ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 030141222005474317
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
N101-22 10 მარტი, 2022 წელი
კ–ე ჰ., 101-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ლაშა ცქვიტარიას
ადვოკატ - თ. ს–ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს საკასაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ჰ. კ–ე, - დაბადებული 1... წლის .....ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით. მასვე 1 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ჰ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 117–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. ამავე განაჩენით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების გამოყენებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჰ. კ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა ამავე სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჰ. კ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 11 წლით.
4. 2022 წლის 9 თებერვალს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ძებნილი მსჯავრდებულის - ჰ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ს–მ და მოითხოვა ჰ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
6. 2022 წლის 24 თებერვალს ადვოკატმა თ. ს–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მსჯავრდებულ ჰ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება, შემდეგ გარემოებათა გამო: მართალია, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს პროკურატურაა უფლებამოსილი მიმართოს სასამართლოს მსჯავრდებულის მიმართ ამნისტიის გამოყენების მოთხოვნით, მაგრამ განსახილველ შემთხვევში საქართველოს პროკურატურამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც ჰ. კ–მ ვერ ისარგებლა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.
7. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომა დაინიშნა 2022 წლის 10 მარტს, 14:00 საათზე.
8. 2022 წლის 10 მარტს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ წერილობით წარმოადგინა პოზიცია, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ბრალდებას მიზანშეწონილად მიაჩნია, ჰ. კ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოქმედება, ხოლო ადვოკატმა თ. ს–მ მოითხოვა ჰ. კ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გავრცელება.
9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამნისტიის კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
11. განსახილველ შემთხვევაში ჰ. კ–ს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საბოლოო სასჯელი განესაზღვრა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, შესაბამისად, ამნისტიის კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.
12. საქმის მასალებით დგინდება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით ჰ. კ–ე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებითა (2001 წლის ივლისში მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელსაც დამატებული აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. ჰ. კ–სთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ანალიზი ცხადყოფს, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის მოქმედება, შესაბამისად, მსჯავრდებულ ჰ. კ–ეს ¼-ით უნდა შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც დამატებული აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ს–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 თებერვლის განჩინება.
3. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი.
4. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ¼-ით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს ¼-ით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 335-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვროს 2 (ორი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით ჰ. კ–ს განესაზღვროს 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. მსჯავრდებულ ჰ. კ–ეს ¼-ით შეუმცირდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სასჯელი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა (რაც დამატებული აქვს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრულ სასჯელს) და განესაზღვროს - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. საბოლოოდ აღნიშნული სასჯელები შეიკრიბოს და განაჩენთა ერთობლიობით ჰ. კ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. მსჯავრდებულ ჰ. კ–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
11. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სანდოძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე