საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.03.2022
საქმის ნომერი
2კ-850აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002989387

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №850აპ-21 ქ. თბილისი

ზ-ე მ, 850აპ-21 31 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ. ზ-ს ბრალად დაედო ნ. ბ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობა (ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით), რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 30 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტში, ქვედა ს-ის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ზ-მ, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან - თოფიდან ნ. ბ-ს მიმართულებით დროის მცირე ინტერვალში გაისროლა ორჯერ, რითაც თავისა და კისრის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. დაჭრილი ნ. ბ. ბ-ს რეფერალურ საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

მ. ზ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.

მ. ზ, - დაბადებული .... წლის .. დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა მ. ზ-ს მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 6 თვით.

მ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 მარტიდან.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის განაჩენით აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის, რამაზ შავაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ვ. ხ-ა და მ. მ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენი მ. ზ-ს მიმართ გაუქმდა:

მ. ზ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით მ. ზ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი დარჩა ძალაში. მ. ზ-ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით მოხდილი სასჯელიდან 1 წელი და 6 თვე.

მ. ზ. დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

გამართლებულს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

4. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, მ. ზ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19.108-ემუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ანალიზი ცხადყოფს, რომ ნ. ბ-ს მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სწორედ მ. ზ-მ გაისროლა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მითითებული გარემოებები თანხვდენილია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. დაცვის მხარეს გამოძიების სტადიასა და სასამართლოში არ დაუფიქსირებია პრეტენზია იმის თაობაზე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ბრალდებულის თანხმობის გარეშე, იძულებით, მოტყუებით, ან/და სხვა უკანონო საშუალებით ჩატარდა; ამიტომ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა და მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცებულების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, არ არსებობს. ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა და მისი კავშირი საქმისათვის მნიშვნელოვან ნივთებთან არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე მტკიცებულებით დასტურდება, მათ შორის - ბიოლოგიური, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც უტყუარობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

5. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ მ. ზ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ვ. ხ-ა და მ. მ-მ წარმოადგინეს შესაგებელი, რომლითაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

5.1. შესაგებლის თანახმად, დაზარალებულმა ნ. ბ-მ განაცხადა, რომ 2019 წლის 30 მარტს სოფელ ქვედა ს-ი იგი მ. ზ-ს არ დაუჭრია. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული საგნების განლაგება ეწინააღმდეგება საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმში მითითებულ ინფორმაციას, ამავე საგნების მდებარეობასა და განლაგებაზე. გამოძიების პროცესში ამოიღეს მ. ზ-ს ტანსაცმელი, რომელზეც დენთის კვალი არ აღმოჩნდა. უცნობი რჩება, ნ. ბ-მ დაზიანებები შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრებით მიიღო, თუ სხვა იარაღიდან გასროლილი მასრებით. ასევე, დაუდგენელია ამოღებული მასრები შემთხვევის დღეს გაისროლეს, თუ მანამდე.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიმოიხილავს, როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფ პირთა ჩვენებებს, ისე იმ წერილობითი სახის მტკიცებულებებს, რომელთა შინაარსი პროკურორის მოსაზრებით, ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმის მტკიცებისათვის, რომ მ. ზ-მ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩაიდინა, კერძოდ:

10. დაზარალებულმა ნ. ბ-მ უარყო მ. ზ-ს მიერ მისი დაჭრის ფაქტი და მიუთითა, რომ მასთან არც ურთიერთობა ჰქონია და არც - კონფლიქტი; მეტიც, მას საერთოდ არ იცნობს. თავად ბრალდებულმა მ. ზ-მ საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ მომხდარი ფაქტის თაობაზე მან არაფერი იცის.

11. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მოწმეებს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, ისინი აგრეთვე არ მიუთითებენ მ. ზ-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, კერძოდ:

მოწმე გ. კ-მ სასამართლო სხდომაზე უარყო შემთხვევის ადგილზე მ. ზ-ს ყოფნის ფაქტი და მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს ის და ნ. ბ. ერთად მიდიოდნენ სოფელ სა-ის სკოლისკენ და ამ დროს ისროლეს, რის გამოც დაიბნა და გაიქცა. გასროლის შედეგად დაიჭრა ფეხში. პოლიციის სამმართველოში გამოკითხვისას ეუბნებოდნენ, მ. ზ-ემ გესროლაო, მაგრამ მასთან მეგობრობს და თქვა, რომ ის არ ესროდა. მ. ზ. საერთოდ არ დაუნახავს შემთხვევის ადგილზე.

მოწმე მ. მ. გამოძიების სტადიაზე მიუთითებდა, რომ პირველი გასროლისა და გ. კ-ის დაჭრის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან გაქცეულ ნ. ბ-ს მ. ზ. დაედევნა (რომელსაც ხელში ერთლულიანი სანადირო თოფი ეჭირა). სასამართლო სხდომაზე მოწმემ განაცხადა, რომ გამოკითხვისას მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს. ამასთან, მ. მ-მ განაცხადა, რომ შემთხვევის დღეს სოფელ ზედა ს-ს სკოლასთან შეხვდა ნ. ბ-ს, რა დროსაც ისროლეს. ნ. ბ. ქვედა, ხოლო თვითონ ზედა მხარეს გაიქცა და ამის შემდეგ რა მოხდა, არ იცის. მ. ზ. შემთხვევის ადგილზე არ დაუნახავს.

მოწმე ბ. ბ-ს არც გამოძიებაში და არც სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას არ განუცხადებია, რომ მ. ზ. დაინახა შემთხვევის ადგილზე (მოწმე მ. ზ-ს პირადად არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ მისი მეზობლის შვილია).

მოწმე ბ. ბ-მ არ დაადასტურა პროკურორის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი და სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე იგი არ ყოფილა; ამავე დღეს მას მ. ზ, გ. კ. და ნ. ბ. არ უნახავს.

საქმეში წარმოდგენილი სხვა მოწმეების, მათ შორის - მ. ბ-ს, გ. ბ-ს, რ. შ-ს ჩვენებებით, აგრეთვე არ იკვეთება მ. ზ-ს ბრალეულობა.

12. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ წერილობითი სახის მტკიცებულებებს, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნებს, საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებს, ისინი აგრეთვე არ ქმნიან ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშაკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ:

ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №....... დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულ ერთ მასრასა და დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი მ. ზ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია, ხოლო პისტოლეტისმაგვარ იარაღზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ნ. ბ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი მითითებულია: მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების ლოკალიზაციაზე; ფაქტზე, რომ დაზიანებები განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარღიდან ჭურვის /ჭურვების/ ზემოქმედებით; აგრეთვე - დაზიანების სიმძიმის ხარისხზე.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებისათვის, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულ ნ. ბ-ეს უშუალოდ მ. ზ-მ ესროლა. ხსენებული მტკიცებულებები მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ მ. ზ-ს შეხება ჰქონდა იმ ნივთებთან, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, მაგრამ არ ადასტურებს უშუალოდ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლის ქმედების ობიექტურ და სუბიექტურ შემადგენლობას.

ამასთან, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და უთითებს, რომ, ზოგადად, საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად (მაგალითისათვის იხ. №424აპ-16, №561აპ-15, №682აპ-21 გადაწყვეტილებები), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს გარკვეულ შემთხვევებში პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებითი ძალა გააჩნია. საკასაციო სასამართლომ №682აპ-21 განაჩენში მიუთითა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის გაზიარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს იმგვარი მოცემულობა, როდესაც: ,,მოწმის/დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის აღდგენის პროცესში, საქმეზე დამატებით აღმოჩენილი იქნება რაიმე საგანი, დოკუმენტი, კვალი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ესე იგი, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ასახავდეს ჩვენებისგან დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას, რომლის რეალურობაც სწორედ ამ საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში მოწმდება. მაგალითად, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას პირმა მიუთითა, თუ სად დამალა დანაშაულის საგანი, რომლის ნამდვილობა შემოწმდა, გამართლდა და გამომძიებლებმა იგი ამოიღეს.“

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოხსენებულ სისხლის სამართლის საქმეთა გარემოებები განსახილველი შემთხვევის მსგავსი არ არის. საქმეში წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის მიხედვით (შედგენილია: 2019 წლის 1-ლ აპრილს), მ. ზ-ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც მოხდა კონფლიქტი, სად ამოიღო ნ. ბ-მ, სავარაუდოდ, იარაღი, სად მოხდა გასროლა, საით გაიქცა ნ. ბ. და ა.შ.. აღსანიშნავია, რომ ამ საგამოძიებო ექსპერიმენტის საფუძველზე რაიმე სახის ნივთი, საგანი არ ამოღებულა; უშუალოდ ერთი მასრა, დანა და პისტოლეტისმაგვარი საგანი, რომლებზეც მითითებულია ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნაში, ამოღებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებამდე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, კერძოდ, 2019 წლის 30 მარტს.

13. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა 2019 წლის 30 მარტს მ. ზ-ს მიერ ნ. ბ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მოთხოვნას - მ. ზ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, ვინაიდან იგი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.

15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ვინაიდან ამ შემთხვევაში ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თორნიკე გოგეშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი