საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.11.2021
საქმის ნომერი
2კ-725აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100121004352593

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №725აპ-21 ქ. თბილისი

მ-ე რ, 725აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. მ-ს, - დაბადებულს .... წლის .. მაისს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მთვრალმა რ. მ-მა თავისი ოჯახის წევრს, ორსულ მეუღლეს - თ. გ-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძლიერად დაარტყა ხელი სახისა და მუცლის არეში, რის შემდგომაც ასევე ძლიერად მოქაჩა ტანსაცმელზე და დააგდო დივანზე.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენით:

2.1. რ. მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. რ. მ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.

2.3. გამართლებულ რ. მ-ს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 31 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განაჩენის გაუქმება, რ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას განაჩენის უკანონობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა რ. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

7. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

8. 2021 წლის 4 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ „112“-ში შესული N.... შეტყობინებისა და მისი აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, მოქალაქე თ. მ-მ განაცხადა მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შესახებ.

9. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N....... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ. გ-ს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა თ. გ-მ (გამართლებულის მეუღლემ) და მოწმე ა. მ-მ. (გამართლებულის მამამ) ისარგებლეს საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - მეუღლისა და შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების - დ. ხ-ს და ე. მ-ს ჩვენებებს, ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. შესაბამისად, მათი მონათხრობი ეფუძნება სხვა პირის (დაზარალებულის) მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულს არ დაუდასტურებია და ისარგებლა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით.

11. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52).

12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი (Volodina v Russia, no.41261/170, §82, ECtHR, 9/07/2019). აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას.

13. სასამართლო მიუთითებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

14. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებლის - ალექსანდრე ძირკვაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი