საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 26.11.2021
საქმის ნომერი
2კ-903აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003984950

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №903აპ-21 ქ. თბილისი

ვ-ი ა, 903აპ-21 26 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, დ. ა-ის ხეივნის მე-.. კილომეტრზე, რესტორან ,,რ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ვ-მა წინასწარი შეცნობით სცემა ორსულ ნ. გ-ს, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა რამდენჯერმე თავის არეში და წააქცია, რის შემდეგაც, ფეხი ჩაარტყა მუცლის მიდამოში; ა. ვ-ს ქმედებით ნ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, დ. ა. ხეივნის მე-.. კილომეტრზე, რესტორან ,,რ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ვ-ა „ნისანის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ..-...-.., ძალადობის გამოყენებით გადმოიყვანა ტ. ო-ი, რის შემდეგაც, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, სხვა პირებთან ერთად, ხელის მრავალჯერადი დარტყმით ტ. ო-ის ჯანმრთელობა მსუბუქად დაუზიანა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენით:

ა. ვ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ა. ვ-ი - დაბადებული .... წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

ა. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ვ-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.

ა. ვ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2021 წლის 2 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა - 2020 წლის 23 აგვისტოდან - 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2020 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ში, დ. ა-ს ხეივნის მე-.. კილომერზე, რესტორან ,,რ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ვ-მა წინასწარი შეცნობით სცემა ორსულ ნ. გ-ს. ცემის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;

ა. ვ-მ ასევე, „ნისანის“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით ..-...-.., ძალადობის გამოყენებით გადმოიყვანა ტ. ო-ი, რის შემდეგაც, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, ხელის მრავალჯერადი დარტყმით ტ. ო-ს ჯანმრთელობა მსუბუქად დაუზიანა, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ ა. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 2 აპრილის განაჩენში:

ა. ვ-ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. ვ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ვ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2021 წლის 2 აპრილიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 23 აგვისტოდან - 2021 წლის 21 იანვრის ჩათვლით.

5. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით ითხოვს: სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას, ა. ვ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ნ. გ-ს ეპიზოდი), ა. ვ-ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტ. ო-ს ეპიზოდი) და მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე; აგრეთვე, ა. ვ-ს მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

5.1. საკასაციო საჩივრის თანახმად, ტ. ო-ს მიერ ა. ვ-ს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, ვინაიდან სასამართლო პროცესზე ტ. ო-ს ჯვარედინი დაკითხვისას გაირკვა, რომ მას ა. ვ-ს აღწერაც კი არ შეეძლო და აღიარა, რომ პირველი გამოკითხვისას მას ა. ვ-ს ფოტოსურათი აჩვენეს, რის შემდეგაც გამოკითხვის ოქმში ჩაწერეს მისი აღწერილობა. ნ. გ-ს ეპიზოდში ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ ა. ვ-ზე განაწყენებული, მიკერძოებული, დაინტერესებული პირის - ნ. გ-ს ჩვენება, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ თავსა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. მოწმეებმა - გ. ვ-მა, დ. ვ-მა, გ. ქ-მა, ლ. ვ-მა, ა. დ-ამ და ნ. ც-მა უარყვეს ნ. გ-ზე ძალადობის ჩადენის ფაქტი. მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ ჩხუბი მიმდინარეობდა ნ. გ-ნ მოშორებით. ნ. გ-ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ მას მხოლოდ ტვინის შერყევა ჰქონდა. ტ. ო-სა და ნ. გ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია მოიპოვეს მიმართვისა და ოქმის საფუძველზე, რომელიც დაცვის მხარეს არ გადასცემია. წინასასამართლო სხდომაზე მიმართვის წერილი და ოქმი დაუშვებლად იქნა ცნობილი. ნ. გ-სა და ტ. ო-ის სამედიცინო დოკუმენტაცია საქმეზე დამაგრებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას გამომძიებელმა ზ. კ-ამ განმარტა, რომ მან ეს დოკუმენტაცია მოიპოვა მიმართვის წერილის საფუძველზე (მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიურ ვითარებაში სხვა მტკიცებულებები საქმეზე დაამაგრა ამოღების წესით). ამასთან, მას სრული დრო და საშუალება ჰქონდა, მოეპოვებინა სასამართლოს ნებართვა სამედიცინო დოკუმენტაციის ამოსაღებად. შესაბამისად, მის საფუძველზე მოპოვებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც ასევე დაუშვებელ მტკიცებულებას წარმოადგენს. ნ. გ-ის გამოკითხვის ოქმი და მისი ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. საქართველოს სსსკ-ის 75–ე მუხლის თანახმად, თუ მოწმის გამოკითხვის ოქმსა და მოწმის ჩვენებას შორის არსებითი წინააღმდეგობებია, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს ამ მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საკითხი. ტ. ო-ის ცემის ეპიზოდს ა. ვ. აღიარებს პირველივე დღიდან, თუმცა, არ ეთანხმება არსებულ კვალიფიკაციას. ა. ვ-ს ტ. ო-ის ჯანმრთელობის დაზიანება ჯგუფურად არ მიუყენებია; ამას ადასტურებს თავად ტ. ო, ასევე - გ. ქ-ი, გ. ვ-ი, დ. ვ-ი, ა. დ-ა და ლ. ვ-ი. ტ. ო-ის სამედიცინო ექსპერტიზით და ექსპერტის დაკითხვით ირკვევა, რომ ტ. ო-ის ჯანმრთელობის დაზიანება მსუბუქ ხარისხად შეფასდა ერთი ჭრილობის გამო, რომელიც ტუჩის შიგნითა მხარეს ჰქონდა და რომელიც შემდეგ გაიკერა. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა აღნიშნა, რომ ეს ჭრილობა შეიძლება განვითარებულიყო როგორც 22 აგვისტოს, ისე 23 აგვისტოს. ა. ვ. პირველივე დღიდან აღიარებდა ტ. ო-ზე ძალადობის - პირველად ხელის გარტყმის ფაქტს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან; მას ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, რომელთა მარჩენალიც არის თავად. საქმეში წარმოდგენილია ათობით მოწმის დახასიათება, რომელთა თანახმადაც, ა. ვ-ი. არ არის კონფლიქტური, ხასიათდება დადებითად და ნასამართლობის არმქონეა; ამასთან, მას ხუთი თვე გატარებული ჰქონდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, იგი აცნობიერებდა საკუთარ დანაშაულს და ბოდიშიც მოიხადა სასამართლოში.

6. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

10. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების ეპიზოდი:

დაზარალებულმა ნ. გ-მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, მეუღლესთან - ტ. ო-თან ერთად, იმყოფებოდა ნათლობის წვეულებაზე. ა. ვ-ს იცნობს ნ. ც.ის ოჯახიდან. რესტორნიდან წამოსვლისას, რამდენიმე ადამიანს შესთავაზა მანქანით მომსახურება. ა. ვ-მა მის მგზავრებს დაუწყო დამშვიდობება, შემოიხედა მანქანაში და მათ მასზე უთხრა, რომ არ იყო სანდო მძღოლი. მისმა მეუღლემ სთხოვა ა. ვ-ს დაეხურა კარი, რადგან ნ. იყო ორსულად და უნდა წასულიყვნენ. ა-მ უკანა კარი მიაჯახუნა, გააღო მისი მეუღლის კარი, არ აცალა გადასვლა, ღვედიანად გადაითრია, ძირს დააგდო და ზევიდან წიხლებით შედგა. როგორც კი ეს მოხდა, ა-ს თანმხლები ორი ადამიანიც გამოქანდა, ისინიც - მთვრალები. ამათ გარდა, ვინც ა-ნ იყვნენ, ყველა მის მეუღლეს ,,დააფრინდა“ და დაუწყეს დარტყმა. იგი გადაეფარა მეუღლეს, თუმცა ა-მ თავში მუშტები დაარტყა. მისი მეუღლე ამ დროს სხვა ბიჭებმა გაათრიეს (რომლებიც ა-ნ ერთად მის მეუღლეზე ძალადობდნენ) და თავად დარჩა ა-სთან პირისპირ. მიუხედავად იმისა, რომ ა-ს უთხრა ორსულობის თაობაზე, მან გააგრძელა დარტყმა, შემდეგ კი მისი ქმრისკენ წავიდა. რესტორნის ეზოში წინ და უკან დაათრევდნენ მის ქმარს და სცემდნენ. შემდეგ ა-მ კიდევ დაარტყა. ძირს რომ დავარდა, ფეხი მოხვდა; მის პირისპირ მხოლოდ ა. იდგა და ის ურტყამდა, ამიტომ ფიქრობს, რომ სხვისი ფეხი ვერ მოხვდებოდა. გონება დაკარგა, გონზე მოსვლის შემდეგ კი 112-ში დარეკა.

დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საქმის სხვა მასალებთან, კერძოდ:

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 23 აგვისტოს 112-ში შესული შეტყობინება ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე; შეტყობინებაში ინიციატორად დაფიქსირებულია ნ. გ. ინიციატორის განმარტებით, იგი არის ორსულად, სცემეს და მისი მეუღლეც არის ნაცემი. 2020 წლის 23 აგვისტოს აკადემიკოს ო. ღ-ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან ამოიღეს ნ. გ-ის ტანსაცმელი, შარვალი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით, მაისური, ასევე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. 2020 წლის 23 აგვისტოს, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიწის ზედაპირზე აღმოჩნდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამასთან, დაზარალებულის გონების დაკარგვის, კერძოდ, მიწაზე უგონოდ წოლის ფაქტი დადასტურებულია მოწმე ა. დ-ს ჩვენებით; ხოლო მოწმე ნ. ც-ის ჩვენების თანახმად, მისი მისვლისთანავე მივიდა პოლიციაც და სასწრაფოც, რა დროსაც ნ. გ-ი. ამბობდა, რომ სტკიოდა და სცემეს. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნის შესაბამისად, როგორც ირკვევა, ნ. გ-ს დაესვა დიაგნოზი: დადგენილი ორსულობა, თავის ტვინის შერყევა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

ამდენად, დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი პალატას არ გააჩნია; საქმის მასალებით აგრეთვე არ იკვეთება რაიმე სახის უტყუარი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დაზარალებულის მხრიდან დაინტერესებას - ა. ვ-ის ცრუ დასმენისათვის. ამასთან, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს გ. ვ-ს, დ. ვ-ს, ა. დ-ს, გ. ქ-ს, ლ. ვ-ს ჩვენებების შეფასების ნაწილში, კერძოდ, რომ ისინი ვერ მოახდენენ რეალური ფაქტების დისკრედიტაციას; მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები კითხვის ნიშნებს აჩენს ჩვენებების შინაარსის სანდოობისა და სარწმუნოობის მიმართ; მათი ჩვენებები არათანმიმდევრული და წინააღმდეგობრივია. მოწმეთა ნაწილი უარყოფს ა. ვ-ის მხრიდან ტ. ო-სა და ნ. გ-ზე ფიზიკურ ძალადობას, ჩვენების ეს ნაწილი კი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებებს, არამედ - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებსაც.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას, მოცემულ შემთხვევაში წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხის 8.4 ქვეპუნქტში მითითებული - მიმართვის წერილები და ოქმი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია არა პირველადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, არამედ ინფორმაციის მხარესთან გაცვლის წესის დარღვევა, რაც ავტომატურად არ იწვევს სხვა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომლის თანახმდაც, საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს განაჩენის გამოტანისას მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესაძლებლობას, საკასაციო სასამართლოც იზიარებს და დამატებით უთითებს, რომ მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის მოთხოვნა მათ შორის არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის (საკასაციო საჩივრის დასაშვებობის გადაწყვეტა) შინაარსიდანაც.

შესაბამისად, მსჯავრდების ამ ეპიზოდში დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულის ჩვენება არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

11. საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მსჯავრდების ეპიზოდი:

მოცემული მსჯავრდების ეპიზოდში დაცვის მხარე ითხოვს ა. ვ-ის მიერ ჩადენილი ქმედების არა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, არამედ - საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირებას. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის აღნიშნულ მოთხოვნას, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულ ტ. ო-ის ჩვენებით, 2020 წლის 22 აგვისტოს ნათლობაზე მეუღლესთან - ნ. გ-თან ერთად იმყოფებოდა. სახლში უნდა გაეყოლებინათ სამი ადამიანი. ა. ვ-ი. მიუახლოვდა მათ მგზავრებს და 10-15 წუთი გაგრძელდა დამშვიდობების პროცესი. მგზავრებს მის მეუღლეზე უთხრა, რომ არ იყო სანდო მძღოლი. კარი რომ არ მოხურა, მეგობრულად სთხოვა გასვლა, ვინაიდან მისი მეუღლე იყო ორსულად და მალე უნდა წასულიყვნენ. ა. ვ-მ შემოურბინა მის მანქანას, წინა ,,კრილოში“ მანქანას ხელი ჩაარტყა, მანქანიდან გადაათრია და ხელი დაარტყა, თავად თავს იცავდა. დაინახა, რომ რესტორნიდან გამორბოდა 3-4 ადამიანი, რომლებიც თავს დაესხნენ. სულ მცირე, 4-5 ადამიანი ურტყამდა; მათ შორის - ა. ვ-ც. რაც მოახერხა, ის იყო, რომ თავზე ხელები აიფარა. წააქციეს. ტ. ო-ის ჩვენებით, ჩხუბი გაგრძელდა რესტორნის საპარკინგე ადგილზე და მაგისტრალზე. რასაკვირველია, ეტკინა. დალურჯებები ჰქონდა სახის მიდამოში, ტუჩი ჰქონდა გახეთქილი, მარჯვენა ხელს ვერ ამოძრავებდა.

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოქვეყნდა ტ. ო-ის გამოკითხვის ოქმის ნაწილი, რომლის თანახმად, ,,...ა. ვ-მ ხელი ჩამჭიდა ტანთცმულ პერანგზე, რის შემდეგაც ძალით გამომიყვანა მანქანიდან გარეთ, ხოლო ამის შემდეგ მან დამიწყო იქვე მუშტებით ცემა, რა დროსაც მომუშტული ხელი რამდენჯერმე ძლიერად გამარტყა სახისა და ტანის მიდამოში, რის ნიადაგზეც მე განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მივიღე დაზიანებები სისხლჩაქცევებისა და ექსკორიაციების სახით... როდესაც ა. ვ. მე მცემდა, მას მიეხმარნენ იქვე მყოფი მისი ნაცნობი ბიჭები, რომლებმაც ასევე დამიწყეს უმოწყალოდ ცემა და მაშინაც განვიცადე ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის პარალელურად ავტომანქანიდან გარეთ გამოვიდა ჩემი ორსული მეუღლე, რომელიც შეეცადა ჩვენს შორის ჩადგომასა და გაშველებას, ხოლო მას მიუბრუნდა ა. ვ, რომელმაც ჩემი თანდასწრებით მას ხელი გაარტყა თავის მიდამოში და წააქცია. ჩემმა მეუღლემ უთხრა, ხელს ნუ მირტყამ, ხომ იცი ორსულად ვარო; აღნიშნულის მიუხედავად, ა. ვ-მ ფეხი ჩაარტყა ზემოდან ჩემს მეუღლეს მუცლის მიდამოში, რომელმაც ტკივილის გამო დაიწყო კივილი და ვატყობდი, რომ თანდათან გონებას კარგავდა, გული მისდიოდა.“ დაზარალებულის განმარტებით, მას არ დაუნახავს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობა. დაზარალებულის ჩვენებით, სუფრაზე მისმა მეუღლემ დაანახა პირი და უთხრა, რომ იყო ა. ასევე განმარტა, რომ ამოცნობის შემდეგ დაიწერა ა. ვ-ის აღწერილობა.

ტ. ო-ის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ჯგუფურად ჩადენის ფაქტი დადასტურებულია ზემოაღწერილ, დაზარალებულ ნ. გ-ის ჩვენებითაც, რასაც საკასაციო სასამართლო მსჯავრდების ამ ეპიზოდში აღარ გაიმეორებს.

რაც შეეხება საქმის სხვა მასალებს, როგორც აღინიშნა, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 23 აგვისტოს 112-ში შესული შეტყობინება, რომლის თანახმადაც, განმცხადებლის განმარტებით, იგი არის ორსულად, სცემეს და მისი მეუღლეც არის ნაცემი. 2020 წლის 23 აგვისტოს ტ. ო-სგან ამოიღეს თეთრი პერანგი, რომელიც მას ეცვა და რომელსაც აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და დაზიანებულია. ამასთან, დაზარალებულ ტ. ო-ის ჩვენებას შეესაბამება სამედიცინო ექსპერტიზის N....... დასკვნაც, რომლის თანახმადაც, როგორც ირკვევა: ტ. ო-ს დაესვა დიაგნოზი - თავის ტვინის შერყევა, თავის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, სახსრებისა და იოგების ღრძობა და დაჭიმვა, გადაძაბვა მაჯის და მტევნის დონეზე. ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა. სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილია ექსკორიაციები სახის, ყურის არეში, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის /საგნების/ მოქმედებით. დაზიანება თავის ტვინის შერყევისა და ექსკორიაციების სახით, ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ჭრილობა, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. დაზიანებების - თავის ტვინის შერყევისა და ნახეთქი ჭრილობის განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება, როგორც საქმის გარემოებაში მითითებულ, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ, პაციენტის მიერ გადმოცემულ დაზიანების მიღების თარიღს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ჯგუფის მიერ ძალადობის ჩადენასთან მიმართებით და დამატებით აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, მიყენებულ დაზიანებათა ოდენობასთან ერთობლივად, ადასტურებს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას.

ადვოკატი აპელირებს ტ. ო-ის ჭრილობის ხანდაზმულობის საკითხზე და უთითებს, რომ იგი შესაძლოა, განვითარებულიყო როგორც 22 აგვისტოს, ისე - 23 აგვისტოს, ასევე, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მსუბუქ ხარისხად ერთი ჭრილობის გამო შეფასდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: ამ შემთხვევაში ფაქტი, რომ ტ. ო-ის მიყენებული ჭრილობა, ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, დაადგინა ექსპერტმა; ისევე, როგორც ფაქტი, რომ დაზიანებების (თავის ტვინის შერყევისა და ნახეთქი ჭრილობის) განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ და სამედიცინო დოკუმენტაციაში აღწერილ, პაციენტის მიერ გადმოცემულ დაზიანებების მიღების თარიღს; საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილის შესაბამისად, ექსპერტი წარმოადგენს სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკურ პირს, რომელიც საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეყრდნო აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის უკანონობასთან დაკავშირებულ დაცვის მხარის არგუმენტებს, საკასაციო პალატა მსჯავრდების ამ ნაწილშიც ანალოგიურად უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2020 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხის 8.4 ქვეპუნქტში მითითებული - მიმართვის წერილები და ოქმი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოტივაციას და უთითებს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში გამოკვეთილია არა პირველადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება, არამედ - ინფორმაციის მხარესთან გაცვლის წესის დარღვევა, რაც ავტომატურად არ იწვევს სხვა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას.

ადვოკატის არგუმენტებს ამოცნობის ოქმთან დაკავშირებით პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა უპასუხეს; საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ამოცნობის ოქმი არ წარმოადგენს გადამწყვეტ და გასაზიარებელ მტკიცებულებას ა. ვ-ის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან მის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამდენად, ადვოკატის პოზიციებს მსჯავრდების აღნიშნულ ეპიზოდში საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს.

12. სასჯელის სამართლიანობა:

დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს სასჯელის შემამსუბუქებელ გარემოებებზე, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევს, რომ ა. ვ-ის სასჯელი არ არის სამართლიანი; დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ,,განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“ ამასთან, საკასაციო პალატა, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, თანაბრად ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებებით და აფასებს, საბოლოოდ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა რამდენად პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობის, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის პარალელურად, მხედველობაში მიიღო ა. ვ-ის ოჯახური მდგომარეობა, რის საფუძველზეც საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ნაწილში მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა განუსაზღვრა.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. ვ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი