საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100121004673906
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №235აპ-22 ქ. თბილისი
ჩ. გ., 235აპ-22 14 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას სათანადოდ არ გაითვალისწინა გ. ჩ-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე, შედეგი და ასევე დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიცია, რომელსაც პრეტენზია გააჩნია მსჯავრდებულის მიმართ და ისე განუსაზღვრა მსუბუქი სასჯელი, რომელიც არ შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს განაჩენით გ. ჩ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 (ორი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საქმიანობის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 28 იანვრიდან.
მსჯავრდებულ გ. ჩ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჩ-მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, დანაშაული - გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით.
გ. ჩ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2020 წლის 27 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, .. არსებულ საავტომობილო გზაზე, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი გ. ჩ. მართავდა „VOLKSWAGEN LT” მარკის, სახელმწიფო ნომრით „ “, სატვირთო ავტომანქანას, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა, კერძოდ, არ გაითვალისწინა, რომ ავტომანქანის მართვისას შეერჩია ისეთი სიჩქარე, რაც საშუალებას მისცემდა გაეკონტროლებინა სატრანსპორტო საშუალება ისე, რომ დაცული ყოფილიყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა სავალი ნაწილის კიდესთან ქვეითად მოძრავ ვ. ე-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
4. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
- გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნატო ტორიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
- სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე უკან გაითხოვა სააპელაციო საჩივარი, რის გამოც იგი დარჩა განუხილველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ. ჩ-სათვის სასჯელის გამკაცრების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (გ. ჩ-მა ჩაიდინა გაუფრთხილებელი კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა და მოინანია, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, წარსულში არ არის ნასამართლევი), პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არარსებობა, ასევე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, ამავე კოდექსის სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლის სავალდებულო წინაპირობები და გ. ჩ-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნატო ტორიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი