში გადაეგზავნა, რათა შესაბამის პირს ჩარიცხვოდა ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.
· 2009 წლის 14 აგვისტოს №- ბრძანების შესაბამისად, საავანსო გარანტიებთან მიმართებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს, რომლის ხელმძღვანელი 2009 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე იყო დ. ჯ-ი. ფინანსების მართვის სამმართველოს ფინანსური ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსის, მოცემულ შემთხვევაში – რ. ჩ-ისა და მთავარი სპეციალისტის – მ. შ-ას ფუნქცია-ვალდებულებები საავანსო გარანტიებთან მიმართებით მდგომარეობდა შემდეგში: საავანსო გარანტიების დეტალური შესწავლა, რათა დადგენილიყო, შესაძლებელი იყო თუ არა მოცემული დოკუმენტით მოთხოვნის დაკმაყოფილება. საავანსო გარანტიების დეტალური შესწავლა გულისხმობდა, მიმწოდებელსა და დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გარანტიაში მითითებული რეკვიზიტების (მიმწობელი, დამკვეთი, ხელშეკრულების თარიღი, ნომერი, საგანი, ვადა, თანხა) შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან, მათი არასორად მითითების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოცემული დოკუმენტით მოთხოვნის დაკმაყოფილება. ხსენებული დოკუმენტის ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ, მათი დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (მოცემული საკითხი უნდა გადაეწყვიტათ სამმართველოს უფროსს, მთავარ სპეციალისტსა და განყოფილების უფროსს ერთად), სახელმწიფო ხაზინის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მთავარ სპეციალისტს უნდა დაერეგისტრირებინა ვალდებულების დოკუმენტი. რ. ჩ-ი ვალდებული იყო, დარეგისტრირებულ ვალდებულების დოკუმენტსა და მის საფუძველს (საავანსო გარანტიას) კიდევ ერთხელ გასცნობოდა, შეემოწმებინა და, მისი სრულფასოვნების შემთხვევაში, მოეხდინა მისი დადასტურება, რომლის, თავის მხრივ, შემოწმების შემდეგ, სახელმწიფო ხაზინაში გადაგზავნის ვალდებულება გააჩნდა დ. ჯ-ს. პროცედურულად, საავანსო გარანტიებთან მიმართებით, ფინანსების მართვის სამმართველოს ბუღალტერიის განყოფილება ერთვებოდა ვალდებულების დოკუმენტის სახელმწიფო სახაზინო პროგრამაში გადაგზავნის შემდეგ. ბუღალტერიის განყოფილებას, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, კიდევ ერთხელ უნდა შეესწავლა წარმოდგენილი ავანსის გარანტია. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, განყოფილების მთავარ სპეციალისტს, მოცემულ შემთხვევაში – ზვიად ლოგუას, უნდა მოემზადებინა საგადახდო მოთხოვნა, რომელიც ბუღალტერიის განყოფილების უფროსს – გ. თ-ს უნდა გადაემოწმებინა და, სრულყოფილების შემთხვევაში, დაედასტურებინა. საგადახდო მოთხოვნის დამოწმება/დადასტურების უფლებამოსილება ჰქონდა დ. ჯ-ს. ამ პროცედურების დასრულების შემდეგ გადახდის განსახორციელებლად საგადახდო მოთხოვნა სახელმწიფო ხაზინაში უნდა გადაეგზავნა დ. ჯ-ს, რითიც მიმწოდებლისათვის უნდა ჩარიცხულიყო ავანსის თანხა.
· ბრიტანული საფინანსო ორგანიზაცია „S----------------ის“ მიერ გაცემული საავანსო გარანტია და მისი ცვლილება არ წარმოადგენს უპირობო გარანტიას, შეიცავს უამრავ ხარვეზს, რაც საბოლოოდ შეუძლებელს ხდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ასეთი სახის დოკუმენტის მიღება და მის საფუძველზე თანხის ჩარიცხვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. უმთავრესი გარემოება არის ის, რომ გარანტიით არ არის გათვალისწინებული ვალდებულებები მითითების გამცემ მხარესა (სს „საგზაო კომპანია “თ-ი“) და ბენეფიციარს (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შორის. გარანტიით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა განმცხადებელ „C-.-სა“ და ბენეფიციარს შორის. ამასთან, მოცემული საავანსო გარანტია ასამოქმედებლად ითვალისწინებდა გარანტორისაგან წინასწარ თანხმობას, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება საავანსო გარანტიების მიზანს.
· დ. ჯ-ი ინგლისურ ენას არ ფლობდა, ანუ არ ფლობდა იმ ენას, რომელზეც შესრულებული იყო „S----------------ის“ მიერ გაცემული საავანსო გარანტია და მისი ცვლილება. მიუხედავად ამისა, 2015 წლის იანვარში დ. ჯ-მა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და სააქციო საზოგადოება “ს. კო-ა თ-სისათვის“ გამორჩენის მისაღებად, თავის დაქვემდებარეში მყოფ რ. ჩ-ს, მ. შ-ასა და ზვიად ლოგუას დაავალა, საავანსო თანხის სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ ჩარიცხვის მიზნით, შემდეგი ქმედებები: 2015 წლის 27 იანვარს სახელმწიფო ხაზინის ერთიან პროგრამაში მ. შ-ამ სს “ს. კო-ა თ-სის“ წინაშე არსებული 5 800 000 ლარის ვალდებულების დოკუმენტი დაარეგისტრირა, ხოლო რ. ჩ-მა იმავე დღეს, ერთი წუთის ინტერვალით, დაამოწმა იგი. 2015 წლის 27 იანვარს დოკუმენტი სახელმწიფო ხაზინაში გადააგზავნა დ. ჯ-მა. 2015 წლის 29 იანვარს ზ. ლ-ამ სახელმწიფო ხაზინის ერთიან პროგრამაში დაამატა საგადასახადო მოთხოვნა, ხოლო დ. ჯ-მა დაამოწმა და იმავე დროს გადააგზავნა სახელმწიფო ხაზინაში, რის შემდეგ, 2015 წლის 30 იანვარს, სს “ს. კო-ა თ-სს“ ავანსის სახით სს „ვ-ი“ ბანკის ანგარიშზე ჩაერიცხა სახელმწიფოს კუთვნილი 5 800 000 ლარი. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით დ. ჯ-სა და ზ. ლ-ას გარანტიის ცვლილება შესასრულებლად დაეწერათ რამდენიმე საათის შემდეგ, მაშინ, როცა საგადახდო მოთხოვნის დამატება, დამოწმება/გადაგზავნა უკვე განხორციელებული იყო სახელმწიფო ხაზინაში.
· მაშასადამე, დ. ჯ-მა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად, სააქციო საზოგადოება “ს. კო-ა თ-სისათვის“ გამორჩენის მიღების მიზნით, ისე, რომ არ შეუსწავლია ბ-ი საფინანსო ორგანიზაცია „S----------------ის“ მიერ გაცემული ------------- ინგლისურენოვანი საბანკო გარანტია და მისი ცვლილება – არ გადათარგმნა იგი ქართულ ენაზე, თავის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ რ. ჩ-ს, მ. შ-ასა და ზ. ლ-ას დაავალა, საავანსო თანხის სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ ჩარიცხვის მიზნით, სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი დოკუმენტების გადაგზავნა. თავის მხრივ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებმა – რ. ჩ-მა, მ. შ-ამ და ზვიად ლოგუამ არაჯეროვნად შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები და ისე, რომ არ შეისწავლეს საბანკო გარანტიის ტექსტი, დ. ჯ-ის თანამონაწილეობით, სახელმწიფო ხაზინაში გადაგზავნეს შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ავანსის სახით სს “ს. კო-ა თ-სს“ 2015 წლის 30 იანვარს ჩაერიცხა სახელმწიფოს კუთვნილი 5 800 000 ლარი. ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში კი სს “ს. კო-ა თ-სის“ დირექტორმა გ. ს-მა მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხა – 4 669 426.57 ლარი.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 მაისის განაჩენით: გ. ს-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 სექტემბერს; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საწარმოსა ან სხვა ორგანიზაციაში (კერძო სექტორში) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება; დ. ჯ-ის, – დაბადებულის 19-- წელს, ნასამართლობის არმქონის, – მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველოს სახაზინო დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10 000 ლარი.
4. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ს-მა ჩაიდინა მითვისება და გაფლანგვა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისება და გაფლანგვა, ხოლო დ. ჯ-მა – სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ. ს-ის ეპიზოდი:
· სს “ს. კო-ა თ-სი“ რეგისტრირებულია 1995 წლის 28 სექტემბერს თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს მიერ იურიდიულ მისამართზე – ქ. თ-ი, კ-ს ქ., -ლი შესახვევი №--. კომპანიას მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი – --. 2012 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 28 ივლისამდე პერიოდში სააქციო საზოგადოების დირექტორი იყო გ. ს-ი (პ/ნ --), რომელიც, იმავე საზოგადოების წესდების მე-6 მუხლის 6.6 პუნქტის მიხედვით, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, თუ დირექტორი არ შეასრულებს თავის მოვალეობას, იგი ვალდებულია, აუნაზღაუროს საზოგადოებას მიყენებული ზარალი. დირექტორი პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
· 2014 წლის 15 აპრილს „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ-ის საავტომობილო გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის“ თაობაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა სს “ს. კო-ა თ-სი“, რომელმაც სამუშაოების შესასრულებლად დააფიქსირა ყველაზე დაბალი ფასი – 21 177 700.00 ლარი.
· ტენდერში გამარჯვების შემდეგ სს “ს. კო-ა თ-სის“ დირექტორმა გ. ს-მა განიზრახა სამსახურებრივი მდგომარეობის, აგრეთვე სს “ს. კო-ა თ-სის“ სამეთვალყურეო საბჭოზე, რომლის წევრი, როგორც კომპანიის დირექტორი, თვითონაც იყო, – სამსახურებრივი გავლენის ბოროტად გამოყენებით, სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ ზემოხსენებული ტენდერის ფარგლებში სამუშაოების უზრუნველსაყოფად გადასარიცხი და მისი, როგორც კომპანიის დირექტორის, მართლზომიერ გამგებლობაში გადასაცემი დიდი ოდენობით ფულადი თანხებიდან ნაწილის გაფლანგვა, ხოლო ნაწილის – მითვისება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად – სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების ხელში ჩაგდების, მათი დაუფლებისა და პირადი ინტერესებისათვის გამოსაყენებლად, ამასთან, ავანსის სახით სახელმწიფოს მიერ სს “ს. კო-ა თ-სის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული და, შესაბამისად, კომპანიის მართლზომიერ მფლობელობაში ჩასარიცხი ფულადი თანხების მითვისების შესანიღბად და, თითქოსდა, კანონიერი ფორმის მისაცემად, სინამდვილეში კი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ფულადი თანხების თავის სასარგებლოდ უკანონოდ დასაუფლებლად, გ. ს-ის მიერ წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, 2014 წლის 5 მაისს, ერთი მხრივ, ფიზიკურმა პირმა გ. ს-მა, თითქოსდა „მსესხებელმა“ და, მეორე მხრივ, სს “ს. კო-ა თ-სმა“ თავისი წარმომადგენლის – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მეშვეობით, თითქოსდა „გამსესხებელმა“, გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, „გამსესხებელი“ – სს “ს. კო-ა თ-სი“ ეტაპობრივად, „მსესხებლის“ – გ. ს-ის მოთხოვნის შესაბამისად, მას საკუთრებაში გადასცემდა თანხას არაუმეტეს 1 200 000 ლარისა. სესხის დაბრუნება, თითქოსდა, უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა. გ. ს-მა ხელი მოაწერა, როგორც მასზე, თითქოსდა, სესხის გაცემის ნებადამრთავ, სამეთვალყურეო საბჭოს 2014 წლის 5 მაისით დათარიღებულ სხდომის ოქმს, ასევე – სესხის ხელშეკრულებას, თითქოსდა, „მსესხებელმა“.
· სამი დღის შემდეგ, 2014 წლის 8 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტსა (ს/ნ --) და სს “ს. კო-ა თ-სს“ (ს/ნ --) შორის ზემოხსენებული ტენდერის შედეგების შესაბამისად, გაფორმდა ე.ტ. 47-14 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ-ის ს/გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა“, რომლის ღირებულება შეადგენდა 21 177 700 ლარს. ხელშეკრულებას სს “ს. კო-ა თ-სის“ მხრიდან ხელი მოაწერა დირექტორმა გ. ს-მა. ამ ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. იმავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის „თ“ პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი – სს “ს. კო-ა თ-სი“ ვალდებული იყო, ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ავანსის თანხა გამოეყენებინა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების მიზნით.
· თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დასახელებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის ,,თ“ პუნქტის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომ მიმწოდებელი – სს “ს. კო-ა თ-სი“ ვალდებული იყო, ამ ხელშეკრულების ფარგლებში სახელმწიფოსაგან მიღებული ავანსის თანხა გამოეყენებინა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების მიზნით, გ. ს-მა, როგორც სს “ს. კო-ა თ-სის“ დირექტორმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კომპანიის ანგარიშზე ავანსის სახით ჩარიცხული და თავის მართლზომიერ გამგებლობაში მოქცეული თანხების დიდი ნაწილი არ გამოიყენა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების მიზნით და დანიშნულებით; ამასთან, თითქოსდა, სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით, რომლის წევრი თავადაც იყო, სინამდვილეში კი სამეთვალყურეო საბჭოზე მისი, როგორც დირექტორის, მხრიდან სამსახურეობრივი გავლენის ბოროტად გამოყენებით, გ. ს-ი, საკუთარ თავზე მრავალწლიანი და დიდი ოდენობით სესხების გაცემის გზით, თავის სასარგებლოდ უკანონოდ დაეუფლა და მიითვისა სახელმწიფოს მიერ სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ კონკრეტული მიზნითა და დანიშნულებით ავანსის სახით ჩარიცხული და ამ გზით მართლზომიერ გამგებლობაში მოქცეული ფულადი თანხა – ჯამურად 870 957 ლარი, ხოლო კომპანიის მიმწოდებლების წინაშე სს “ს. კო-ა თ-სის“ ძველი დავალიანებების, კომპანიის თანამშრომლების თვეობით დაგროვილი სახელფასო დავალიანებების, აქციონერ ჯ. ს-ის წინაშე დივიდენდის სახით კომპანიის დავალიანების დაფარვისა და ---- ხელშეკრულების შესრულების მიზნებთან შეუთავსებელი საჭიროებისთვის არამიზნობრივად დიდი ოდენობით სხვა თანხების მესამე პირებზე – როგორც იურიდიულ, ასევე – ფიზიკურ პირებზე, გადარიცხვა-გახარჯვის გზით, გაფლანგა საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ ავანსის სახით ჩარიცხული თანხის დიდი ნაწილი – დიდი ოდენობით ფულადი თანხები – 3 781 453. 95 ლარი.
· ასევე, დირექტორ გ. ს-ის ხელმძღვანელობით სს “ს. კო-ა თ-სმა“ განზრახ არასრულყოფილად შეასრულა 2014 წლის 8 მაისის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. კომპლექსური საინჟინრო და სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 24 თებერვლის - დასკვნის თანახმად, სს “ს. კო-ა თ-სმა რეალურად შეასრულა არა 8 029 688.6 ლარის სამუშაო, როგორც ეს ნაჩვენებია შესრულებულ სამუშაოთა - აქტში (ფორმა N--ში), არამედ – 8 012 672.98 ლარის სამუშაო (დღგ-ს ჩათვლით), ანუ 17 015.62 ლარით ნაკლები, ხოლო სხვაობა – 17 015.62 ლარი, ანუ დიდი ოდენობით ფულადი თანხა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით, სახელმწიფოს მიერ ავანსის სახით სს “ს. კო-ა თ-სის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული და ამ გზით თავის მართლზომიერ გამგებლობაში მოქცეული ფულადი თანხიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მიითვისა დირექტორმა გ. ს-მა.
· ამდენად, - ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით სახელმწიფოს მიერ სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ კონკრეტული მიზნითა და დანიშნულებით ავანსის სახით ჩარიცხული და სააქციო საზოგადოების დირექტორის მართლზომიერ გამგებლობაში მოქცეული ფულადი თანხებიდან 887 972.62 ლარის მითვისებისა და 3 781 453.95 ლარის გაფლანგვის გზით გ. ს-მა სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, ჯამურად – 4 669 426.57 ლარი, რის შედეგადაც სს “ს. კო-ა თ-სი“ ლოგიკურად აღმოჩნდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, გაჩერდა --- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება, ხოლო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2015 წლის 15 დეკემბერს იძულებული გახდა, გაეწყვიტა სს “ს. კო-ა თ-სთან“ დადებული ხელშეკრულება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ-ის გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება კი შესაძლებელი გახდა სხვა კომპანიის მეშვეობით, სახელმწიფოს მიერ დამატებითი ფინანსური რესურსის გაღების გზით.
დ. ჯ-ის ეპიზოდი:
· დ. ჯ-მა, როგორც საჯარო მოხელემ, ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ე. ი. თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. სახელდობრ:
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 იანვრის - ბრძანებით, დ. ჯ-ი დაინიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს (მოხელეს). საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს - ბრძანებით დამტკიცებული, ამავე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის მდგომარეობით მოქმედი დებულების მე-7 მუხლის თანახმად, მის მოვალეობაში, სხვა საკითხებთან ერთად, შედიოდა დეპარტამენტის ფინანსური უზრუნველყოფა და, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მატერიალური რესურსების აღრიცხვა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან დეპარტამენტისათვის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთებისა და განვითარებისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვაზე კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელება, დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზება და ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული აღრიცხვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 27 იანვრის -- წერილის საფუძველზე დ. ჯ-ს მიენიჭა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაზე დაშვების უფლებამოსილება, რათა მას, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, განეხორციელებინა ვალდებულების, დოკუმენტის, ასევე საგადახდო დავალების დამოწმება და სახელმწიფო ხაზინაში გადაგზავნა, რათა შესაბამის პირს ჩარიცხვოდა ბიუჯეტის კუთვნილი თანხა.
· 2014 წლის 8 მაისს, ტენდერში გამარჯვების შემდეგ (სატენდერო განცხადების ნომერი: -), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (ს/ნ --), როგორც შემკვეთსა და სს “ს. კო-ა თ-სს“ (ს/ნ --), როგორც მიმწოდებელს შორის გაფორმდა N- ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თ-ის საავტომობილო გზის (კმ.10-კმ.23) მონაკვეთის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა“, რომლის ღირებულება შეადგენდა 21 177 700 ლარს. ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოთა მიწოდების ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.7 პუნქტის თანახმად, დასაბუთებული აუცილებლობისას მიმწოდებელს შეეძლო, შემსყიდველისათვის წარედგინა წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით. შემსყიდველის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იყო, წარედგინა გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, რომელიც ძალაში უნდა ყოფილიყო გასაცემი ავანსის დაქვითვამდე. დასაშვები იყო წინასწარი ანგარიშსწორება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა (ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.9 და 2.10 პუნქტები).
· 2015 წლის 6 იანვარს სს “ს. კო-ა თ-სმა“ - წერილით მიმართა დამკვეთს, რათა ამ უკანასკნელს მისთვის – მიმწოდებლისათვის 2015 წელს დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად ავანსის სახით ჩაერიცხა, მაქსიმუმ, 5 871 080 ლარი (40%), რაზედაც, კომპანია, როგორც სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 28 აპრილის - განკარგულებით „თეთრი სიით“ მოსარგებლედ დარეგისტრირებული, მზადყოფნას გამოთქვამდა, წარედგინა საავანსო საბანკო გარანტია ავანსის თანხის ნახევრის ოდენობით – 2 935 540 ლარზე (20 %). დამკვეთსა და მიმწოდებელს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2015 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო შეტყობინება „Swift-ით“, რომლის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სასარგებლოდ ბრიტანულმა საფინანსო ორგანიზაცია „S----------------მ“ გასცა ------------- საბანკო გარანტია 1 586 779 აშშ დოლარზე, ვადით: 19.01.2015-19.12.2015 წწ.. აღნიშნული საბანკო გარანტიის მიღების ფაქტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აცნობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. 2015 წლის 26 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, სახელწოდებით „e-----e“, შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 26 იანვრის №- წერილი, რომელსაც თან ერთვოდა ინგლისურ ენაზე შესრულებული, „S----------------ს“ მიერ გაცემული ------------- საავანსო გარანტია. დასახელებული წერილი იმავე დღეს შესასრულებლად დაეწერა დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსს – დ. ჯ-ს.
· 2015 წლის 29 იანვარს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამა, სახელწოდებით – „e-----e“, შევიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2015 წლის 29 იანვრის №- წერილი, რასაც თან ერთვოდა კვლავ ინგლისურ ენაზე შესრულებული, „S----------------ს“ მიერ გაცემული ------------- საავანსო გარანტიის ცვლილება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ საავანსო გარანტიის მითითებული ცვლილებაც იმავე დღეს შესასრულებლად დააწერა დ. ჯ-ს.
· საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს - ბრძანებით დამტკიცებული, ამავე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის მდგომარეობით მოქმედი დებულების, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის 2010 წლის 15 ოქტომბრის ბრძანებით დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციისა და იმავე დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 27 იანვრის - წერილის შესაბამისად, საავანსო გარანტიებთან მიმართებით სრული პასუხისმგებლობა აკისრია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს, რომლის ხელმძღვანელი 2009 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 12 სექტემბრამდე პერიოდში იყო დ. ჯ-ი. ამ უკანასკნელის ფუნქცია-მოვალეობანი საავანსო გარანტიებთან მიმართებით მდგომარეობდა საავანსო გარანტიების დეტალური, ყოველმხრივი შესწავლის ორგანიზებაში, რათა დადგენილიყო, შესაძლებელი იყო თუ არა წარდგენილი დოკუმენტით მოთხოვნის დაკმაყოფილება. საავანსო გარანტიების დეტალური შესწავლა გულისხმობდა, მიმწოდებელსა და დამკვეთს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, გარანტიაში მითითებული რეკვიზიტების (მიმწოდებელი, დამკვეთი, ხელშეკრულების თარიღი, ნომერი, საგანი, ვადა, თანხა) შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან, მათი არასწორად მითითების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა მოცემული დოკუმენტით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
· N-- ხელშეკრულების იმ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომ საბანკო გადახდის გარანტია უნდა ყოფილიყო უპირობო, ბრიტანული საფინანსო ორგანიზაცია „S----------------ის“ მიერ გაცემული ------------- საავანსო გარანტია და მისი ცვლილება არ წარმოადგენს უპირობო გარანტიას, შეიცავს ფაქტობრივი ხასიათის ხარვეზებს, რაც იმთავითვე შეუძლებელს ხდის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, სახელდობრ, გარანტიით არ არის გათვალისწინებული ვალდებულებები მითითების გამცემ მხარესა (სს “ს. კო-ა თ-სი“) და ბენეფიციარს (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შორის. გარანტიით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ბენეფიციარსა და შეცდომით განმცხადებლად მოხსენიებულ „C--ს“ შორის, რომელიც სინამდვილეში არ არის ხელშეკრულების მხარე. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოცემული საავანსო გადახდის გარანტია ასამოქმედებლად ითვალისწინებდა გარანტორისგან წინასწარ თანხმობას, რაც, ზოგადად, ეწინააღმდეგება საავანსო გარანტიების მიზანს.
· დ. ჯ-მა, რომელიც ინგლისურ ენას არ ფლობდა, ჯეროვნად არ შეასრულა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს -- ბრძანებით დამტკიცებული, იმავე სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის მდგომარეობით მოქმედი დებულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო: შემოიფარგლა დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან ერთად უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტების – ------------- საავანსო გადახდის გარანტიისა და მისი ცვლილების გაურკვეველ ვითარებაში ზედაპირული გაცნობით, ამასთან, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, არ უზრუნველყო უცხოენოვანი საბანკო გარანტიისა და მისი ცვლილების სახელმწიფო, ქართულ ენაზე ოფიციალური თარგმნა და შინაარსის ჯეროვანი შესწავლა, რითაც გამოვლინდებოდა დოკუმენტებში დაშვებული ხსენებული ხარვეზები და, შესაბამისად, გამოაშკარავდებოდა „S----------------ის“ მიერ გაცემული საავანსო გადახდის გარანტიისა და მისი ცვლილების არაქმედითობა.
· მიუხედავად იმისა, რომ ჯეროვნად არ ჰქონდა შესწავლილი უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტების – ------------- საავანსო გადახდის გარანტიისა და მისი ცვლილების შინაარსი, დეპარტამენტის ფინანსების მართვის სამმართველოს უფროსმა დ. ჯ-მა თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს – რ. ჩ-ს, მ. შ-ასა და ზ. ლ-ას დაავალა, საავანსო თანხის სს “ს. კო-ა თ-სისათვის“ ჩარიცხვის მიზნით, სახელმწიფო ხაზინაში შესაბამისი დოკუმენტების გადაგზავნა. დ. ჯ-ის დავალებით 2015 წლის 27 იანვარს სახელმწიფო ხაზინის ერთიან პროგრამაში მ. შ-ამ სს “ს. კო-ა თ-სის“ წინაშე არსებული 5 800 000 ლარის ვალდებულების დოკუმენტი დაარეგისტრირა, ხოლო რ. ჩ-მა – იმავე დღეს, ერთი წუთის ინტერვალით, დაამოწმა იგი. 2015 წლის 27 იანვარს იგი სახელმწიფო ხაზინაში გადააგზავნა დ. ჯ-მა. 2015 წლის 29 იანვარს ზვიად ლოგუამ სახელმწიფო ხაზინის ერთიან პროგრამაში განახორციელა საგადახდო მოთხოვნის დამატება, ხოლო დ. ჯ-მა დაამოწა და იმავე დღეს გადააგზავნა სახელმწიფო ხაზინაში, რის შემდეგაც – 2015 წლის 30 იანვარს სს “ს. კო-ა თ-სს“ ავანსის სახით სს „ვ- ბ-ი -ის“ საბანკო ანგარიშზე N- ჩაერიცხა სახელმწიფოს კუთვნილი 5 800 000 ლარი.
· მოგვიანებით, ვინაიდან სს “ს. კო-ა თ-სმა“ არაჯეროვნად შეასრულა დასახელებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მას შეუწყდა ხელშეკრულება, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „SWIFT-ის“ საშუალებით „S----------------ს“ გაუგზავნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის მოთხოვნა 1 586 779 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის მიღების თაობაზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტი 14 დღის ვადაში ითხოვდა 1 586 779 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარის) გადახდას.
· საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2015 წლის 16 დეკემბრის მოთხოვნის პასუხად, 2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში „SWIFT-ის“ მეშვეობით „S----------------დან“ მიღებულია შეტყობინება, რომლის თანახმად, „S---------------“ უარს აცხადებს თანხის გადახდის მოთხოვნის მიღებასა და გადახდაზე, მათ შორის იმ ხარვეზებზე მითითებით, რაც საავანსო გარანტიას გააჩნდა და, დ. ჯ-ის მხრიდან დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების ნიადაგზე, დროულად ვერ გამოვლინდა და რეაგირება არ მოხდა, რომ ბენეფიციარის (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) მოთხოვნა წარდგენილიყო გარანტორის (ბ-ი ბანკი) წინასწარი თანხმობის გარეშე.
· ამდენად, საჯარო მოხელის – დ. ჯ-ის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანმა შესრულებამ მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, რამდენადაც სს “ს. კო-ა თ-სზე“ 2015 წლის 30 იანვარს არაქმედითი საავანსო გადახდის გარანტიის საფუძველზე გაიცა ავანსი – 5 800 000 ლარი, ხოლო სს “ს. კო-ა თ-სის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ გარანტორისაგან ვერ მიიღო 1 586 779 აშშ დოლარის ეკვივალენტური ფულადი თანხა ეროვნულ ვალუტაში.
5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 11 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 11 სექტემბერს; მასვე 3 წლით ჩამოერთვა საწარმოსა ან სხვა ორგანიზაციაში (კერძო სექტორში) ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი თანამდებობის დაკავების უფლება; დ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველოს სახაზინო დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5 000 ლარი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი – პროკურორი თეონა გოდერძიშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მსჯავრდებულ დ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრას; ასევე მსჯავრდებულ გ. ს-ისათვის სასჯელის გამკაცრებასა და საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
7. მსჯავრდებული დ. ჯ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს მისთვის დაკისრებული დამატებითი სასჯელის – 5000-ლარიანი ჯარიმის გაუქმებას.
8. მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 11 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. ს-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
9. პროკურორი თეონა გოდერძიშვილი შესაგებლებით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრების მოთხოვნები, ხოლო ადვოკატი გ. ყ-ი ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
12. ზედა ინსტანციის სასამართლოებს შეუძლიათ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე („ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001;), „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR,20/03/2009)). თუ „საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ („ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Kuparadze v Georgia, no. 30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017); იხ. ასევე, „მარინი ალბანეთის წინააღმდეგ“ (Marini v. Albania, no. 3738/02, §106, ECtHR, 18/12/2007).
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მტკიცებულებებსა და არგუმენტებზე, რომლებიც გ. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენას ადასტურებს, კერძოდ: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2014 წლის 15 აპრილის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სს “ს. კო-ა თ-სს“ შორის გაფორმებული -- ხელშეკრულებით, 2016 წლის 7 ივლისის რევიზიის აქტით, მიმოწერის დოკუმენტებით, სამუშაოს მიღების აქტებითა და საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, 2017 წლის 23 თებერვლის აქტით, სს “ს. კო-ა თ-სის“ საბუღალტრო მონაცემებით, 2014 წლის 5 მაისის სასესხო ხელშეკრულებით, მოწმეების – ბ. მ-ას, ნ. დ-ის, გ. პ-ის, ზ. ა-ის, ნ. გ-ის, მ. ჩ-ის, დ. კ-ის, დ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, „ვ- - ჯ-ის“ ანგარიშის ამონაწერითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ. ს-ის ბრალეულობა ზემოთ მითითებული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადვოკატ გ. ყ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივარს დ. ჯ-ის ბრალდების კვალიფიკაციით დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, ასევე – გ. ს-ის მხოლოდ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისათვის დამნაშავედ ცნობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას როგორც მსჯავრდებულების ქმედებათა დაკვალიფიცირების, ისე – დანიშნული სასჯელების ნაწილში და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება. მტკიცებულებათა შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №345აპ-15, №472აპ-18, №824აპ-19, №57აპ-19, №177აპ-20, №573აპ-18) და არ არის მოსალოდნელი მოცემულ საქმეზე პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
15. პროკურორის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ს-ისათვის ქონების ჩამორთმევის შესახებ საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა ნიშნავს მსჯავრდებულისთვის დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების (ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, ასევე იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც იძლევა უფლებას ქონებაზე), აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული ნებისმიერი ფორმის შემოსავლების ან მათი ღირებულების ეკვივალენტური ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევას სასამართლო დააკისრებს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ეს ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. პალატის მოსაზრებით, ვინაიდან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ მითითებული ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული, მსჯავრდებულისათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევა შეუძლებელია (სუსგ №780აპ-18).
16. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, მსჯავრდებულთა ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე – შემამსუბუქებელი გარემოებები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, დამდგარი შედეგი და მათ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები, რომელთა შეცვლის საფუძველი როგორც დამძიმების, ისე შემსუბუქების (მსჯავრდებულ დ. ჯ-თან მიმართებით) კუთხით საკასაციო პალატას არ გააჩნია.
17. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთინეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თეონა გოდერძიშვილის, მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ყ-ისა და მსჯავრდებულ დ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი