საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100118002520724
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №719აპ-21 ქ. თბილისი
ს. გ-ნ, 719აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით:
1.1. გ-ნ ს, - დაბადებული .... წლის .. აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 მაისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ს-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.რ-ში, ს-ს ქუჩა N...-ში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, დ. კ-ს და გ. ს-ს შორის მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც გ. ს-მა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მარჯვნივ, გულმკერდის ზედაპირსა და მარცხნივ, მუცლის ზედაპირზე ორჯერ დაარტყა დანა დ. კ-ს, რითაც ამ უკანასკნელს გულმკერდის ღია და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობების სახით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათის მძიმე დაზიანებები. გ. ს-მა თავისი განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან დ. კ-ი სიკვდილს გადაურჩა დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.2. გ. ს-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
3.3. გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 18 მაისიდან.
4. კასატორმა - პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ს-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით.
4.1. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია; საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დგინდება მსჯავრდებულ გ. ს-ის განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
4.2. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ს-ის ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით.
4.3. კასატორის მოსაზრებით, მსჯავრდებულს არ დაურღვევია მართლზომიერების პირობები, თუმცა გადააცილა ფარგლებს; მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია გ. ს-ის მხრიდან ისეთი საშუალების გამოყენება, რომელიც აუცილებელზე ზედმეტი ზიანის მომტანია, ე.ი. გამოკვეთილია აუცილებელი მოგერიების ფარგლების დარღვევა. დაცვის მხარის მოსაზრებით, ასევე მკაცრია გ. ს-ის შეფარდებული სასჯელი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარეების საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.
6. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ს-ა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით; ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ს-ის ქმედების სსკ-ის 122-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.
8. საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მსჯავრდებულ გ. ს. და დაზარალებულ დ. კ-ის ჩვენებებით, მოწმეების - გ. ს. და ჯ. ს. გამოკითხვის ოქმებით, ბ. კ-ს, ჰ. კ-ს და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის ექსპერტის N......., სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 23 ივლისის ექსპერტის N......., სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 25 მაისის ექსპერტის N....... ექსპერტიზების დასკვნებით სადავო არ არის დ. კ-ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ამ დაზიანების გ. ს-ის მიერ მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, კერძოდ: დ. კ-ის მოკვლის განზრახვისა (სუბიექტური შემადგენლობა) და გ. ს-ის აუცილებელი მოგერიების/მისი ფარგლების გადაცილების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი.
9. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ გ.ს-ს შეექმნა აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, სწორედ დაზარალებულ დ. კ-ის შესაჩერებლად მოიქნია დანა, რა დროსაც დაიჭრა ეს უკანასკნელი და ამდენად, სახეზეა აუცილებელი მოგერიების ფარგლების დარღვევა.
10. სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სრულყოფილად განიხილა და შეაფასა აუცილებელი მოგერიებისათვის სავალდებულო წინაპირობათა ელემენტები და მართებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში არ იმყოფებოდა.
11. მოცემულ შემთხვევაში მოწმეების - გ. ს-ის, ჯ. ს-ის, ბ. კ-ის, ჰ. კ-ის ჩვენებებით დადასტურდა, რომ კონფლიქტის დროს დანა ხელში ეჭირა მხოლოდ გ. ს-ს, ხოლო დაზარალებულ დ. კ-ს სხვა რაიმე ბასრი საგანი ან იარაღი არ ჰქონია. კონფლიქტის დროს მათთან მივიდა გ. ს რომელიც ცდილობდა მათ გაშველებას; ამასთან, დაზარალებულისთვის მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაცია და ხარისხი დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით, რაც ეწინააღმდეგება გ. ს-ის ჩვენებას, კერძოდ, დანის დარტყმა მოსაგერიებლად და მისთვის შემავალი ჭრილობების მიყენება ვერ შეფასდება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნად. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის - ადვოკატ რ. გ-ს იმგვარი მსჯელობა, რომ გ. ს. იცავდა თავს, რა დროსაც შესაძლებელია, გადაამეტა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს გ. ს-მა ცივი იარაღის - დანის დარტყმით დაზიანებები მიაყენა დ. კ-ს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 7 ივნისის ექსპერტის N....... დასკვნის თანახმად, დ. კ. მკურნალობდა სტაციონარულად 2018 წლის 18 მაისიდან იმავე წლის 23 მაისამდე, დიაგნოზით: მარცხნივ, მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით, მარჯვნივ, გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა, მარჯვენამხრივი ტრავმული ჰემოთორაქსი; ჭრილობები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
13. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოტივაციას გ. ს-ის განზრახვის მიმართებასთან დაკავშირებით, კერძოდ: გ. ს-ის ქმედება თითქოს მიმართული იყო დ. კ-ის სიცოცხლის მოსპობისკენ.
14. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
14.1. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა დ. კ-მ განმარტა, რომ 2018 წლის 18 მაისს, საღამოს, იგი სიგარეტის სათხოვნელად შევიდა გ. ს-ის ოთახში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ჰ. კ. რომელსაც ეძინა, გ. ს. რომელსაც ეკეთა ყურსასმენები და გ. ს. რომელიც იწვა საწოლზე. იგი ხელით შეეხო გ-ს მოატრიალა და ჰკითხა, სიგარეტი ხომ არ ჰქონდა. აღნიშნულის გამო გ-ი წამოდგა და დაუწყო ჩხუბი. მან მოიშორა იგი და უთხრა, რომ გავიდოდა და გარეთ იყიდდა სიგარეტს, თუმცა გ-ი მეორედაც მიადგა მას და უფრო ძლიერად დაუწყო ჩხუბი. შემდეგ აიღო დანა და დაარტყა მკერდის მარჯვენა მხარეს. ისინი გააშველა იქ მყოფმა პირმა და იგი შეიყვანა სააბაზანოში, სადაც ნახა, რომ ჭრილობა ჰქონდა გამობერილი; იგი შებრუნდა ოთახში და გ-ს ჰკითხა ,,დანა როგორ დამარტყიო“, რა დროსაც გ-მ მას მეორედაც დაარტყა დანა, ოღონდ, ამჯერად - მუცელში. მეორე დარტყმის შემდეგ მათთან მივიდნენ სხვა მეგობრებიც, რომლებმაც სცემეს გ-ს, ,,ეს რა გააკეთეო“. გ-მ დადო დანა და იდგა კუთხეში. იგი დარწმუნებულია, რომ გ-ს სურდა მისი მოკვლა.
15. საქმის მასალების შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დაზარალებულის ჩვენებასათან მიმართებით განვითარებულ მსჯელობას და მიუთითებს, რომ დაზარალებულ დ. კ-ს ჩვენება ჩხუბის დაწყების, განვითარებული მოვლენებისა და იმ ფაქტის შესახებ, რომ გ-ს სურდა მისი მოკვლა, თუმცა იქ მყოფმა პირებმა დააგდებინეს დანა და ხელი შეუშალეს განზრახვის სისრულეში მოყვანაში, ეწინააღმდეგება როგორც მსჯავრდებულ გ. ს-ის ჩვენებას, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - გ. ს-ს, ჯ. ს-ს, ბ. კ-ს და ჰ. კ-ს ჩვენებებს, რომლებიც სრულადაა თანხვდენილი ერთმანეთთან.
16. კასატორი - პროკურორი ზურაბ კოჭლამაზაშვილი წარმოდგენილ საჩივარში გ. ს-ის მხრიდან დ. კ-ის მკვლელობის სურვილზე მსჯელობისას მიუთითებს დაზარალებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებზე.
17. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განაჩენში წარმოდგენილ არგუმენტებს და აღნიშნავს შემდეგს: მართალია, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დ. კ-ს მარცხნივ, მუცლის ღრუში შემავალი ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა წვრილი ნაწლავის დაზიანებით და მარჯვნივ, გულმკერდის წინა კედლის ღია ჭრილობა მიყენებული აქვს რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები გ. ს-ის ჩვენება, საიდანაც ირკვევა შემდეგი: 2018 წლის 18 მაისს, შუაღამეს, დ. შევიდა მის ოთახში და გააღვიძა, იგი სწვდა კისერში და დაუწყო გინება. მან დ-ს სთხოვა გასულიყო ოთახიდან, თუმცა ეს უკანასკნელი არ მოეშვა და ბეჭდიანი ხელი დაარტყა კეფაში. ხმაურზე მეორე ოთახიდან შევიდა გ. რომელმაც დ-ს ჩაავლო ხელი და გაათრია. გ. მიათრევდა დ-ს, ეს უკანასკნელი კი - მას, რა დროსაც დ-მ მას ხელიც გაარტყა სახეში. იგი იყო მოდუნებული და ძლივს შეძლო სამზარეულოში გასვლა. მივიდა ონკანთან, რათა ენახა, თავი გატეხილი ხომ არ ჰქონდა. ამ დროს დ. ისევ შევიდა ოთახში, კარი გააღო წიხლით, წავიდა მისკენ და სახეში დაარტყა მუშტი. მას ამ დროს ხელში მოხვდა დანა, თუმცა, როგორ აიღო და დაარტყა დ-ს, არ ახსოვს. ამ დროს თავად იყო ქვეშ, დ. კი - ზემოდან და ისე ურტყამდა მას. ისინი კვლავ გ-მ გააშველა, რა დროსაც დ-ს სხეულზე დაინახა სისხლი და დააგდო დანა. მანვე მიუთითა, რომ დაზარალებული იყო მასზე ძლიერი, მსუქანი და მაღალი. მას თავზე სამ-ოთხ ადგილას ჰქონდა დაზიანება და ძალიან სტკიოდა, ასევე დალურჯებული და გასიებული ჰქონდა თვალი. დაზარალებული მას დაუნდობლად ურტყამდა და უნდოდა მისი მოკვლა, მას დ. კ-ს მოგერიება არ შეეძლო, სურდა მხოლოდ მისი თავიდან მოშორება, ანგარიშსწორებაზე არ უფიქრია. სხვა ნივთი, რითაც იგი შეძლებდა დაზარალებულის მოშორებას, ირგვლივ არ იყო, თუმცა, როდის დაარტყა დანა არ ახსოვს. მან თავზე დაზიანებები მიიღო პირველი კონფლიქტისას, მეორე კონფლიქტის დროს კი დაზარალებულმა ჩაარტყა თვალში. დაზარალებულმა მასზე თავდასხმა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი გაათრია გ-მ, რომელიც სამზარეულოში შევიდა თავდამსხმელის შესვლიდან ორ-სამ წუთში.
18. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს ფაქტის შემსწრე მოწმეთა ჩვენებებს, საიდანაც დგინდება, რომ დ. კ-ის დაჭრის შემდეგ გ. ს-ს ხელი არ შეუშლია მათთვის, გამოეძახათ სასწრაფო დახმარება. აქვე აღსანიშნავია, რომ გ. ს-ს ხელს არავინ უშლიდა. დამატებით დაერტყა მისთვის, მას თავისუფლად შეეძლო განზრახვა მოეყვანა სისრულეში, თუმცა მას შემდეგ, რაც დაზარალებულის სხეულზე შენიშნა სისხლი, ნებაყოფლობით შეწყვიტა დანის დარტყმა და დააგდო იქვე, რის შემდგომაც ისინი კვლავ განაგრძობდნენ ერთმანეთის შეურაცხყოფას, რაც გამორიცხავს გ. ს-ის მხრიდან განზრახვის არსებობას - მოეკლა დ. კ.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დანაშაულის ჩადენამდე განვითარებული მოვლენები და გ. ს-ის დანაშაულის შემდგომი ქცევა, არ მიუთითებს მის მიერ დ. კ-ის განზრახ მკვლელობის სურვილზე, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენით მისი ქმედება სწორადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ.იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის გადაწყვეტილება №252აპ-11; №227აპ-16; №680აპ-17; №76აპ-21).
21. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ გ. ს-ის განსაზღვრულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს შორის.
22. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ს-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი ვერ ჩაითვლება მისი ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან აშკარად შეუსაბამოდ, ვინაიდან სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ სრულად მიიღო მხედველობაში მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმე და ხასიათი, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და გ. ს-ს განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, კერძოდ: ჩადენილია მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაული, გ. ს-მა ცივი იარაღით - დანით მძიმე ხარისხის, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა დ. კ-ს; მას შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხს, კერძოდ: საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988).
24. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90, §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ, არსებით ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02, §30, ECtHR, 15.02.2007).
25. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესთან, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილისა და მსჯავრდებულ გ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. გ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი