საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 19.11.2021
საქმის ნომერი
2კ-525აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№525აპ-21 ქ. თბილისი

ზ. გ., 525აპ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას, ასევე – მსჯავრდებულ გ. ზ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის – ნ. ბ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. კ-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით გ. ზ – - – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე და სსკ-ის 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 3 ივლისიდან იმავე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ-მ ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

· 2020 წლის 1 ივლისს, საღამოს საათებში, ნ. ს., მ. მ., დ. თ., გ. ჟ., გ. ზ., ლ. გ., და ვ. ზ., იმყოფებოდნენ ქ. წ-ში, რ-ის ქ. №--ში მდებარე ფ-ის შენობის სახურავზე, რის შემდეგაც ქალაქში გაისეირნეს ავტომანქანებით, რომლებსაც მართავდნენ ლ. გ. და ვ. ზ. მათ გადაწყვიტეს, „დამალობანას“ სათამაშოდ მისულიყვნენ ქ. წ-ში, წ-ის ქ. №--ში მდებარე ყოფილ სავაჭრო ცენტრ „მ-ის“ შენობაში. ვ. ზ-მ თამაშზე თავიდანვე თქვა უარი, ხოლო დანარჩენებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, თამაში დაიწყეს მხოლოდ შენობის მესამე სართულზე. მ. მ. და ლ. გ. დაიხუჭნენ; ნ. ს., დ. თ., და გ. ზ. შენობაში დაიმალნენ ერთი მიმართულებით, ხოლო გ. ჟ. – საპირისპირო სივრცეში. დაახლოებით 20:15 საათზე ნ. ს. ჩავარდა დაულუქავი და ღიად დატოვებული ლიფტის შახტში, რაზედაც გ. ზ-მ დაიწყო ყვირილი და ნ. ს-ის შახტში ჩავარდნის შესახებ პირველმა გააგებინა იქ მყოფ პირებს. ნ. ს. ადგილზე გარდაიცვალა, რის შემდეგაც გ. ზ-მ დ. თ-ეს, გ. ჟ-ს, ლ. გ-სა და მ. მ-ს უთხრა, რომ იყო ნასამართლევი, მას და ვ. ზ-ს ჰქონდათ პრობლემები, რის გამოც სჯობდა, ისინი არ გამოჩენილიყვნენ და პოლიციისათვის ყველას ეთქვა, რომ გ. ზ. და ვ. ზ. მომხდარის დროს სავაჭრო ცენტრის შენობაში არ იმყოფებოდნენ, ხოლო ნ. ს. და მ. მ. საპირფარეშოში შესვლის მიზნით ავიდნენ სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე, რა დროსაც ნ. ს. შახტში ჩავარდა.

· წ-ს რაიონულ სამმართველოში აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, 2020 წლის 2 ივლისს, მოწმის სახით გამოკითხულმა გ. ზ-მ, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნითა და პირადი მოტივით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნ. ს-ის შახტში ჩავარდნის დროს სავაჭრო ცენტრ „მ-ის“ შენობაში არ იმყოფებოდა, კერძოდ, აჩვენა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, იგი სოფელ გ-იდან „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წ-ში წამოიყვანა ბიძაშვილმა ვ. ზ-მ; დაახლოებით 20:25 საათზე ქ. წ-ში, წ-ის ქუჩაზე, ძველ სავაჭრო ცენტრ „მ-ის“ შენობასთან დაინახა ანერვიულებული დ. თ. და ლ. გ.; ბიძაშვილს სთხოვა, გაეჩერებინა ავტომანქანა და მივიდა მათთან, იქვე იყო მ. მ-ც, რა დროსაც გაიგო, რომ ნ. ს. მესამე სართულზე შახტში ჩავარდა. ამავე საქმეზე 2020 წლის 3 ივლისს მოწმის სახით კვლავ გამოიკითხა გ. ზ. და ამჯერადაც პირადი მოტივით, მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, კერძოდ, განმარტა, რომ „დამალობანას“ თამაშის დროს მას არ შეუნიშნავს, თუ როგორ ჩავარდა ნ. ს. ლიფტის შახტში და ამის შესახებ გაიგო შენობაში ნ. ს-ის ძებნის პროცესში. გ. ზ-მ ასევე იცრუა და აჩვენა, რომ მისი ინიციატივა არ ყოფილა და არც უთხოვია სხვა პირებისათვის, რომ სამართალდამცავებისათვის დაემალათ რეალური გარემოებები, კერძოდ, მათთვის არ უთქვამს, რომ იყო ნასამართლევი, ბიძაშვილთან – ვ. ზ-სთან ერთად პოლიციასთან ჰქონდა პრობლემები და „არ აწყობდა“, დაფიქსირებულიყო ტრაგედიის მომენტში მათი სავაჭრო ცენტრ „მ-ის“ შენობაში ყოფნის ფაქტი.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ირინე მჟავია საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. ზ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დაცვის მხარე – გ. ზ-სათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნას, რაც სრულად ჩაეთვლება პირობით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მხარეები ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ზ-ის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებული მუხლით მსჯავრდება).

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულმა პროპორციულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთან, სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ზ-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი (რაც შეუმცირა ერთი მეოთხედით და ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი შეცვლის საფუძველი პალატას არ გააჩნია. სასამართლოს ასევე მიზანშეუწონლად მიაჩნია გ. ზ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებულ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნა.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირინე მჟავიას, ასევე – მსჯავრდებულ გ. ზ-ის, მისი კანონიერი წარმომადგენლის – ნ. ბ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების – გ. კ-ისა და ი. შ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე